მენიუ

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს დაბადებიდან 89 წელი შეუსრულდა

უნივერსიტეტის პროფესორ-მასწვლებლების, თანამშრომლების და სტუდენტების სახელით ვულოცავთ მის უწმიდესობას დაბადებიდან 89 წლის იუბილეს

თქვენო უწმინდესობავ! თქვენ მიერ დაარსებული წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის სტუდენტობა, პროფესორ-მასწავლებლები და თანამშრომლები გილოცავთ აღსაყდრებისა და დაბადების დღის ღირსსახსოვარ თარიღებს ერთი ბერძენი მღვდელმთავრის სიტყვებით, რომელმაც ამბიონიდან მოგმართათ: „მთელი ზეციური იერარქია ამაყობს თქვენით“; დავამატებდით, რომ ჩვენც ვამაყობთ ჩვენი დამფუძნებლით.
დღეგრძელობას გისურვებთ, მრავალჟამიერ!

 




ჩვენი უნივერსიტეტის თანასაზოგადოება გულწრფელი სიხარულით უერთდება თავისი დამფუძნებლის, საქართველოსა და მსოფლიოს მრავალი უნივერსიტეტისა და მეცნიერებათა აკადემიის საპატიო დოქტორის, უწმინდესი და უნეტარესი პატრიარქის, ილია მეორის აღსაყდრებისა და დაბადების დღის დღესასწაულებს, ვინც ამდენი გააკეთა ნებისმიერი თანამედროვე საზოგადოების სამი ბურჯის - სახელმწიფოს, უნივერსიტეტისა და ეკლესიის დაახლოებისა და ჰარმონიული ურთიერთობისათვის, რაც ქვეყნის სტაბილური განვითარებისა და მომავლის გამოწვევებისათვის მზაობის პირობაა. კვლავ ძალაშია თქვენი მთავარი მოწოდება, რომ განათლების სისტემაში აქცენტი გაკეთდეს „ანალიტიკური აზროვნების“ ანუ აზროვნებაზე აზროვნების განვითარებაზე. ყველა თაობის სამღვდელოებისა და ერისკაცთათვის სანიმუშოდ დარჩება თქვენი სიყვარული ფილოსოფიისადმი და ურთიერთობა ფილოსოფოსებთან, მეცნიერებთან, მხატვრული შემოქმედების მაესტროებთან.
კიდევ ერთხელ ვრწმუნდებით, რომ არა ასაკი ადამიანს, არამედ ადამიანი ამშვენებს თავის ასაკს. ჩვენ შემთხვევაში იმ ასაკს, რომელშიც, მაგალითად, იოანე ღვთისმეტყველმა შექმნა თავისი „გამოცხადება“, სოფოკლემ - თავისი მთავარი ნაწარმოები „ოიდიპოსი კოლონოსში“, ხოლო გრიგოლ ხანძთელმა დაიწყო თავისი აღმშენებლობითი მოღვაწეობის ახალი, ყველაზე ნაყოფიერი პერიოდი.


დიდხანს იყავით ერის იმედად.
თქვენო უწმინდესობავ და უნეტარესობავ, დიდი პატივისცემითა და სიყვარულით გილოცავთ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ტახტზე აღსაყდრებიდან 44-ე და დაბადებიდან 89-ე წლის იუბილეს. ეს ის ათეულობით წლებია, რომლებიც თქვენ ჩვენი ერისა და დედაეკლესიის, როგორც წმიდა ილია მართალი ბრძანებდა, ,,მამულისა და რჯულისათვის“ ბრძოლას, მათ გაძლიერებას და განმტკიცებას შეალიეთ.

ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავდით მომავალი თაობის სულიერ და ინტელექტუალურ ზრდასა და განვითარებაზე, რასაც გამორჩეულად ვგრძნობთ თქვენ მიერ დაარსებული წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის სტუდენტები, უნივერსიტეტის, რომელიც თქვენი ლოცვა-კურთხევით და მზრუნველობით იქცა მეცნიერებისა და სულიერების ერთ-ერთ მძლავრ კერად, სადაც ყველანაირი პირობაა შექმნილი სტუდენტის სწავლა-განვითარებისთვის, რისთვისაც განსაკუთრებით გიხდით მადლობას. მთელი გულით გისურვებთ ჯანმრთელობას, ბედნიერებას და მხნეობას. ღმერთმა მრავალ შობა-ახალ წელს დაგასწროთ. მრავალჟამიერ თქვენს პატრიარქობას!

