მენიუ

ინტერვიუ ელენე ციციშვილთან

ყოველთვის სიამაყით ვამბობ, რომ ვარ იმ უნივერსიტეტის თანამშრომელი, რომელიც დავამთავრე

საამაყოა, როდესაც კურსდამთავრებული უნივერსიტეტს და ყოფილ პროფესორ-მასწავლებლებს კოლეგად მოევლინება. ეს იმას ნიშნავს, რომ მისი შრომა შენიშნეს და დააფასეს, რასაც მოსდევს პასუხისმგებლობის გააზრება და მადლიერება. ელენე ციციშვილი ჯერ კიდევ სტუდენტობის წლებიდან მუშაობდა SANGU-ში, ამჟამად კი ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და სამართლის სკოლის საერთაშორისო ურთიერთობების კოორდინატორია.

 

ლენე, მოგესალმები!

მოგესალმებით.

 

გვიამბე, როდის და რატომ გადაწყვიტე SANGU-ში საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით ჩაბარება?

ყოველთვის მაინტერესებდა საერთაშორისო ამბები, ის, რაც ხდებოდა ჩვენი ქვეყნის ფარგლებს გარეთ. მიტაცებდა უცხო ქვეყნების, ნებისმიერი მათგანის, კულტურა, ყოფითი ცხოვრება. მაინტერესებდა მათი ეკონომიკა, მმართველობის ფორმები და ამასთან ერთად, ისიც, თუ პოლიტიკურად და კულტურულად ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული ქვეყნები როგორ პოულობდნენ საერთო ენას, როგორ ახერხებდნენ ურთიერთთანამშრომლობას. ამიტომ ავირჩიე ეს მიმართულება. ვფიქრობდი, რომ ამ გზით დავიკმაყოფილებდი ცნობისმოყვარეობას. თანაც მჯეროდა, რომ გამაჩნდა ის უნარები, რომლებიც საჭიროა ამ პროფესიული განხრისთვის. ბავშვობიდანვე საკმაოდ დამოუკიდებელი ვიყავი. მიყვარდა პასუხისმგებლობის ჩემს თავზე აღება და ამ პასუხისმგებლობით მიღებული შედეგი. არ ჰქონდა მნიშვნელობა, კარგი შედეგით დამთავრდებოდა, თუ ცუდით. აქ მთავარი ჩემი დამოუკიდებლობის და თავისუფლების შეგრძნება იყო. სწორედ ამ პასუხისმგებლობის ნაწილია SANGU. ჩემი არჩევანი არც მინანია. ამას, პირველ რიგში, SANGU-ს უნდა ვუმადლოდე. ვფიქრობ, ჩემთვის SANGU-ში ჩაბარება ერთ-ერთი სწორი ნაბიჯი იყო. თავდაპირველად მოვიძიე ინფორმაცია ამ უნივერსიტეტზე და გადავწყვიტე აქ ჩაბარება, ჩემი გადაწყვეტილება გაამყარა ახლობლის რჩევამაც, რომელიც ასევე SANGU-ს კურსდამთავრებულია.

 

ეს ის პროფესიაა, რომელზეც ბავშვობაში ოცნებობდი?

სიმართლე რომ გითხრათ, ბავშვობაში ამაზე არ მიოცნებია, მაგრამ ეს სწორედ ის პროფესიაა, რომელიც ზრდასრულ ასაკში, გააზრებულად ჩემი ინტერესების კვალდაკვალ ავირჩიე.

 

ბაკალავრიატის დასრულებას მოჰყვა ერთწლიანი კურსი ჩინეთში, გვიამბე ამის შესახებ.

ქართული უნივერსიტეტი სიახლეების აღმოჩენაში დამეხმარა. ბაკალავრიატის დასრულებისთანავე ჩინური ენის პროგრამაზე ჩავირიცხე ჩინეთში. ეს იყო ჩემი სტუდენტობის ერთ-ერთი განსაკუთრებული მიღწევა. რა თქმა უნდა, მარტივად არაფერი მოდის, ამის უკან იყო თავდაუზოგავი შრომა, თუმცა ვთვლი, რომ შედეგი ამად ღირდა. მოვიპოვე კონფუცის ერთწლიანი სტიპენდია ლანჭოუს უნივერსიტეტში (兰州大学). მეორე კურსის დამთავრების შემდეგ ორი წელი უშედეგოდ ვცდილობდი ჩინეთში წასვლას. უკვე წარმოუდგენლადაც კი მიმაჩნდა ამ სურვილის ასრულება, მაგრამ გადავწყვიტე მაქსიმუმი გამეკეთებინა. შედეგმა არ დააყოვნა და მესამე წელს HSK და HSKK უმაღლესი ქულებით ჩავაბარე ჩემთვის სასურველ ჩინური ენის და ლიტერატურის პროგრამაზე, სრული დაფინანსებით.

