ისტორიის კვლევას და მის შესწავლას ქართულ უნივერსიტეტში დაარსების დღიდან დიდი ყურადღება დაეთმო. პირველივე წლებში შემუშავდა ისტორიის პროგრამა, რომელშიც საქართველოს თუ მსოფლიო ისტორიის, არქეოლოგიის, ეთნოლოგიის და სხვა საისტორიო დისციპლინებთან, მსოფლიო ცივილიზაციის მასალებთან ერთად, გაერთიანებული იყო საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის ისტორიაც. ყოველწლიურად ახლდებოდა და იხვეწებოდა საისტორიო პროგრამები, რომლებიც არა მხოლოდ ზოგადად ისტორიის, არამედ ისტორიული კვლევის მეთოდების თუ მიდგომების შესახებ ღრმა და საფუძვლიან ცოდნას აძლევს სტუდენტებს.
ისტორიის პროგრამებზე, რომლებიც დღეს SANGU-ში ფუნქციონირებს და მათზე მრავალწლიანი მუშაობის შესახებ გვესაუბრება ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და სამართლის სკოლის ისტორიის საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების ხელმძღვანელი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ვახტანგ გურული.
მოგესალმებით ბატონო ვახტანგ!
მოგესალმებით.
რას მოიცავს ისტორიის პროგრამის სასწავლო კურსი, რა არის მისი მიზანი?
სასწავლო პროგრამების შედგენას თავისი ისტორია აქვს. 2008-2009 წლებში ქართულ უნივერსიტეტში აკადემიკოს როინ მეტრეველის ხელმძღვანელობით ისტორიკოსთა ჯგუფმა (ზაზა აბაშიძე, დიმიტრი ახვლედიანი, ოთარ მიმინოშვილი, როზეტა გუჯეჯიანი, ემილ კოპალიანი, ავთანდილ წოწკოლაური, ვახტანგ გურული) დაიწყო სასწავლო პროგრამების შემუშავება. იმხანად ფაკულტეტი ჯერ კიდევ არ არსებობდა და არც აკადემიური პერსონალი იყო არჩეული. პირველად უნივერსიტეტში სტუდენტები მხოლოდ ისტორიის საბაკალავრო პროგრამაზე მივიღეთ, შემდეგ ამოქმედდა სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამები. პირველ ლექტორთა შორის იყვნენ: აკადემიკოსები მარიამ ლორთქიფანიძე და როინ მეტრეველი. პროგრამები მუდმივად იხვეწებოდა, დღეს უკვე თითქმის თოთხმეტწლიანი მუშაობის შედეგებს ვიმკით. ქართული უნივერსიტეტი რომ დაფუძნდა, საქართველოში ბევრ უნივერსიტეტს უკვე ხანგრძლივი ისტორია ჰქონდა, მათთან კონკურენცია და სტუდენტთა კონტიგენტის მოზიდვა ადვილი არ იყო. პროგრამის შედგენის მიზნით ისტორიკოსთა ჯგუფი თავდადებით მუშაობდა, თუმცა ამ თავდადებას ისეთი შედეგი არ ექნებოდა, რომ არა ერთი, უმთავრესი ფაქტორი: ქართული უნივერსიტეტი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის დაფუძნებული იყო, რასაც აბიტურიენტთა მიერ უნივერსიტეტის არჩევის დროს გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭებოდა ხოლმე. შემდგომ წლებში უნივერსიტეტი გაიზარდა, გაჩნდა ახალი სპეციალობები, ახალი პროგრამები, რამაც თავისთავად ბევრი პრობლემა წარმოშვა. მათ გადაჭრაში დიდი წვლილი შეიტანა უნივერსიტეტში დამფუძნებლის სრულუფლებიანმა წარმომადგენელმა, ბოდბელმა მთავარეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა (იაკობიშვილმა). ყოველივე ამის შედეგია ის, რომ ჩვენი უნივერსიტეტი სადღეისოდ ქართველოლოგიის უმნიშვნელოვანეს კერას წარმოადგენს. ქართულ უნივერსიტეტში სწავლება სამსაფეხურიანია. ისტორიის საბაკალავრო პროგრამა ითვალისწინებს სტუდენტისათვის ზოგადი განათლების მიცემას. მაგისტრატურაში სტუდენტი ღრმად და საფუძვლიანად ეუფლება კონკრეტულ საისტორიო დისციპლინას (მაგალითად, საქართველოს ისტორიას) და იძენს სამეცნიერო-კვლევითი მუშაობის ჩვევებს, წერს გამოკვლევას. დოქტორანტურის მიზანია დოქტორანტის მიერ აქტუალური პრობლემისადმი მიძღვნილი გამოკვლევის შექმნა და საპროფესორო მოღვაწეობისათვის მომზადება. 2021-2022 სასწავლო წლიდან ქართულ უნივერსიტეტში ამოქმედდა მასწავლებლის მომზადების 300-კრედიტიანი ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა (ისტორია, გეოგრაფია, მოქალაქეობა). ამ პროგრამაზე სწავლის ვადა 5 წელია. კურსდამთავრებული იღებს განათლების მაგისტრის ხარისხს (საბაზო და საშუალო საფეხურის უფროსი მასწავლებელი ისტორიაში, გეოგრაფიასა და მოქალაქეობაში). ვფიქრობთ, რომ ამ პროგრამას დიდი პერსპექტივა აქვს.