 

პატრიარქის მიერ დაარსებული უნივერსიტეტის სტუდენტობა უდიდესი პასუხისმგებლობაა.
ჩვენ ყველას ჩვენი გოლგოთა გვაქვს გასავლელი, თითოეულს, ამ მძიმე ეპოქაში, და ერს, ერთად აღებულს. ღვთის შეწევნაა გამჭრიახი წინამძღოლი ამ რთულ გზაზე, სულიერი მამა, როგორც გულმხურვალე მლოცველი და თან საქმით მაგალითის მომცემი. მგონია, რომ ეს შეწევნა გვაქვს უწმინდესის სახით.

ილია II-ს გადარჩენის გზად ესახებოდა ყოველთვის რწმენით და ცოდნით შეიარაღებული ერი. ალბათ, სწორედ ამ მიზანს ემსახურებოდა პირველად საქართველოს ისტორიაში, საპატრიარქოს წიაღში შექმნილიყო საერო უნივერსიტეტი, რომელშიც ახალგაზრდები შეძლებდნენ სასურველი პროფესიის დაუფლებას და ამავდროულად არ დაივიწყებდნენ მთავარ ღირებულებებს.

2008 წლის 12 ოქტომბერს საზეიმოდ გაიხსნა საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტი. გახსნაზე უწმინდესმა სიტყვით მიმართა პროფესორ-მასწავლებლებს და სტუდენტებს: „ჩვენს ცხოვრებაში არის მოვლენები, რომლებიც აღემატება დღევანდელობას. ასეთი მოვლენის წინაშე ვდგავართ დღეს. ჩვენ ვიხსენებთ დავით აღმაშენებლის დროს, როდესაც იხსნებოდა გელათის, იყალთოს აკადემიები, ჩვენ ვიხსენებთ დავით აღმაშენებლის ოცნებას, რომ გელათის აკადემია უნდა ყოფილიყო მეორე იერუსალიმი თავისი სულიერებითა და მოღვაწეობით და „ახალი ათინა“ თავისი დიდი მეცნიერებით და აი, დღეს იხსნება საეკლესიო უნივერსიტეტი, რომელიც არის მემკვიდრე გელათის აკადემიისა...“

ეს სიტყვები განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას მიღვიძებს და ამავდროულად სიხარულს იმისა, რომ ამ უნივერსიტეტის ნაწილი ვარ. მინდა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, ილია II-ს ერთად მივულოცო აღსაყდრების დღე და 89 წლის იუბილე. ღმერთმა მისცეს ძალა და შეწევნა, კიდევ დიდხანს შეძლოს ქართული ეკლესიის ღირსეულ საჭეთმპყრობლად და ერის იმედად ყოფნა.

 