 

რა იყო დაბრუნების შემდეგ?

დაბრუნების შემდეგ მქონდა სურვილი ჩინეთში დაგროვილი ცოდნა სხვებისთვის გამეზიარებინა. ვისაც სურვილი აქვს და აინტერესებს ჩინეთი და ჩინური, დღემდე ვუზიარებ ამ ცოდნას და, ალბათ, ასევე გავაგრძელებ. SANGU-მ არა მხოლოდ მომცა ხარისხიანი ცოდნა საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით, არამედ გამიკვალა გზა დიდი ჩინეთისკენ, ასევე, მომცა ჩემი ცოდნის მშობლიურ უნივერსიტეტში რეალიზაციის საშუალება. ალბათ, არ გადავაჭარბებ, თუ ვიტყვი, რომ აქედან დაიწყო ჩემი კარიერული ზრდა. მესამე კურსიდან ვმუშაობდი წმ. ანდრიას ქართული უნივერსიტეტის სასწავლო პროცესის რეგულირებისა და სტუდენტთა მომსახურების სამმართველოში. სამწუხაროდ, წელიწადნახევარში მომიწია სამუშაო ადგილის დატოვება ჩინეთში სწავლის გამო.

 

შემდეგ იყო მცირე პაუზა და კვლავ SANGU-ს თანამშრომლობა, ახლა უკვე სხვა პოზიციაზე...

დიახ, მცირე პაუზის შემდეგ ისევ SANGU-ში დავბრუნდი, მაგრამ ამჯერად ახალ პოზიციაზე. განსხვავებული გრძნობაა, როცა შენი ლექტორები შენი კოლეგები ხდებიან. თითქოს უფრო იზრდები და პასუხისმგებლობაც იზრდება შენთან ერთად.

 

რა პოზიციაზე ხარ, რას საქმიანობ დღის განმავლობაში?

ამჟამად, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და სამართლის სკოლის, საერთაშორისო ურთიერთობების კოორდინატორის პოზიციაზე ვმუშაობ. სწორედ იქ, რომელი პროგრამაც მე დავამთავრე. რუტინული დღეები არ მაქვს, რადგან განვითარება მოითხოვს სიახლეებს. დღესდღეობით აქტიურად ვარ ჩაბმული უნივერსიტეტში მიმდინარე პროცესებში. მუდმივად მაქვს კონტაქტი ლექტორებთან და სტუდენტებთან. პროგრამის ხელმძღვანელებთან ერთად, ვცდილობ შევქმნა ერთ-ერთი საუკეთესო პროგრამა საერთშორისო ურთიერთობების მიმართულებით, სტუდენტებს კი შევთავაზოთ ბევრი სიახლე და, რაც მთავარია, ხარისხიანი განათლება. SANGU ჩემთვის არასდროს ყოფილა უბრალოდ უნივერსიტეტი. ეს ის ადგილია, სადაც ამჩნევენ და აფასებენ შენს შრომას. ყოველთვის სიამაყით ვამბობ, რომ ვარ იმ უნივერსიტეტის თანამშრომელი, რომელიც დავამთავრე.

 

დიდი მადლობა, წარმატებებს გისურვებ.

გმადლობ.

 

მოამზადა ნინო აბრამიშვილმა

გააზიარე

მთარგმნელ-თარჯიმანთა უმაღლესი სკოლა

Learn More

სწავლის შეღავათიანი პირობები

აირჩიეთ SANGU პირველ, მეორე ან მესამე ნომრად და ისარგებლეთ ფინანსური მხარდაჭერით
Learn More

მასწავლებლის მომზადების 60 კრედიტიანი პროგრამა

მასწავლებლის მომზადების 60 კრედიტიანი პროგრამა
მეტის ნახვა