წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის სტუდენტებმა მონაწილეობა მიიღეს მასშტაბურ ახალგაზრდულ ფესტივალში „სტუდფესტი 2025“, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე დიდი და მრავალფეროვანი სტუდენტური ინიციატივაა საქართველოში.
ფესტივალის დასკვნითი ღონისძიება საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ გახსნა. მინისტრმა მონაწილეებს მიულოცა წარმატება და ახალგაზრდებში განათლების, ჯანსაღი ცხოვრების წესისა და საზოგადოებრივ პროცესებში ჩართულობის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.
ფესტივალში მონაწილეობა მიიღო 15 000-ზე მეტმა სტუდენტმა, რომელთაგან 400-ზე მეტი გამარჯვებული დაჯილდოვდა პრიზებითა და სერტიფიკატებით. დასკვნით ღონისძიებაზე წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტს გადაეცა ჯილდო წარმატებული მონაწილეობისათვის.
უნივერსიტეტს წარმოადგენდნენ რექტორი, პროფ. ირაკლი ბრაჭული და სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდენტი ნიკოლოზ კოკაია. ღონისძიებას ესწრებოდნენ სამინისტროსა და მერიის წარმომადგენლები, ახალგაზრდობის სააგენტო, უნივერსიტეტების რექტორები და სტუდენტები.
„სტუდფესტი 2025“ ორ ეტაპად ჩატარდა ოთხ ძირითად მიმართულებაში: განათლება, სპორტი, კულტურა და მოხალისეობა. სპორტის მიმართულებით გაიმართა მრავალფეროვანი აქტივობები, მათ შორის ფუტსალი, 3x3 კალათბურთი, ქუჩის ფეხბურთი, ჭადრაკი, ფრენბურთი, დებატები, ბოულინგი, სამბო, კლდეზე ცოცვა, eSports (FIFA) და სხვა შეჯიბრებები.
სანგუს სტუდენტებმა ფესტივალში მონაწილეობით გამოავლინეს მაღალი მოტივაცია, გუნდური სულისკვეთება და აქტიური ჩართულობა ახალგაზრდულ ინიციატივებში. უნივერსიტეტი ულოცავს სტუდენტებს მიღწეულ წარმატებას და მადლობას უხდის ღირსეული წარმომადგენლობისთვის.