მენიუ

ღვთის ხატად და მსგავსად ქმნილი - ილია II

ლიკა ტოკლიკიშვილი, სანგუს სტუდენტი.

ღვთის ხატად და მსგავსად ქმნილი - ილია II

მზე ჩაესვენა ისე, თითქოს სინათლემ თავადვე დახუჭა თვალები და ქალაქს სიჩუმის მძიმე საბურველი გადააფარა.

ქალაქი ნელ-ნელა ჩაიძირა მდუმარებაში, რომლის გულშიც იდგა სიონის ჭაღარა ტაძარი - ჩუმი, დამძიმებული, თითქოს თავადაც გლოვობდა...

ჰაერი სავსე იყო უთქმელი სიტყვებით. ადამიანები თავჩაღუნულნი, მდუმარედ მივუყვებოდით გზას სამებისკენ... გზას, რომელიც ადამიანთა უწყვეტი ნაკადით იყო სავსე.

თითქოს თითოეული ჩვენგანი საკუთარ ჯვარს ატარებდა და გოლგოთის გზას მიუყვებოდა - არა მხოლოდ ტკივილით, არამედ იმ რწმენითაც, რომ სიკვდილი დასასრული არ არის... რომ არსებობს სიცოცხლის გამარჯვება სიკვდილზე.

ერთი ტკივილი გვაერთიანებდა, თუმცა ყველას თავისებურად გვტკიოდა. ეს არ იყო მხოლოდ სევდა - ეს იყო დანაკარგი, რომელიც ერთდროულად შეეხო მთელ ერს.

თითქოს თავად ბუნებაც დადუმებულიყო. დუმდა სიონი...

მტკვრის დინება აღარ ჰგავდა ხმაურს - ის უფრო ცრემლს მიაგავდა, ვიდრე წყალს. ცაც დამძიმებულიყო - მძიმე, მოღრუბლული, ადამიანთა გულებივით სევდიანი.

და დუმდა ხალხიც...

ისეთი სიჩუმე ჩამოწვა, რომელიც ხმაზე მეტად ყვიროდა...

დაობლდა საქართველო...

დაობლდა ქართველი ერი...

დაობლდა სრულიად მართლმადიდებელი სამყარო...

დაობლდა ჩვენი უნივერსიტეტიც - ადგილი, რომლის შექმნასა და განმტკიცებაში თავად უწმინდესის ლოცვა და კურთხევა იყო ჩადებული...

როგორი იყო იგი ჩემთვის?

წელში მოდრეკილი, მაგრამ სულით კლდესავით მტკიცე...

ჭაღარა, მშვიდი, ტკბილხმიანი...

ადამიანი, რომელიც სიტყვებით კი არა - სიყვარულით ქადაგებდა.

მის მზერაში იყო სიმშვიდე. მის ხმაში - მამობრივი სითბო. მის დუმილშიც კი - რწმენა.

ის იყო კაცი, რომელიც ზეცასა და მიწას შორის იდგა - თითქოს ანგელოზი იყო ადამიანთა შორის...

მისი არსებობა თავად იყო ლოცვა - უხმო, მაგრამ ყოვლისმომცველი.

მისი თბილი, ღვთისმიერი ხელით დალოცვა დღემდე რჩება ჩვენს გულში.

მისი სიტყვები კი - დროის მიღმაც აგრძელებენ სიცოცხლეს.

ვგლოვობთ...

მაგრამ ამ გლოვაშიც არის მადლიერება და სიხარული, რადგან თქვენ არ წასულხართ ბოლომდე. დარჩით ტაძარში დარეკილი ზარის ხმაში... ანთებულ სანთლებში... ჩუმ ლოცვებში... და იმ გზაზე, რომელიც თქვენ გვაჩვენეთ - გზაზე, რომელსაც ახლა ჩვენ უნდა გავყვეთ.

მზიანი ღამე ჩაესვენა...

და იქ, სადაც ადრე სიტყვები ისმოდა, ახლა ლოცვა დგას.

ჩემს გულს ორი გრძნობა ერთდროულად ავსებს - მწუხარება და სიხარული...

მწუხარება - რადგან დავობლდი… დავკარგე სულიერი მამა, ნუგეში და ამქვეყნიური ანგელოზი...

და სიხარული - რადგან მქონდა ბედნიერება მეცხოვრა თქვენს ეპოქაში... ვყოფილიყავი იმის ნაწილი, რასაც თქვენი მადლიანი ხელი შეეხო...

ახლა კი...

ზეცად კიდევ ერთი მფარველი ანგელოზი გვყავს.

დასრულდა ეპოქა...

ეპოქა, რომელმაც შეცვალა ერის სულიერი ყოფა...

ეპოქა, რომელმაც ჩვენი იდენტობის ნაწილი განსაზღვრა...

დღეს სიცარიელე საერთოა... მაგრამ სწორედ ახლა იწყება გზა - უფრო აღმართიანი, უფრო მძიმე, რომელიც უნდა გავიაროთ, რათა თქვენი დარიგება, კურთხევა და სიყვარული სიცოცხლედ ვაქციოთ.

მშვიდობით!.. ვინც სიცოცხლე სიყვარულით დაგვიტკბე... ვინც სიჩუმეშიც კი ლოცვად დარჩით...

მიყვარხართ, პატრიარქო!..

ლიკა ტოკლიკიშვილი
SANGU-ს სტუდენტი

 

გააზიარე

მთარგმნელ-თარჯიმანთა უმაღლესი სკოლა

მეტის ნახვა

სწავლის შეღავათიანი პირობები

აირჩიეთ SANGU პირველ, მეორე ან მესამე ნომრად და ისარგებლეთ ფინანსური მხარდაჭერით
Learn More

მასწავლებლის მომზადების 60 კრედიტიანი პროგრამა

მასწავლებლის მომზადების 60 კრედიტიანი პროგრამა
მეტის ნახვა