მენიუ

ნუცა გრიგალაშვილის წერილი აბიტურიენტებს

ნუცა SANGU-ს ფსიქოლოგიის საბაკალავრო პროგრამის კურსდამთავრებულია, ამჟამად ამავე უნივერსიტეტის სასწავლო პროცესის რეგულირებისა და სტუდენტთა მომსახურების სამმართველოში მუშაობს სპეციალისტად.

მოგესალმებით რეალურ სამყაროში.

აბიტურიენტობისას ინტუიტურად ვხვდებოდი, რომ შემდეგი 4 წელი თვითგანვითარებისთვის და შემეცნებისთვის უნდა დამეთმო. მაშინ ყველაზე ნაკლებ თვალსაჩინოდ აღვიქვამდი ფსიქოლოგიას, როგორც პროფესიას, რომელიც დახუნძლული იქნებოდა განსაზღვრული მოვალეობითა და სამომავლო საქმიანობით. ამიტომ, ვფიქრობდი, რომ ამ სფეროში ყოველგვარი მიზეზის გარეშეც შემეძლებოდა სწავლა. ვამბობდი, რომ ახლა იმიტომ ჩავაბარებ წმ. ანდრიას ქართულ უნივერსიტეტში ფსიქოლოგიურზე, რომ გავიგო რა მინდა-მეთქი. ბევრისთვის გაუგებარი და წარმოუდგენელი იყო, თუ როგორ არ ვიცოდი „ოქროს მედალოსანმა“, რა მინდოდა.

დასაქმების რთული სისტემის მქონე ქვეყანაში ჩემი განაცხადი იმის შესახებ, რომ მე უბრალოდ ჩავაბარებდი სწავლისთვის და იმის გაგებისთვის, თუ რა მინდოდა და არა იმისთვის, რომ დავსაქმებულიყავი, აღმაშფოთებელი აღმოჩნდა მართლა კეთილისმსურველებისთვისაც კი.

მაშინ ეჭვი საკუთარ თავში მეც მეპარებოდა, ხან ვფიქრობდი ამით პასუხისმგებლობებს ხომ არ გავურბივარ-მეთქი. სინამდვილეში კი ძალიან კარგად იცოდა ჩემმა „მე“-მ რა მინდოდა, საკუთარ თავად ყოფნა გადამიწყვიტავს. მე კიდევ ამ ავთენტური გადაწყვეტილების შელამაზებულ და რაციონალურ ახსნებს ვეძებდი. საქმე იმაშია, რომ მაშინ ამ ყველაფრის სწორად ვერბალიზაცია არ შემეძლო.
ახლა კი...

გაგიკვირდებათ რასაც გეტყვით, მაგრამ 5 წელი ვემზადებოდი თქვენთან „შესახვედრად“, ამიტომ მინდა პირდაპირი და გულწრფელი ვიყო. მოკლედ, მნიშვნელობა არ აქვს ახლა რა პროფესიას აირჩევთ. მნიშვნელობა არ აქვს პირველს, მეორეს თუ მესამეს რას დაწერთ, რამდენი ქულა აიღეთ, კმაყოფილი ხართ, თუ არა.

ადამიანი ყოველთვის მეტს მოელის, არა მხოლოდ საკუთარი თავისგან, არამედ მთელი სამყაროსგანაც. თუმცა, ეს მეტი რა არის, უმრავლეს შემთხვევაში, არც მან იცის და ხანაც რაღაც არსებულის საპირისპიროს, ან შედარებით უკეთეს მდგომარეობას ასახელებს. რეალურად კი ეს „მეტი“ თავად შენ ხარ, შენში არსებული ნამდვილი „მე“ და თუ საკუთარ თავად ყოფნას გადაწყვეტ, იმ „მეტამდეც“ მიხვალ, რომელიც სამყაროზე მშვენიერია.
რომანტიულად რომ არ ჟღერდეს ჩემი წერილი, იმის გაზიარებით გავაგრძელებ, თუ რას გვირჩევენ პროფორიენტაციის სპეციალისტები.

საზოგადოდ ცნობილია მარტივი სავარჯიშო, რომელიც მოიცავს შემდეგ სამ კითხვას, რაც პროფესიის არჩევისას უნდა დავუსვათ საკუთარ თავს: 1) მინდა ეს პროფესია? 2) რა შემიძლია?/რა უნარებს ვფლობ? 3) რამდენად საჭიროა ეს პროფესია დღეს? მიიჩნევენ, რომ ამ კითხვებზე პასუხების თანაკვეთა იქნება ის პროფესია, რომელიც თან შემოსავალს მოგვიტანს, თან შეგვეძლება იმ საქმიანობის შესრულება, რაც ყველაზე კარგად გამოგვდის და თან, ჩვენი სურვილის დაკმაყოფილების ფონზე, ბედნიერს გაგვხდის.

მოგეხსენებათ, არაფერია მუდმივი. დღეს არსებული აქტუალური პროფესია, შესაძლოა, ხვალ სულ გაქრეს. დღეს რაც გვინდა, არაა სავალდებულო მომავალშიც ის გვინდოდეს. ახლა რა უნარებიც გვაქვს, 4 წლის შემდეგ რომ გაგვიუმჯობესდება, ან სხვას აღმოვაჩენთ, საკუთარ თავს ახალი პერსპექტივით შევხედავთ. მაგალითად, ჩემთვის იმ უნარების გაუმჯობესება უფრო საინტერესოა, რაც მეხმარება საკუთარ თავში მთლიანობის შესავსებად. ბევრი წვალების შედეგად ახალი უნარის გაუმჯობესების ფონზე განცდილი სიხარული დედამიწაზე მეტია. სამართლიანი იქნება თუ იტყვით, ასე ხომ შეიძლება უფრო ჩიხში შეგვიყვანო და რაღას გვწერდიო. ამიტომ, აქვე დაგიტოვებთ შენიშვნაზე პასუხს.

