მენიუ

SANGU-ს წარმატებული კურსდამთავრებულები

ინტერვიუ ნინო მჟავანაძესთან

SANGU-ს წარმატებულ კურსდამთავრებულს, ნინო მჟავანაძეს, თავისი წვლილი შეაქვს ჩვენს ქვეყანაში ინკლუზიური განათლების სისტემის დანერგვაში. განათლების ამ, დღესდღეობით საკმაოდ პრიორიტეტული სფეროთი იგი უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ დაინტერესდა და დღეს წარმატებით მუშაობს ამ მიმართულებით.

ნინო მოგესალმები!
მოგესალმებით.

სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებთან მუშაობა, უდიდესი პასუხისმგებლობაა, როდის მიხვდი, რომ ამ მიმართულებით გინდოდა მუშაობა?
ბაკალავრიატის დასრულების შემდეგ სტაჟირებას გავდიოდი ნეიროგანვითარების ცენტრში, ენისა და მეტყველების თერაპიის განხრით, სადაც ურთიერთობა მქონდა სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებთან. სწორედ მაშინ მივხვდი, რომ ინკლუზიური განათლება უპირველესად განსხვავებულობისა და მრავალფეროვნების მიმღებლობას ნიშნავს, რაც შემდგომ არა მხოლოდ კონკრეტული სსსმ მოსწავლისთვის, არამედ მთლიანად საზოგადოებისთვის კეთილდღეობის საწინდარი ხდება. ამ მიმართულებით პროფესიული ცოდნის მისაღებად აქტიურად დავიწყე ინფორმაციის მოძიება და აღმოვაჩინე სპეციალური განათლების სამაგისტრო პროგრამა, რომელმაც სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირთა სწავლების ეფექტური სტრატეგიების გაცნობისა და სპეციალური და ინკლუზიური განათლების პრაქტიკის კვლევის არაჩვეულებრივი შესაძლებლობა მომცა.

როგორია დღეს საქართველოში ინკლუზიური განათლება?
დღევანდელ მრავალფეროვან სამყაროში ინკლუზიური განათლება უზრუნველყოფს სხვადასხვა შესაძლებლობის ინდივიდთა თანაბარ ჩართვას საგანმანათლებლო პროცესში, რათა დაკმაყოფილდეს ადამიანის ერთ-ერთი ფუნდამენტური - განათლების უფლება. ინკლუზიური განათლების პრაქტიკის ანალიზის საფუძველზე შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველოში ინკლუზიური განათლება პრიორიტეტულია და მიმართულია ყველა ბავშვისთვის თანაბრად ხელმისაწვდომი და არასეგრეგირებული გარემოს შექმნისკენ. ინკლუზიური განათლება, ერთი მხრივ, თითქოს გამოწვევაა თანამედროვე პროგრესული სამყაროსთვის, სხვადასხვა ქვეყნის განათლების სისტემებისთვის, მეორე მხრივ კი, საუკეთესო შესაძლებლობა, რომ ყველა ინდივიდისთვის მეტად მისაწვდომი გახადოს საგანმანათლებლო გარემოს ყველა კომპონენტი: ფიზიკური გარემო, ადამიანური რესურსი, კურიკულუმი, სწავლებისა და კომუნიკაციის მეთოდები. საქართველოში ადრეული, სკოლამდელი და ზოგადი განათლების დონეზე ინკლუზიური განათლების პრაქტიკული განხორციელების ცალკეული წარმატებული პროექტები უკვე დაგროვდა. მაგალითად, თბილისის სკოლამდელ და ზოგადი განათლების დაწესებულებებში მუშაობს სპეციალური პედაგოგი, რომლის პასუხისმგებლობაა, დაეხმაროს ბავშვს/მოსწავლეს მაქსიმალური ჩართულობის უზრუნველყოფის კუთხით. ინკლუზიური სკოლამდელი განათლების განვითარების ხელშეწყობა საქართველოს სხვა მუნიციპალიტეტებში საწყის ეტაპზეა და პირველ ნაბიჯებს დგამს. ინკლუზიური ადრეული განათლების განვითარებისთვის საჭიროა მეტი კომპეტენტური ადამიანური რესურსი, რაც მწირია საქართველოს რეგიონებში. მიუხედავად ინკლუზიური განათლების მოდელის სახელმწიფოს მხრიდან მხარდაჭერისა, აღნიშნულ პროცესში სხვადასხვა საფეხურზე ყოველდღიურად ვდგავართ სხვა უამრავი გამოწვევის წინაშე, რომელსაც ვიმედოვნებ, რომ დროულად და ღირსეულად გავუმკლავდებით.

