მენიუ

ინტერვიუ ევა გოცირიძესთან

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრი ევა გოცირიძე SANGU-ს სამართლის საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელია

წმ. ანდრიას ქართული უნივერსიტეტის პროფესორი, იურიდიულ მეცნიერებათა კანდიდატი, საერთაშორისო სამართლის დოქტორი, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრი ევა გოცირიძე SANGU-ს სამართლის საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელია.


როგორია მისი სამუშაო გამოცდილება ამ მიმართულებით, რა ხედვები აქვს სამართლის სწავლების თავისებურებების შესახებ და რა საინტერესო რჩევებს აძლევს ამ სფეროთი დაინტერესებულ სტუდენტებს ინტერვიუდან შეიტყობთ.

მოგესალმებით ქალბატონო ევა!
მოგესალმებით.

როდის და რატომ დაინტერესდით სამართალმცოდნეობით როგორია თქვენი სამუშაო გამოცდილება ამ მიმართულებით?
რა გითხრათ, ინტიუტიურად ბავშვობიდანვე ვგრძნობდი, რომ ადრე თუ გვიან იურისპრუდენციის სფეროში ვიქნებოდი, თავი ყოველთვის მოსამართლედ წარმომედგინა, მომწონდა მსჯელობა, ზუსტი არგუმენტების მოძიება, ლოგიკის წესები, ცოტა ფილოსოფია და ფსიქოლოგიაც. შემდეგ აღმოვაჩინე, რომ იურისპრუდენცია, მეტად თუ ნაკლებად, ამ ყველაფერს აერთიანებდა. თუმცა, გადამწყვეტი მნიშვნელობა იქონია სკოლის დამთავრების შემდეგ მუშაობის დაწყებამ საქართველოს უზენაეს სასამართლოში, სადაც გამამწესეს სისხლის სამართლის კოლეგიაში. ეს იყო შესანიშნავი გარემო იურიდიულ სფეროში პირველი ნაბიჯების გადასადგმელად. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ უზენაესი სასამართლოს მაშინდელმა თავმჯდომარემ ა. კარანაძემ უნივერსიტეტს სთხოვა, რომ იქ გავენაწილებინე სამუშაოდ (მაშინდელი სისტემა კურსდამთავრებულთა დასაქმებას უზრუნველყოფდა). ამის შემდეგ გავხდი უზენაესი სასამართლოს მთავარი კონსულტანტი, სასამართლო პრაქტიკის განყოფილების უფროსი. კონკურსში გამარჯვების შედეგად მოვიპოვე აშშ-ს მთავრობის გრანტი ახალგაზრდა მეცნიერებისათვის და გავემგზავრე უეინის სახელმწიფო უნივერსიტეტში (მიჩიგანი) აკადემიური საქმიანობისთვის. იქ დავამუშავე იმ დროისათვის ჩვენში სრულიად შეუსწავლელი და იმავდროულად ძალზე აქტუალური (რამდენადაც კონსტიტუციამ შემოიღო) იმპიჩმენტის ინსტიტუტი. 1998 წელს ამირჩიეს საქართველოს იუსტიციის საბჭოს წევრად. ეს იყო საბჭოს პირველი შემადგენლობა მისი დაარსებიდან და მე გახლდით ერთადერთი ქალი საბჭოში. მაშინ იუსტიციის საბჭო პრეზიდენტის სათათბირო ორგანო იყო და პრეზიდენტთან (ე. შევარდნაძე) ტარდებოდა ხოლმე სხდომები. 1999 წლიდან უცხოეთში (საფრანგეთში) ვცხოვრობდი. ეს შემოქმედებითად ძალზე აქტიური პერიოდი იყო ჩემთვის. სწორედ ამ პერიოდში დავწერე არაერთი წიგნი, მრავალი სამეცნიერო სტატია, რომლებიც მნიშვნელოვან ეროვნულ თუ საერთაშორისო გამოცემებში არის გამოქვეყნებული; 2013 წელს, საქართველოში დაბრუნების შემდეგ, საქართველოს პარლამენტმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად ამირჩია. 2017 წლის დეკემბერში იურიდიულ პროფესიებში, ჩემი აზრით, ყველაზე მნიშვნელოვანი სტატუსი მოვიპოვე - საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლისა.

