მენიუ

მადლობა, პატრიარქო!

ლუკა კიპაროიძე, SANGU-ს სტუდენტი

მადლობა, პატრიარქო!

არის სიჩუმე, რომელიც სიტყვებზე მეტს ამბობს... სიჩუმე, რომელიც გულს ამძიმებს და მოგონებებს აცოცხლებს. დღეს სწორედ ასეთ სიჩუმეში ვიხსენებთ ჩვენს პატრიარქს, ილია II, ადამიანს, რომლის არსებობაც თავად იყო იმედი, ხოლო მისი სიტყვა ნუგეში მთელი ერისთვის. არის დანაკარგი, რომელსაც სიტყვები ვერ იტევს... არის ტკივილი, რომელიც მარად იცხოვრებს ყველა ქართველის გულში. რთულია ისაუბრო წარსულში მის უწმინდესობაზე, ადამიანზე, რომელმაც მთელი ერი სიყვარულით გააერთიანა. ის იყო ადამიანი, რომლის სიტყვა ყოველთვის აღწევდა ადამიანის გულამდე.

ჩვენი პატრიარქი ყველასთვის იყო სულიერი მამა, რომელიც თავის შვილებს არასდროს ტოვებდა და იყო იქ, სადაც თავის ხალხს უჭირდა. პატრიარქი ყოველთვის გვასწავლიდა მოთმინებას, სიმშვიდეს და გვაძლევდა რწმენას, რომ ბნელშიც კი არსებობს სინათლე. მისი მზერა სითბოს ასხივებდა, მისი სიტყვა კი სიბრძნეს, რომელიც თაობებს გადაეცემოდა.

დღეს, როცა მის გარეშე გვიწევს სამყაროს დანახვა, ყველაფერი სხვანაირია, თითქოს ყველაფერმა ფერი დაკარგა. მზეც სხვანაირად ანათებს, ხალხიც სხვანაირია, ყველას თვალებში დაინახავ სევდას და დარდს, რაც ჩვენმა უწმინდესმა დატოვა მისი ამ ქვეყნიდან წასვლით. თუმცა ყველას თვალებში არის ცოტა სიხარული, სიხარული იმისა, რომ საქართველოს ჰყავს და ეყოლება ზეციური მფარველი და მლოცველი, რომელიც იყო, არის და იქნება ყოველთვის ქართველი ხალხის გვერდით.

როგორც სტუდენტი იმ უნივერსიტეტისა, რომელიც 2008 წელს მისი ლოცვა-კურთხევით დაარსდა, კიდევ უფრო გაორმაგებულ ტკივილსა და დიდ პასუხისმგებლობას ვგრძნობ. უნივერსიტეტში შესვლის დროს ყოველი დერეფანი, ყოველი აუდიტორია თითქოს მისი უხილავი სითბოთი და სიყვარულით არის სავსე. მისი სულიერი მემკვიდრეობა მხოლოდ წარსული არ არის, ეს არის გზა, რომელსაც ჩვენ, ახალგაზრდები, უნდა გავყვეთ. მისი სიტყვა დღესაც ცოცხლობს ჩვენში, ჩვენს აზრებში და ჩვენს მომავალში. ჩემი გული დიდი სიხარულით და პასუხისმგებლობით ივსება. სიხარულით - იმიტომ, რომ ვარ იმ უნივერსიტეტის სტუდენტი, რომელიც მისი უწმინდესობის მიერ არის დაარსებული და პასუხისმგებლობით - იმიტომ, რომ თითოეული ჩვენგანის, როგორც სტუდენტის, მოვალეობაა, მოვუფრთხილდეთ ყველაფერს, რაც ჩვენმა დიდმა პატრიარქმა დაგვიტოვა.