აღსაყდრებიდან დღემდე - ჩვენი ცოდვების მტვირთველი.
ჩემთვის, როგორც წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის მაგისტრანტის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის სახელობის სტიპენდიანტისა და, პირველ რიგში, როგორც ქართველი მართლმადიდებელი ქრისტიანისთვის, უდიდესი პატივია, რომ მაქვს შესაძლებლობა მივმართო მის უწმინდესობასა და უნეტარესობას მისი აღსაყდრებიდან 44 და დაბადებიდან 89 წლის იუბილესთან დაკავშირებით.
ზოგადად, ადამიანებს ხშირად ულოცავენ ხოლმე მათი ცხოვრების მნიშვნელოვან თარიღებს და ამ თარიღების ყოველწლიურ განმეორებას. თუმცა არსებობდნენ და არსებობენ ისეთი ადამიანები, რომელთათვისაც, ჩემი აზრით, მილოცვაზე უფრო სწორი იქნებოდა მადლობის გადახდა. ასეთი მოღვაწენი, ქართველი ერისა და საქართველოს ეკლესიის ერთმანეთისაგან განუყოფელ ისტორიაში მრავლად გვყოლია და სასიხარულოა, რომ დღეს, ჩვენი ქვეყნისთვის არცთუ სახარბიელო დროებაში კიდევ გვყავს. და თუ ასეთი ვინმე გაგვახსენდება, ეს, პირველ რიგში, სწორედ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორეა. სამადლობელ სიტყვებს, როგორც წესი, მილოცვაზე პასუხად ამბობენ ხოლმე და მე მინდა მივულოცო სრულიად საქართველოს, ერსა და ბერს და, მათ შორის, რა თქმა უნდა, საკუთარ თავს, ხოლო რაც შეეხება მადლობას, იგი ჩვენგან, ყველასგან, სწორედ მის უწმინდესობას ეკუთვნის, ადამიანურ ძალებს და გამძლეობას აღმატებული მრავალწლიანი დაუღალავი მუშაკობისათვის.
დაბადებიდან თითოეულ ადამიანს თავისი ტვირთი დაჰყვება თან, რომლის ზიდვაც გაჭირვებით, მაგრამ მაინც გვიწევს. მისმა უწმინდესობამ კი, დაწყებული 1977 წლის 25 დეკემბრიდან, არა მხოლოდ თავისი, არამედ სრულიად საქართველოს ცოდვები, სასოწარკვეთა, ცოცხალი თუ დახოცილი იმედები იტვირთა და მათ ზიდვას დღესაც განაგრძობს. Pპატრიარქობა, დიდ პატივთან ერთად, უფრო დიდი პასუხისმგებლობაა და თუ როგორ გაართვა და ართმევს თავს ამ ჩვეულებრივი მოკვდავისათვის წარმოუდგენელ სიმძიმეს უწმინდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II, იმ მრავლისმთქმელი მიღწევებიდან და უამრავ განსაცდელზე გაცემული პასუხებიდანაც ნათლად ჩანს, რომლებზეც ბევრი დაწერილა და კიდევ დაიწერება. ხალხსა და ეკლესიას შორის, ჯერ კიდევ რუსეთის იმპერიის დროიდან დაწყებული და საბჭოთა კავშირის დროს გაგრძელებული, ხიდჩატეხილობის დასრულება, ეკლესია-მონასტრების მშენებლობა-რესტავრაცია, სასულიერო და საერო განათლების კერების შექმნა-განვითარება, ყოველგვარი განსაცდელის დროს ერის გვერდით, მის ავანგარდში დგომა, საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის