პროექტის „აღმოაჩინე შენი პროფესია - ბიზნესის ადმინისტრირება“ ფარგლებში 25 თებერვალს წმ. ანდრიას ქართულ უნივერსიტეტში გაიმართა მესამე, დასკვნითი შეხვედრა თემაზე „როგორ ვაკეთოთ წარმატებული ბიზნესი“.
შეხვედრას უძღვებოდა გია პირადაშვილი, „შატო მერესა“ და „Winiveria“-ს დამფუძნებელი, რომელმაც მონაწილეებს გაუზიარა მრავალწლიანი პრაქტიკული გამოცდილება მეწარმეობის, ბიზნესის განვითარების და ბაზარზე პოზიციონირების მიმართულებით.
ლექციის ფარგლებში განხილულ იქნა ბიზნესის შექმნის საწყისი ეტაპები, იდეის ფორმირების პროცესი, რისკების მართვა, სტრატეგიული დაგეგმვის მნიშვნელობა და იმ გადაწყვეტილებების როლი, რომლებიც განსაზღვრავს კომპანიის ზრდასა და მდგრად განვითარებას. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო თანამედროვე მეწარმეობის წინაშე არსებულ გამოწვევებსა და იმ უნარებს, რომლებიც წარმატებული ბიზნესის ჩამოყალიბებისთვის აუცილებელია.
შეხვედრა ინტერაქტიულ ფორმატში წარიმართა. მოსწავლეებს შესაძლებლობა ჰქონდათ დაესვათ კითხვები, ემსჯელათ პრაქტიკულ შემთხვევებზე და უკეთ გაეაზრებინათ, რა ეტაპებს გადის ბიზნესი იდეიდან რეალურ პროდუქტამდე და წარმატებულ ბრენდამდე.
დასკვნითი შეხვედრით დასრულდა სამდღიანი ლექცია-სემინარების ციკლი, რომლის ფარგლებში მონაწილეები გაეცნენ ბიზნესის ადმინისტრირების სხვადასხვა მიმართულებას, საბანკო სექტორის თავისებურებებს, ESG და კიბერუსაფრთხოების პროფესიულ შესაძლებლობებს.
მესამე დღეს მონაწილეებს გადაეცათ სამდღიან ლექცია-სემინარების ციკლში აქტიური მონაწილეობის დამადასტურებელი სერტიფიკატები.
წმ. ანდრიას ქართული უნივერსიტეტი მადლობას უხდის გია პირადაშვილს პროფესიული გამოცდილების გაზიარებისთვის და ყველა მონაწილეს აქტიური ჩართულობისთვის. პროექტის მიზანია ახალგაზრდებისთვის ინფორმირებული კარიერული გადაწყვეტილების მიღების მხარდაჭერა და პროფესიული განვითარების შესაძლებლობების წარმოჩენა.