როგორი უნდა იყოს აღნიშნული დარგის სპეციალისტი, რომ სათანადო მომავალი თაობა აღზარდოს?
მას, უწინარესად, საფუძვლიანი ცოდნა უნდა გააჩნდეს შესაბამის დარგში. მნიშვნელოვანია, რომ პროფესორისათვის ცნობილი იყოს, რა არის მოქმედი სამართალი, როგორ გამოიყენება იგი პრაქტიკაში სამართლის შემფარდებლის მიერ; რა ხარვეზები არსებობს შესაბამის სფეროებში და როგორ უნდა მოხდეს მათი გამოსწორება; არანაკლებ მნიშვნელოვანია პროფესორს შეეძლოს კონკრეტული სამართლის დარგისა თუ ცალკეული საკითხების სისტემურად გააზრება - სამართლის სხვა დარგებთან, სხვა, არსებულ თუ სამომავლო პრობლემებთან მიმართებაში; ლექტორს ფართო თვალსაწიერი უნდა გააჩნდეს და არ იყოს ჩაკეტილი თავისი დარგით; იგი მუდმივად უნდა ეცნობოდეს სიახლეებს სამართლის ყველა დარგში; ასევე მნიშვნელოვანია, რომ ლექტორს სიღრმისეული თუ არა, გარკვეული ცოდნა გააჩნდეს შესაბამის საკითხებში საერთაშორისო სტანდარტების, ანდა სხვა ქვეყნების სამართლის სპეციფიკის შესახებ.

სამართლის სფეროში წარმატებული საქმიანობისთვის რა უნარებია საჭირო?
საგნის სიღრმისეული ცოდნა აუცილებელია, მაგრამ საკმარისი არ არის. მნიშვნელოვანია გადმოცემის უნარი; ლექტორი გასაგებ ენაზე და მისაღები ტემპით უნდა საუბრობდეს, რათა სტუდენტს თქმულის ადეკვატურად აღქმა გაუადვილოს. პროფესორმა მხოლოდ სამართლის ესა თუ ის დარგი კი არ უნდა შეასწავლოს სტუდენტს, არამედ იურიდიული კატეგორიებით აზროვნება, სამართლებრივი დოქტრინები და კონცეფციები, სამართლებრივი ორიენტირების მოძიება, საკითხის ანალიზის წესები, გამოსაყენებელი კრიტერიუმები; კრიტიკული და ცნებითი აზროვნება, სამართლებრივი ტერმინოლოგია და მათში მოაზრებული სამართლებრივი შინაარსი; დამოუკიდებელი განსჯის უნარი, მათ შორის, სამართლებრივი აქტების კომენტირებისა თუ სასამართლო გადაწყვეტილებების ანალიზის მეშვეობით. პროფესორი უნდა ცდილობდეს შესაბამისი თეორიული საკითხის პრაქტიკული მნიშვნელობა დაანახოს სტუდენტს და ამა თუ იმ გზით საინტერესო გახადოს და „გააცოცხლოს“ ნებისმიერი თემა. არანაკლებ მნიშვნელოვანია სწორი კომუნიკაცია სტუდენტებთან ლექციის დროს თუ სემინარებისას, ინტერაქცია.