რაც შეეხება ყოველდღიურ გამოწვევებს, პანდემიამ, ალბათ, ბევრი რამ შეცვალა?
ამ ეტაპზე მთავარ გამოწვევად კვლავ ონლაინ სწავლება რჩება, რის გამოც მთელი საგანმანათლებლო სისტემის მსგავსად მეც დიდი გამოწვევის წინაშე აღმოვჩნდი. გაიზარდა სოციალური ურთიერთობების დისტანცირება. სსსმ მოსწავლეებთან კი საჭიროა ინდივიდუალურ რეჟიმში მუშაობა ისევე, როგორც პირისპირ სწავლებისას, რათა ზუსტად განისაზღვროს მოსწავლის საჭიროებები და დამოკიდებულებები. სსსმ მოსწავლეების სწავლების, ისევე, როგორც მათი სწავლების მონიტორინგის პროცესში აქტიურად მონაწილეობენ მშობლები. ისინი თავისთავად გახდნენ ამ პროცესის თანამონაწილენი, მშობლის ფაქტორმა კი დისტანციური სწავლებისას პოზიტიური გარემოს შექმნაში მნიშვნელოვანი როლი შეასრულა, რაც ონლაინ სწავლების ყველაზე დადებით მხარედ შეიძლება ჩაითვალოს. თანამშრომლობითი ურთიერთობები დადებით გავლენას ახდენს სწავლა-სწავლების პროცესზე, რაც მნიშვნელოვნად მეხმარება არსებულ გამოწვევებთან გამკლავებაში.

როგორ გაიხსენებ SANGU-ში გატარებულ წლებს, რამდენად გამოგადგა დღევანდელ საქმიანობაში უნივერსიტეტში მიღებული ცოდნა, უნარ-ჩვევები?
SANGU-სთან, მართლაც, საუკეთესო მოგონებები მაკავშირებს. აქ გატარებული ოთხი ნაყოფიერი და ბედნიერი წელი მოგვიანებით ჩემი ცხოვრების საუკეთესო გამოცდილებად იქცა. გულწრფელად ვთვლი, რომ უნივერსიტეტში მიღებული ცოდნა აღმოჩნდა ის მტკიცე საძირკველი, რომელზეც ჩემი შემდგომი პროფესიული ცოდნის დაშენება დავიწყე. შANGU-ში ურთიერთობის შესაძლებლობა მქონდა ჩვენი დარგის როგორც ძველი, ისე ახალი თაობის ყველაზე მაღალკვალიფიციურ და ავტორიტეტულ პროფესორ-მასწავლებლებთან, რომლებიც, მართლაც, ნამდვილ მეცნიერებას გვაზიარებდნენ. შANGU-ს შიგნით ყოველთვის სხვა სამყარო გველოდებოდა, რომლის კარის შეღებისთანავე აუცილებლად მისი განუყოფელი ნაწილი ხდებოდი - სითბოთი, სიყვარულითა და განსაკუთრებული აურით მოჯადოებული. უნივერსიტეტში გატარებულ სტუდენტობის წლებს ყოველთვის სიამაყითა და მადლიერებით ვიხსენებ.

დიდი მადლობა ნინო, წარმატებებს გისურვებ.
გმადლობთ.

მოამზადა ნინო აბრამიშვილმა

გააზიარე

მთარგმნელ-თარჯიმანთა უმაღლესი სკოლა

Learn More

სწავლის შეღავათიანი პირობები

აირჩიეთ SANGU პირველ, მეორე ან მესამე ნომრად და ისარგებლეთ ფინანსური მხარდაჭერით
Learn More

მასწავლებლის მომზადების 60 კრედიტიანი პროგრამა

მასწავლებლის მომზადების 60 კრედიტიანი პროგრამა
მეტის ნახვა