SANGU-ში უკვე მრავალი წელია საკმაოდ წარმატებულად ფუნქციონირებს ისტორიის პროგრამა, როგორ ფიქრობთ რამ განაპირობა მისი წარმატება?
წარმატება რამდენიმე ფაქტორმა განაპირობა: დახვეწილმა, თანამედროვე მოთხოვნათა შესაბამისად შედგენილმა პროგრამებმა, ლექტორთა პროფესიულმა დონემ, სტუდენტთა მომსახურების კარგად გააზრებულმა სისტემამ, კარგმა მატერიალურ-ტექნიკურმა ბაზამ და სხვ.
რას შეისწავლიან მომავალი ისტორიკოსები, რითია გამორჩეული და საინტერესო აღნიშნულ პროგრამაზე სასწავლო პროცესი?
ქართულ უნივერსიტეტში, როგორც აღვნიშნეთ, სწავლება სამსაფეხურიანია. ისტორიაშიც სამი პროგრამა ფუნქციონირებს: საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო. ბაკალავრიატში ოთხი წლის განმავლობაში სტუდენტები შეისწავლიან: საქართველოს ისტორიას, არქეოლოგიას (არქეოლოგიის შესავალი, საქართველოს არქეოლოგია), ეთნოლოგიას (ეთნოლოგიის შესავალი, საქართველოს ეთნოლოგია), ქართული კულტურის ისტორიას, მსოფლიო ისტორიას (ძველი აღმოსავლეთის ისტორიას, ანტიკურ ისტორიას, შუა საუკუნეების ისტორიას, ახალ ისტორიას), საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის ისტორიას და სხვ. მსოფლიო ისტორიიდან ცალკეა გამოყოფილი საქართველოს მოსაზღვრე სახელმწიფოებისა და ხალხების ისტორია: კავკასიის ხალხთა ისტორია, ოსმალეთის ისტორია, მახლობელი აღმოსავლეთის ისტორია, სომხეთის ისტორია, რუსეთის ისტორია და სხვ. მაგისტრატურაში სტუდენტთა მიღება ხდება საქართველოს ისტორიის სპეციალობით. აქ ზოგადი კურსები აღარ იკითხება, პროგრამა ითვალისწინებს ბაკალავრიატში მიღებული ცოდნის გაღრმავებას სპეციალური კურსებით: როგორ იწერებოდა საქართველოს ისტორია; ქართული საისტორიო აზროვნების ისტორიოგრაფია; ისტორიის ფილოსოფია; ქართულ-ევროპული ურთიერთობების ისტორია; საქართველო და გარესამყარო; ავტოკეფალისტური მოძრაობის ისტორია საქართველოში და სხვ. პროგრამა ითვალისწინებს სამაგისტრო ნაშრომის დაცვას, რომელიც აუცილებლად უნდა შეიცავდეს სამეცნიერო კვლევას. საქართველოს ისტორიის სადოქტორო პროგრამაში მაქსიმალურად არის შემცირებული სასწავლო კურსები, ისწავლება სულ რამდენიმე საგანი: კვლევის მეთოდები ისტორიულ მეცნიერებაში; სწავლების თანამედროვე მეთოდები; საქართველოს ძველი, შუა საუკუნეებისა და ახალი ისტორიის აქტუალური პრობლემები. დოქტორანტურაში მთელი ყურადღება გადატანილია სადოქტორო ნაშრომის მომზადებაზე, დოქტორანტის მიერ დაცვისათვის აუცილებელი სამეცნიერო პუბლიკაციების გამოქვეყნებაზე. ქართულ უნივერსიტეტში გეზი თავიდანვე ისეთი სადოქტორო თემების შერჩევაზე იყო აღებული, რომლებიც მოითხოვდა საქართველოსა და უცხოეთში დაცული საარქივო და სამუზეუმო მასალების მოძიებასა და ანალიზს. მაღალ მეცნიერულ დონეზე შესრულებულ ნაშრომებს