მენიუ

სტუდენტობა - ცხოვრების საუკეთესო წლები

სტუდენტობის წლებზე გვესაუბრება SANGU-ს მაგისტრატურის სტუდენტი თამარ კურატიშვილი

სტუდენტობის წლები თავისთავად უმნიშვნელოვანესი ეტაპია ადამიანის ცხოვრებაში, როდესაც ყალიბდება მისი მსოფლმხედველობა. პიროვნული ჩამოყალიბების პროცესში დიდი როლი ენიჭება გარემოს, რამდენად ჯანსაღია იგი, ფასეულობათა და ღირებულებათა რა სისტემა აქვს, რამდენად მზრუნველი და თბილია.


სტუდენტობის წლებზე გვესაუბრება SANGU-ს მაგისტრატურის სტუდენტი თამარ კურატიშვილი.

თამარ მოგესალმები!
მოგესალმებით

დამეთანხმები ალბათ, სტუდენტობა ცხოვრების საუკეთესო წლებია, შენი აზრით, რა ხიბლი აქვს მას?
ყველა ადამიანი ინდივიდუალური და უნიკალურია, ყველას გვაქვს საკუთარი ცხოვრების საუკეთესო ეპიზოდი, როდესაც სრული სისავსით შევიგრძნობთ ჩვენს როლს. ჩემი ცხოვრების საუკეთესო ეპიზოდად მე მივიჩნევ ჩემს სტუდენტურ წლებს. ვფიქრობ, რომ ადამიანები ყველაზე მეტად მაშინ ვართ ბედნიერი, თვითრეალიზებული, როდესაც მიზანი გვაქვს და მისკენ მივდივართ. შესაძლებელია, მიზნისკენ სვლა სკოლის ასაკიდან დაიწყოს ბავშვმა, თუმცა ჩემს შემთხვევაში ასე არ მოხდა. მხოლოდ უნივერსიტეტში სწავლის წლებში, რომელსაც დავარქმევდი სრული პიროვნული გარდატეხის პერიოდს, გავაცნობიერე, რა მსურდა. როდესაც ავირჩიე პროფესია, ჯერ კიდევ არ ვიცოდი, სწორი იყო თუ არა ჩემი გადაწყვეტილება.
თამამად შემიძლია ვთქვა, რომ თამარი, როგორც პიროვნება, უნივერსიტეტის პერიოდში შედგა. როდესაც იგებ, რა გინდა და სიამოვნებას განიჭებს პროფესია, რომელსაც ეუფლები, ეს ყველაფერი დიდი მოტივაციაა იმისათვის, რომ მეტად დაიხარჯო და მეტად განვითარდე.

როგორ მოხვედი უნივერსიტეტში?
აბიტურიენტობის დროს მასწავლებელმა, რომელმაც მირჩია ამ უნივერსიტეტში ჩამებარებინა, ასეთი რამ მითხრა - "SANGU ერთი დიდი ოჯახია, თუ იშრომებ, დაგიფასდება" და ვთვლი, რომ ასეც მოხდა. ამ სიტყვების გამო მთელი ცხოვრება მადლიერი ვიქნები ამ ადამიანის და იმ შესაძლებლობის, რაც მომეცა ამ უნივერსიტეტში.

როგორ დაგეხმარა უნივერსიტეტი საკუთარი მიზნის და საკუთარი თავის პოვნაში?
უნივერსიტეტში გატარებულმა ოთხმა წელმა ნათლად დამანახა, როგორ შეიძლება საკუთარი ცხოვრება შემოაბრუნო უკეთესობისკენ. უკეთესობა იბადება და ჩნდება მაშინ, როდესაც არ გეშინია ცვლილებების, თუმცა ყველანი იმაზე ვთანხმდებით, რომ შიში ბუნებრივია მაშინ, როდესაც არ გაქვს გამოცდილება. ჩემი თავგადასავალი სწორედ გაბედვიდან დაიწყო. იმის გათვალისწინებით, რომ სკოლაში არ გამოვირჩეოდი მაღალი აკადემიური მოსწრებით, ეს კონკრეტული წარსულის გამოცდილება მაშინებდა, მაგრამ რადგანაც მყავდა ძალიან კარგი ლექტორები და ჯგუფელები, გავბედე და ვუთხარი საკუთარ თავს, მინდა რომ სხვა ვიყო, მინდა, რომ მეტი გავაკეთო. ამ პროცესში ბევრი სიამოვნებაც იყო და ბევრი იმედგაცრუებაც. ორი წელი ვცდილობდი სტიპენდიანტი გავმხდარიყავი, ძალიან ცოტა მაკლდებოდა, მაგრამ ბოლოს შევძელი, მადლობა ღმერთს, გამომივიდა შრომით და, ასევე, იმ ადამიანების გვერდში დგომით, რომლებიც წმ. ანდრიას ქართულმა უნივერსიტეტმა შემძინა.

