მენიუ

SANGU-მ სამეცნიერო-კვლევითი ექსპედიცია განახორციელა

პროექტი SANGU-ს ქართველოლოგიის ცენტრის სამეცნიერო-კვლევითმა ცენტრმა შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მხარდაჭერით განახორციელა

16-26 ივლისს, SANGU-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და სამართლის სკოლის ქართველოლოგიის ცენტრის სამეცნიერო-კვლევითმა ცენტრმა შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მხარდაჭერით, პროექტის, „ქართველურ-თურქულ სამეტყველო კოდთა შერევის კანონზომიერებები ქართველურენოვანი მუჰაჯირების შთამომავალთა მეტყველების მიხედვით“ ფარგლებში თურქეთის რესპუბლიკის ბურსისა და დუზჯეს ილებში სამეცნიერო კვლევითი ექსპედიცია განახორციელა.

სამეცნიერო-კვლევითი ექსპედიციის მიმდინარეობისას, მკვლევარებმა იმუშავეს ბურსას ილის ინეგოლის ილჩეს ქართულ სოფლებში, ბურსას ილის ბურსას ილჩეს სოფლებში. ექსპედიციის ბოლო 3 დღე კი დუზჯეს ილის ილჩეების ქართულ სოფლებს დაეთმო, სადაც ჩაწერილ იქნა ახალი ტექსტები და მთქმელებთან შეჯერდა და შემოწმდა 2021 წელს, დისტანციურ რეჟიმში, ჩაწერილი საკვლევი მასალა.

გარდა ეთნიკური ქართველებისა ექსპედიციის წევრებმა მოინახულეს მათივე მეზობლად მოსახლე აფხაზ, ჩერქეზ, ბოსნიელ თუ ბულგარელ მუჰაჯირთა შთამომავლებიც, გაეცნენ მათ ენობრივ ვითარებას, ყოფა-ცხოვრებასა და კულტურას. ასევე, განხორციელდა საქმიანი ვიზიტები ინეგოლისა და დუზჯეს ქართულ სათვისტომოებში, საქარიის ქართველთა (გურჯთა და ლაზთა) კულტურულ გაერთიანებაში და დუზჯეს უნივერსიტეტის ჰუმანიტარული ფაკულტეტის ქართული ენისა და ლიტერატურის კათედრაზე.

სამეცნიერო-კვლევითი ექსპედიციის მიმდინარეობისას მოპოვებული მასალა დამუშავდება, იქცევა ბეჭდურ ტექსტებად და შევა სამეცნიერო მიმოქცევაში. პროექტის დასრულებისას, დაიწერება შემაჯამებელი მონოგრაფია „ქართველურ-თურქულ სამეტყველო კოდთა შერევის კანონზომიერებები ქართველურენოვანი მუჰაჯირების შთამომავალთა მეტყველების მიხედვით“, რომელშიც ვრცლად იქნება განხილული და გაანალიზებული საკვლევი თემა.

აღსანიშნავია, რომ ქართველურ-თურქულ სამეტყველო კოდთა შერევის კანონზომიერებანი აქამდე არათუ ქართულ, არამედ - თურქულ და უცხოურ ენათმეცნიერებაშიც არავის უკვლევია. არადა, როგორც ცნობილია, სამეტყველო კოდთა შერევა თანამედროვე ენათმეცნიერების ერთ-ერთი აქტუალური თემაა. შესაბამისად, პროექტის მონაწილეთა შემაჯამებელი მონოგრაფია მნიშვნელოვანი იქნება როგორც ქართველოლოგიისა და თურქოლოგიისთვის, ისე - ზოგადი ენათმეცნიერებისათვის. ეს იქნება ინტერდისციპლინარული ნაშრომი.

სამეცნიერო-კვლევითი ექსპედიციის შემაჯამებელი ინტერდისციპლინარული ნაშრომი მალე იქნება ხელმისაწვდომი.

გააზიარე

მთარგმნელ-თარჯიმანთა უმაღლესი სკოლა

Learn More

სწავლის შეღავათიანი პირობები

აირჩიეთ SANGU პირველ, მეორე ან მესამე ნომრად და ისარგებლეთ ფინანსური მხარდაჭერით
Learn More

მასწავლებლის მომზადების 60 კრედიტიანი პროგრამა

მასწავლებლის მომზადების 60 კრედიტიანი პროგრამა
მეტის ნახვა