რას შეისწავლიან SANGU-ს სამართლის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტები?
სხვა უნივერსიტეტებისაგან განსხვავებით, მნიშვნელოვანი პრივილეგიაა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის სამართლის სიღრმისეული შესწავლის შესაძლებლობა. მას ჩვენ სავალდებულო საგნის სტატუსი მივანიჭეთ. მისი შესწავლის შემდეგ სტუდენტს ექნება საკმაოდ ფართო წარმოდგენა და სერიოზული ცოდნა ადამიანის უფლებათა დაცვის თანამედროვე ევროპული სტანდარტების თაობაზე.
დიდი ყურადღება ეთმობა უცხო ენის (განსაკუთრებით ინგლისურის) შესწავლას. სავალდებულოდაა მიჩნეული B2 დონის მიღწევა. სულ ახლახან გადაწყდა სამართლებრივი ინგლისურის (ინგლისური სამართლებრივი ტერმინოლოგიის) სწავლება უკვე საბაკალავრო პროგრამის ფარგლებშიც (სამაგისტრო პროგრამაში ეს კარგა ხანია უკვე არსებობს).
სწავლების პროცესის პარალელურად, უზრუნველყოფილია პროფესიული ორიენტაციის პროგრამა, რაც გულისხმობს ცალკეული იურიდიული პროფესიების ახლოს გაცნობას, ადვოკატის, პროკურორის, მოსამართლის, ნოტარიუსის, ადამიანის უფლებათა დამცველის და სხვ. მოწვევას სტუდენტებთან შესახვედრად. ამგვარი შეხვედრებით სტუდენტები ეცნობიან შესაბამისი პროფესიის სპეციფიკას.
ძალზე მნიშვნელოვანია ისიც, რომ უნივერსიტეტი ზრუნავს კურსდამთავრებულთა დასაქმებისათვის.

რას ურჩვევთ სტუდენტებს, რომლებიც სამართლის პროფესიას ეუფლებიან. როგორ წარმართონ და გამოიყენონ სასწავლო პერიოდი სწორად?
პირველ რიგში, მათ ვურჩევდი, იურისტის პროფესია შეიყვარონ. საზოგადოების კეთილდღეობა მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული იმ სამართლებრივ სისტემაზე, რომელსაც იურისტები ქმნიან და მოქმედებაში მოჰყავთ. ძალიან მინდა ჩვენი უნივერსიტეტის სტუდენტებმა ეფექტიანად გამოიყენონ სწავლის პერიოდი; საკითხის არსს ჩაწვდნენ, იურიდიული კატეგორიებით აზროვნება ისწავლონ, წერითი და მეტყველების უნარები გაიუმჯობესონ, საერთო განათლების დონე აიმაღლონ.


რას ურჩევთ თქვენს სტუდენტებს, როგორ გახდნენ სამართლის წარმატებული პროფესიონალები?

წარმატების ფორმულა განსხვავებული ადამიანებისათვის განსხვავებული შეიძლება იყოს, გააჩნია მათ შესაძლებლობებს, უნარებს, გარემოს და ა. შ. ჩემი აზრით, მთავარი მაინც პასუხისმგებლობის გრძნობაა. პასუხისმგებლიანი ადამიანები შრომისმოყვარენიც არიან. ეს ორი თვისება ერთობლიობაში, ჩემი აზრით, უკვე არის წარმატების ფორმულა, ხოლო თუ ამას კიდევ ცოტა ნიჭიერება და შემოქმედებითი უნარიც დაემატება, მაშინ ნებისმიერი მწვერვალის დალაშქვრა გახდება შესაძლებელი.

დიდი მადლობა, წარმატებებს გისურვებთ.
გმადლობთ.


მოამზადა ნინო აბრამიშვილმა

გააზიარე

მთარგმნელ-თარჯიმანთა უმაღლესი სკოლა

Learn More

სწავლის შეღავათიანი პირობები

აირჩიეთ SANGU პირველ, მეორე ან მესამე ნომრად და ისარგებლეთ ფინანსური მხარდაჭერით
Learn More

მასწავლებლის მომზადების 60 კრედიტიანი პროგრამა

მასწავლებლის მომზადების 60 კრედიტიანი პროგრამა
მეტის ნახვა