დიდი პიროვნული გამარჯვებაა, როდესაც დასახულ მიზანს აღწევ. რა არის საჭირო კარიერული წინსვლისთვის?
მთავარია, არ შეგვეშინდეს ცვლილებების, გავბედოთ, რომ ვიყოთ საკუთარ თავზე უკეთესები, სინამდვილეში საკუთარ თავზე დაკვირვება და საკუთარ თავთან ჯანსაღი კონკურენცია ადამიანებს მეტად წარმატებულს ხდის.
ამ რთულ გზაზე მივხვდი, რომ პიროვნული სიძლიერის გარეშე წარმატებული კარიერა ვერ გექნება, პიროვნულ სიძლიერეს კი ქმნის ინტერპერსონალური ურთიერთობები და გამოცდილება. უნივერსიტეტს უნდა შეეძლოს პროფესიულ ცოდნასთან ერთად ინტერპერსონალური ურთიერთობების ხელოვნება გასწავლოს. სწორედ ბაკალავრიატზე შეძენილი პოზიტიური გამოცდილება გახდა იმის ყველაზე დიდი სტიმული, რომ მაგისტრატურაც ამავე უნივერსიტეტში გამეგრძელებინა და ისევ ვანდე ცოდნის გაღრმავება ამ უნივერსიტეტს და მთელ მის კოლექტივს.
საკუთარი გამოცდილებით შემიძლია ვთქვა, რომ უნივერსიტეტში ხარისხიანად გატარებული საათები მეტად გაახლოვებს, განცდა გიჩნდება, რომ აქაც სახლში ხარ. ჩვენი უნივერსიტეტი საშუალებას იძლევა, რომ სტუდენტმა გაიაროს სხვადასხვა ტრენინგი, რომლებიც მის უნარ-ჩვევებს მეტად ზრდის და ავითარებს. მართალია, ლექციების შემდეგ კიდევ სამ საათიან ტრენინგზე დასწრება დამღლელია, მაგრამ ამ ყველაფრის გახსენება ძალიან შთამბეჭდავია და ბევრი ემოცია მოაქვს ცოდნასთან ერთად.

რას ურჩევდი სტუდენტებს?
უნივერსიტეტი მნიშვნელოვანია განსაკუთრებით თვრამეტი-ცხრამეტი წლის მოზარდებისთვის, რომლებიც ჩემსავით დაბნეული არიან ცხოვრების გზაზე. უნივერსიტეტში არსებულმა სიტუაციამ მათ ფართო თვალსაწიერი უნდა დაანახვოს, სტუდენტი კი უნდა შეეცადოს გამოიყენოს არსებული შესაძლებლობები. ჩემს მეგობრებს, სტუდენტებს, ვურჩევდი, რომ დაუახლოვდნენ უნივერსიტეტს, ამ უნივერსიტეტში არის ის ყველაფერი, რასაც შეუძლია ადამიანი რეალიზებული გახადოს.
არ შეგეშინდეთ ცვლილებების, წარუმატებლობის, ბევრი შრომის და ცდის ხარჯზე აუცილებლად გაიმარჯვებთ, ჯერ საკუთარ თავზე, შემდეგ კი კონკრეტულ სიტუაციაზე.

დიდი მადლობა თამარ, წარმატებებს გისურვებ.
გმადლობთ.

მოამზადა ნინო აბრამიშვილმა

გააზიარე

მთარგმნელ-თარჯიმანთა უმაღლესი სკოლა

Learn More

სწავლის შეღავათიანი პირობები

აირჩიეთ SANGU პირველ, მეორე ან მესამე ნომრად და ისარგებლეთ ფინანსური მხარდაჭერით
Learn More

მასწავლებლის მომზადების 60 კრედიტიანი პროგრამა

მასწავლებლის მომზადების 60 კრედიტიანი პროგრამა
მეტის ნახვა