სინამდვილეში, დღეს იქნება თუ ხვალ, ამას არ აქვს მნიშნელობა, თქვენ უნდა გადაწყვიტოთ საქმეში სრულყოფილება გინდათ თუ არა. ეს კი, ზემოთ ვითომ და შემთხვევით ნახსენებ, საკუთარ თავში არსებულ „მე“-ზე მეტია. ის რაღაც, რაც ჩვენში ჩვენზე მეტია სრულყოფილებაა. საკუთარ თავში ავთენტურობის განცდისა და მთლიანობის აღმოჩენის შედეგად ადამიანს შეუძლია ყველაფერში თანაბრად საუკეთესო იყოს. თუ ერთ სფეროში იქნებით სრულყოფილი, აუცილებლად შეძლებთ სხვა პროფესიაშიც სრულყოფილებას, რადგან თქვენ უკვე მისული იქნებით „ნამდვილ მე“-მდე.

არცერთი ცოდნა თუ ახლად შეძენილი უნარი გამოუსადეგარი არ დაგრჩებათ. დღეს მით უფრო საინტერესო ხარ, რაც უფრო მეტად შეინარჩუნებ ინდივიდუალიზმს. სხვადასხვა ტიპის პროფესიების კომბინაციები კი ყოველთვის მოთხოვნადი იქნება. არ უარვყოფ იმას, რომ ერთ საქმეში სრულყოფა კარგი არაა, მაგრამ, არც ისაა საშიში, თუ სამშენებლოზე სწავლიდან უცბად ფოტოგრაფიაში გადანაცვლება მოგვინდება. პირიქით, უკეთესს გეტყვით, მათემატიკურ ფორმულასა და მუსიკაში ერთი და იგივე კანონზომეირება, ჰარმონია და წესრიგია.

ისიც აუცილებლად უნდა გვახსოვდეს, რომ ნებისმიერი პროფესია მოიცავს რუტინას. ოქროს აღმოჩენისთვის სიღრმეში თხრაა საჭირო. ასეა ნებისმიერი სხვა საქმიანობაც, ზოგჯერ ერთ წერტილში დიდი ხნის ყოფნის შემდეგ შეგვიძლია სრულყოფილებამდე, სხვაგავრად, რომ ვთქვათ, შემოქმედებითობამდე მისვლა. ისეთი პროფესიებიც კი, როგორიცაა, მხატვრობა, თუ მუსიკოსობა, მოითხოვს რუტინას. ჩვენ თუ გადაწყვეტილი გვაქვს საქმის სრულყოფა, პროცესი შედარებით უმტკივნეულოდ ჩაივლის.

ახლა რა გადაწყვეტილებაც არ უნდა მიიღოთ, რომელი პროფესიაც არ უნდა აირჩიოთ, ის აუცილებლად იქნება სწორი, თუ გულისა და გონების თანამკვეთ წერტილს დაიჭერთ. იმასაც გაგიმხელთ, რომ ამ წერტილის მიგნებას მხოლოდ და მხოლოდ გულწრფელობით შეძლებთ.

რა გადაწყვეტილებაც არ უნდა მიიღოთ, ის რაც თქვენი ნაწილია, აუცილებლად იქნება სიკეთის მომტანი, ხოლო, რასაც „დააკოპირებთ“ - აუცილებლად იქნება ბოროტი. ვინაიდან, რაც თქვენი ნაწილი არაა, ვერ აიღებთ იმაზე პასუხისმგებლობას. მხოლოდ და მხოლოდ შიგნიდან წამოსულ სურვილებზე შეძლებთ პასუხისმგებლობის აღებას. არადა, პასუხისმგებლობა და შემოქმედებითობა ერთი ნავის ორი ნიჩაბია.

გისურვებთ, თქვენი ფასეულობების შესაბამის სფეროში დასაქმებას. სწავლით კი - რაც არ უნდა ისწავლოთ ყველაფერი გამოგეყენებინოთ ერთი მთავარი კითხვის ამოსახსნელად, როგორიცაა „ვინ ვარ მე?“.

პ.ს. მხოლოდ შემეცნებისთვის სწავლის სურვილმა სამსახურის გარეშე არ დამტოვა, მეორე კურსიდან ვმუშაობ სხვადასხვა მიმართულებით, თუმცა, SANGU-ში მიღებულმა ფსიქოლოგიის ცოდნამ გამომიმუშავა ყველაფერში საკუთარი თავის გამოხატვის უნარი, რისთვისაც მუდამ მადლიერი ვიქნები.

გააზიარე

მთარგმნელ-თარჯიმანთა უმაღლესი სკოლა

Learn More

სწავლის შეღავათიანი პირობები

აირჩიეთ SANGU პირველ, მეორე ან მესამე ნომრად და ისარგებლეთ ფინანსური მხარდაჭერით
Learn More

მასწავლებლის მომზადების 60 კრედიტიანი პროგრამა

მასწავლებლის მომზადების 60 კრედიტიანი პროგრამა
მეტის ნახვა