არ შემიძლია არ გავიხსენო ჩემი პირველი შეხვედრა ჩვენს უწმინდესთან. ვმადლობ უფალს, რომ მომეცა საშუალება პირადად მენახა ის. ეს იყო 2017 წლის 17 მაისი, მაშინ საკმაოდ პატარა ვიყავი და კიდევ ვერ ვიაზრებდი რა ხდებოდა ჩემს თავს. 17 მაისს ვიყავი ოჯახის სიწმინდის დღისთვის გამართულ მსვლელობაზე, სადაც ჩემი მოძღვრის ლოცვა-კურთხევით ვიყავი შემოსილი. როდესაც მსვლელობით სამებაში მივედით, იქ დაგვხვდა ჩვენი ტკბილი პატრიარქი. ჩემი მთავარი მიზანი იყო შევსულიყავი სამების საკურთხეველში და შორიდან მაინც დამენახა მისი უწმინდესობა. უფალს ვეხვეწებოდი, გთხოვ მომეცი საშუალება შორიდან მაინც დავინახოთქო და მართლაც, უფლის წყალობით, ხალხის რიგები გავარღვიე, შევედი სამების საკურთხეველში და დავინახე ჩვენი უწმინდესი. გავჩერდი, ვეღარ ვინძრეოდი, ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს უფალი დავინახე და საოცარი სიხარული ვიგრძენი. ვხედავდი როგორ მიდიოდნენ სასულიერო პირები მასთან და უეცრად, ჩემი უძვირფასესი მეუფის წყალობით, მეც აღმოვჩნდი უწმინდესის წინაშე, გავაკეთე დიდი მეტანია და მივედი. არ ვიცი რა მოხდა ჩემს თავს, ისეთი შეგრძნება მქონდა თითქოს გული გამიჩერდა, აღარაფერი მესმოდა. მივედი პატრიარქთან, დამლოცა, ხელზე ვეამბორე და სახეზე მომეფერა, არ ვიცი - ყველაფერი გაჩერდა, ჩემი თვალები ცრემლებით აივსო და როგორც კი გამოვედი უწმინდესისგან მინდოდა ყველასთვის მომეყოლა რა გადამხდა თავს. მაშინ კიდევ ვერ ვიაზრებდი თუ რაოდენ დიდი ადამიანის წინაშე ვიდექი.

ვმადლობ ღმერთს, რომ მოვესწარი ამ ეპოქალურ პატრიარქს, რომელმაც აღაშენა ქართული ეკლესია და უდიდესი როლი ითამაშა ქართული სულის გამოღვიძებაში. დღეს, როცა მის სახელს ვიხსენებთ, ცრემლი უნებურად მოდის. არა მხოლოდ იმიტომ, რომ გვაკლია, არამედ იმიტომ, რომ გვახსოვს, როგორი დიდი ადამიანი გვყავდა. მისი ყოველი სიტყვა, ყოველი დარიგება, ყოველი ლოცვა ახლა კიდევ უფრო ღირებული და ძვირფასი ხდება. სევდა მძიმეა, მაგრამ ამ სევდაში არის მადლიერებაც, მადლიერება იმისა, რომ გვასწავლა უანგარო სიყვარული, ერთობა და რწმენა.

დრო გადის, თაობები იცვლება, მაგრამ ასეთი ადამიანები არასდროს ქრებიან. ისინი რჩებიან ჩვენს მეხსიერებაში, ჩვენს სიტყვებში, ჩვენს ცხოვრებაში და სანამ ჩვენ ვაგრძელებთ იმ გზას, რომელიც მათ დაგვიტოვეს, ისინი ყოველთვის ჩვენთან იქნებიან.

პატრიარქის ოცნება იყო, რომ ენახა გაერთიანებული ერი და ასეც მოხდა. თავისი წასვლით მან გააერთიანა ქართველი ერი და ეს დღეები მხოლოდ ერთი სიტყვა ისმის მთელ საქართველოში, - „გვიყვარხარ, პატრიარქო“, „მადლობა, პატრიარქო“ და მაინც... არის სიჩუმე, რომელიც ყველაფერს ამბობს. არის სევდა, რომელიც სიტყვებზე უფრო ძლიერია.

მიყვარხარ, პატრიარქო! მადლობა, პატრიარქო!

ლუკა კიპაროიძე
SANGU-ს სტუდენტი

გააზიარე

მთარგმნელ-თარჯიმანთა უმაღლესი სკოლა

მეტის ნახვა

სწავლის შეღავათიანი პირობები

აირჩიეთ SANGU პირველ, მეორე ან მესამე ნომრად და ისარგებლეთ ფინანსური მხარდაჭერით
Learn More

მასწავლებლის მომზადების 60 კრედიტიანი პროგრამა

მასწავლებლის მომზადების 60 კრედიტიანი პროგრამა
მეტის ნახვა