ავტოკეფალიის ცნობა და დამტკიცება, სულიერი შვილების შემწედ ყოფნა, განურჩევლად ამ უკანასკნელთა დამოკიდებულებებისა თუ მცირედმორწმუნეობისა - ეს იმ ღვაწლთა არასრული, მცირე ჩამონათვალია, რომელიც მისი უწმინდესობის სახელს უკავშირდება და რისთვისაც ყველანი მადლიერნი უნდა ვიყოთ მისი, მიუხედავად იმისა, რომ თვითონ არასოდეს უთხოვია მადლიერება და უფრო მეტიც, ადამიანისთვის ყველაზე დიდი ღირსებით, თავმდაბლობით უხვად შემკული, პატიობდა, პატიობს და მომავალშიც აპატიებს ჭეშმარიტების, ანუ უფლის გზას აცდენილ ადამიანებს, მიუხედავად მათი ცოდვებისა, და პირადად ჩემი გადმოსახედიდან, უპატიებელი ქმედებებისა. ხშირად გვსმენია, რომ მისმა უწმინდესობამ ,,სუდარაგადაფარებული ეკლესია ჩაიბარა.“ მე არ მახსოვს ასეთი ეკლესია და ამისთვისაც მადლობა მას, რადგან ქვეყანაში სულიერი ცხოვრების გამოფხიზლება-გაცოცხლებასთან ერთად, საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია აქცია ერის იმედად, რაც დრომ და ისტორიამ არაერთგზის გამოსცადა და თვალნათლივ აჩვენა ყველას, ერსა თუ ბერს, რომ მაშინ, როდესაც შეიძლება დაკარგო ყველას და ყველაფრის იმედი, თვით საკუთარი სახელმწიფოს სამართლიანობის იმედიც კი, ეკლესია იყო, არის და მომავალშიც დარჩება იმ უკანასკნელ ბასტიონად, რომლის არსებობაც ნიშნავს ქართველი კაცის არსებობას და პირიქით. დღევანდელი ქართული ეკლესიის მთავარი მესაძირკვლე კი სწორედ მისი უწმინდესობაა, რომელმაც ამ უზარმაზარ გზაზე მრავალ წინააღმდეგობას ჩახედა თვალებში და ყველა გადაჭრა, უფლის შემწეობით, თავისი სიმშვიდით, გონიერებით, კაცთმოყვარეობითა და იმ ერთი დიდი პრინციპის დაცვით, რომ ემსახურა ღმერთის საკუთარი ერისა და ქვეყნისათვის, ემსახურა უანგაროდ და უპირობოდ. ეს მსახურება, ღმრთის ნებით და ჩვენდა სასიკეთოდ, დღესაც გრძელდება და პირველი, რასაც ვუსურვებდი ჩვენს ქვეყანას, არის ის, რომ კიდევ დიდხანს გაგრძელდეს.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორის ცხოვრებისა და მოღვაწეობის გზა არის ყოველდღიური ბრძოლა იმისათვის, რომ ადამიანებს შორის სიყვარული და ღმერთსა და ადამიანს შორის კავშირი, რწმენა განმტკიცდეს, გაძლიერდეს. ეს არის ბრძოლა სიყვარულისათვის და ამ ბრძოლის უკანასკნელმა 44-მა წელმა გვაჩვენა, რომ ყველა შეიძლება დაიღალოს, მაგრამ არა მისი უწმინდესობა. სწორედ მისი დაუღალავი ლოცვის, კაცთმოყვარეობისა და შეუფასებელი ღვაწლის საფასურად არგუნა ღმერთმა ხალხის უდიდესი სიყვარული, მადლიერება და პატივისცემა, რასაც ვერც დრო, ვერც ერისა და რწმენის მტრები ვერაფერს დააკლებენ.