სადისერტაციო საბჭო ცალკე მონოგრაფიად გამოქვეყნების რეკომენდაციას აძლევს. ჩვენ სტუდენტებს პირველი კურსიდან ვუხსნით, რომ ზერელე დამოკიდებულებას მივყავართ ძალზე ცუდ შედეგებამდე, ვსწავლობთ ყველაფერს, სინამდვილეში კი არაფერს. ჩვენ გვინდა, ჩვენმა სტუდენტებმა გაითავისონ ანტიკურ სამყაროში გამოთქმული ჭეშმარიტება: „ღმერთმა მეცნიერება იმიტომ გააჩინა, რომ ადამიანს მოსვენება დაუკარგოს.“ ვინც ამ ჭეშმარიტებას ირწმუნებს, ის შედეგსაც მიაღწევს. ჩვენ ყურადღებით ვარჩევთ სასწავლო კურსებისათვის სახელმძღვანელოებს, ვადგენთ ახალ სალექციო კურსებს. ეს ყოველივე აკმაყოფილებს მეცნიერების განვითარების თანამედროვე დონეს და მეთოდიკის მოთხოვნებს. იმავდროულად, სტუდენტები ყურადღებით ეცნობიან უკვე გამოქვეყნებულ საისტორიო წყაროებს, არქივებსა და მუზეუმებში დაცულ დოკუმენტებს. ამ შემთხვევაში სტუდენტი გაცილებით დიდ და საფუძვლიან ცოდნას იღებს, ვიდრე სახელმძღვანელოდან მიღებული ცოდნაა.
სასწავლო პროცესში ბაკალავრების სტაჟირებაზე ზრუნვა უმნიშვნელოვანესი კომპონენტია, რა აქტივობებს სთავაზობთ ამ მიმართულებით მათ და რამდენად ზრუნავთ კურსდამთავრებულთა დასაქმებაზე?
ქართულ უნივერსიტეტს თანამშრომლობის მემორანდუმები აქვს დადებული საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრთან, საქართველოს ეროვნულ არქივთან, საქართველოს სახელმწიფო მუზეუმთან და საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკასთან. სტუდენტებს შეუძლიათ ამ დაწესებულებებში სტაჟირების გავლა. მიმდინარე სასწავლო წელს სამი სტუდენტი სამაგისტრო ნაშრომს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში დაცული მასალების შესწავლის შედეგად წარმოადგენს. რაც შეეხება კურსდამთავრებულთა დასაქმებაზე ზრუნვას, ზემოთ ჩამოთვლილი დაწესებულებებიდან რამდენიმე თანამშრომელი ისტორიის პროგრამაზე მოწვეულია ლექციების წასაკითხად. ასე რომ, პოტენციური დამსაქმებლები ჩვენი სტუდენტების მომზადების დონის საქმის კურსში არიან და შეძლებისდაგვარად ასაქმებენ კიდეც მათ. კურსდამთავრებულთა ნაწილი დასაქმებულია ქართულ უნივერსიტეტში, რამდენიმე მათგანი სალექტორო მოღვაწეობასაც ეწევა.
ვის შეუძლია SANGU-ს მაგისტრატურასა და დოქტორანტურაში სწავლის გაგრძელება?
მაგისტრატურაში სწავლის გაგრძელება შეუძლიათ მათ, ვისაც მოპოვებული აქვთ ისტორიის ბაკალავრის ხარისხი, ასევე, ჰუმანიტარულ მეცნიერებებში ბაკალავრის ხარისხის მქონეთ. დოქტორანტურაში სწავლის გაგრძელების უფლება აქვთ ისტორიის მაგისტრის ან ჰუმანიტარულ მეცნიერებათა მაგისტრის ხარისხის მქონე პირებს. ცხადია, მაგისტრატურაში და დოქტორანტურაში შემსვლელი გადის გასაუბრებას და აბარებს შესაბამის გამოცდებს.
დიდი მადლობა, წარმატებებს გისურვებთ.
გმადლობათ.
მოამზადა ნინო აბრამიშვილმა