დაბადების დღეს გილოცავ, ჩაუქრობელო შუქურავ, ჩემო პატრიარქო...
„არ შეგეშინდეთ, არ დაბრკოლდეთ, ადამიანის სიცოცხლე სიკვდილით არ მთავრდება...“
ილია მეორე, 2021 წ, ფერისცვალების დღესასწაული
არსებობენ ადამიანები და არსებობენ რჩეული ადამიანები... და არსებობენ ანგელოზები დედამიწაზე, ადამიანური სახით და ცხოვრებით, თუმცა თვალით უხილავი შარავანდედითა და ამაღელვებელი, ღვთაებრივი მისიით, რომ ერს გადარჩენის და რწმენის გზაზე წინ წაუძღვნენ, მტკიცე ზღუდედ და ფარად აღიმართონ, მოაბნიონ უფლის სიტყვა მორწმუნეთა თუ ურწმუნოთა, დარდიანთა და ბედნიერთა, მდიდართა და გლახაკთა გულებში.
მისი უწმინდესობა ილია მეორე, ჩვენი საოცარი, ბრძენი, ანგელოზად მოვლენილი პატრიარქი, ჩვენი იმედი და მაცოცხლებელი შუქურაა, ის წყაროა, რომლის შესმის შემდეგ მომაკვდავი გაცოცხლდება, ნაღველი სიხარულით შეიცვლება, ურწმუნოება - რწმენით. არ მეგულება არცერთი ადამიანი, რომელიც ერთხელ მაინც შეხვედრია პატრიარქს და მისგან მთელი ცხოვრების საკმარისი რწმენა არ წამოეღო, რაღაც არაამქვეყნიური ნათლით არ აღვსილიყო მისი გული.
ურიცხვ სიკეთეთა შორის, რომლებიც პატრიარქს ჩვენთვის უჩუქებია, გასაოცარია ის ნუგეში, ის ადამიანური თანაგრძნობა, რომელსაც მასთან მისული გულდაწყვეტილი, მწუხარე ადამიანები იღებენ. საყვარელი ადამიანების გარდაცვალების გამო რამდენი მწუხარე სულისთვის გამხდარა პატრიარქის სიტყვები, მისი დალოცვა თავიდან დაბადების საწინდარი.
ჩვენი უწმინდესის ღვაწლი არ არის მხოლოდ ხილული და მატერიალური. ასეულობით აშენებული ტაძრისა და თავშესაფრის მიღმა შობის ვარსკვლავივით ციმციმებს ღირსეულთა წმინდანად შერაცხვა. კათალიკოს-პატრიარქის კურთხევითა და ნებით საქართველოს ეკლესიის დასს მრავალი წმინდანი შეემატა, მათ შორის, წმიდა ილია მართალი, წმიდა მღვდელმოწამე გრიგოლ ფერაძე, ღირსი მამა ამბროსი (აღმსარებელი) ხელაია, ალექსი ბერი (შუშანია), წმიდა მიტროპოლიტი ნაზარი სამღვდელო დასთან ერთად, წმიდა ნინოს მშობლები - ზაბულონი და სოსანა, წმიდა თეოდორე კველთელი, წმიდა მღვდელმთავარი ალექსანდრე ოქროპირიძე, წმიდა მღვდელმთავარი გაბრიელი (ქიქოძე), წმიდა ცოტნე აღმსარებელი და სხვა მრავალი წმინდანი.
მისი უწმინდესობის ზრუნვა, მისი ეს გადაწყვეტილებები უხილავი, დამცავი სარტყელია ჩვენი პატარა ქვეყნისთვის, რომელიც ოდესღაც ღვთისმშობელს ხვდა წილად და უამრავი წმინდანის, ღვთის ადამიანის სამშობლოდ იქცა. იქნებ ამიტომაც დავიმსახურეთ ისეთი არაამქვეყნიური, ანგელოზთა დარი სულის მოვლინება, როგორიც ილია მეორეა, იქნებ ეს არის ჩვენი მრავალწლიანი ტანჯვის, ომებისა და სისხლისღვრის საპირწონე საჩუქარი. ჰოდა, რომ უნდა მოვუფრთხილდეთ, ეს ახალი არ არის, უბრალოდ, ძალიან მინდა, ძალიან გვჭირდება რომ კიდევ დიდხანს, დიდხანს გვყავდეს გულმოკლულთა, ურწმუნოთა, უიმედოთა, მწუხარეთა გულების მანათობელი შუქურა, ორივე სამყაროს, ხილულისა და უხილავის მესაჭე, რომელიც ღელვებისა და ქარბორბალების დროს გემს სასწაულებრივად მართავს, რომელიც ხილულ სამყაროში ტაძრებს აშენებს ბოროტთა დასათრგუნად, ხოლო არახილულ სამყაროში კეთილშობილთა სულებს უერთებს წმინდანთა დასებს. მიზანი კი ერთია, რომ გადავრჩეთ, რომ თითოეულმა ჩვენგანმა, ჩვენში გადავარჩინოთ ღვთის სიტყვა, სიყვარული, რწმენა. და არა მხოლოდ გადავრჩეთ, კიდევ უფრო გავძლიერდეთ და გავმრავლდეთ.
დაბადების დღეს გილოცავთ ჩვენო, ყველას პატრიარქო - დიდხანს გეციმციმოთ და გეკაშკაშოთ, ჩვენო მანათობელო, ჩაუქრობელო შუქურავ, ანგელოზო - დედამიწაზე.

 

 

გააზიარე

მთარგმნელ-თარჯიმანთა უმაღლესი სკოლა

Learn More

სწავლის შეღავათიანი პირობები

აირჩიეთ SANGU პირველ, მეორე ან მესამე ნომრად და ისარგებლეთ ფინანსური მხარდაჭერით
Learn More

მასწავლებლის მომზადების 60 კრედიტიანი პროგრამა

მასწავლებლის მომზადების 60 კრედიტიანი პროგრამა
მეტის ნახვა