მენიუ

სტუდენტობა - ცხოვრების განსაკუთრებული ეტაპი

სკოლის პერიოდიდან მაქვს და SANGU-ში ჩაბარების შემდეგ კიდევ უფრო განმიმტკიცდა, ვიყო აკადემიურ სფეროში როგორც ლექტორი, აუცილებლად განვახორციელებ და დავბრუნდები SANGU-ში ახალი სტატუსით

სტუდენტობა ყოველთვის განსაკუთრებულ ეტაპად მესახებოდა. ჩემთვის ის დამოუკიდებლობასთან და გაცნობიერებულ პასუხისმგებლობასთან ასოცირდებოდა.

შინაურულობის, საიმედოობისა და სიმყუდროვის განცდა მეხმარებოდა ჩემი შესაძლებლობების გამოვლენაში.

ალბათ, დამეთანხმებით, რომ პირველ კურსელი, როგორი თავდაჯერებულიც არ უნდა იყოს, ახალ ეტაპს იწყებს, რასაც გარკვეული სირთულეები ახლავს თან. ამ დროს მნიშვნელოვანია, მოახერხო საკუთარი თავის პოვნა უცხო სივრცეში.

მე სწორედ ეს გარემო დამეხმარა, რომ სიმორცხვე, მორიდებულობა, ნაკლები ინიციატივის გამოჩენის სურვილი გადამელახა და მექცია განვითარებისა და წარმატების ინსტრუმენტად.

ხშირად მახსენდება პირველი სემესტრის პერიოდი, როცა ჩემ კურსელ და ახლა უკვე ახლო მეგობრებთან ერთად საქველმოქმედო ღონისძიება დავგეგმე. ახლაც მიკვირს, როგორ შევძელით. ადმინისტრაციის წევრებს არ ვიცნობდით კარგად, თუმცა მაინც მოვახერხეთ კომუნიკაცია და მათი მხარდაჭერით განვახორციელეთ ჩვენი სურვილი.

გულწრფელად რომ გითხრათ, არაერთხელ მოსმენილი ფრაზა: "უნივერსიტეტმა პიროვნულად გამზარდა", ყოველთვის გაზვიადებული მეჩვენებოდა. ახლა კი მეც ვეთანხმები ამ მოსაზრებას.

პირველი კურსიდან პატარ-პატარა მიზნებთან ერთად, შედარებით დიდი სურვილებიც მქონდა, რომლის განხორციელებაც ხშირად არარეალური და რთული მეგონა. ასეთი იყო სტიპენდიანტობა, რომელიც მიუწვდომელ მიზნად წარმომედგინა, თუმცა სურვილითა და მონდომებით ჩემთვის ყველაზე რთულ ეტაპზე, პანდემიის დროს, როცა აკადემიურის აღებასაც კი ვაპირებდი, სტიპენდიანტი გავხდი. ყოველთვის მხიბლავდა და დიდ ყურადღებას იქცევდა ფოიეში წარჩინებული სტუდენტებისთვის განკუთვნილი დაფა. ხშირად წარმომედგინა საკუთარი თავი ამ სივრცეში, მაგრამ მაინც მოულოდნელი იყო, ცოტა ხნის წინ კოორდინატორის ნათქვამი, რომ როგორც წარჩინებული სტუდენტი, დაფაზე ჩემი ფოტო უნდა განეთავსებინათ.

მიხარია, რომ სტუდენტობის პერიოდში თვითმმართველობაში განათლებისა და მეცნიერების დეპარტამენტის ერთ-ერთი ხელმძღვანელი ვიყავი. ვახორციელებდი სხვადასხვა შემეცნებით აქტივობას. ვგეგმავდი საქველმოქმედო ღონისძიებებს და აქტიურად ვიყავი ჩართული საჯარო ლექციებში.

მეგობრებთან საუბრის დროს, როცა გამიჟღერებია გულისწყვეტა ბაკალავრის დასრულებასთან დაკავშირებით, ხშირად უთქვამთ, რომ "არაუშავს, კიდე გააგრძელებ სწავლას, შეგიძლია მაგისტრატურაზე ჩაბარება". რა თქმა უნდა, შემიძლია, თუმცა ეს სხვანაირად მნიშვნელოვანი ეტაპი იყო ჩემ ცხოვრებაში. რასაკვირველია, ეს არ გამორიცხავს იმას, რომ ასევე საინტერესო, სასიამოვნო მოგონებებითა და ნაყოფიერი დღეებით დატვირთული პერიოდი არ შეიძლება იყოს მაგისტრატურის საფეხურზე სწავლის გაგრძელება, თუმცა ამ ეტაპის დასრულებაზე ფიქრი ცოტას მაინც მასევდიანებს.

ვინც მიცნობს, იცის, რომ ჩემთვის ურთიერთობები ყველაზე მნიშვნელოვანია. მადლობა თითოეულ სტუდენტს, ვისთანაც თუნდაც ზედაპირული კომუნიკაცია მქონია. ოთხი წლის განმავლობაში სწორედ ამ კონტაქტმა და უკუკავშირებმა გამზარდა.
ვერ წარმომიდგენია საკუთარი თავი ფსიქოლოგიის გარდა სხვა სფეროში და ვერც SANGU-ს გარდა - სხვა უნივერსიტეტში.

წელს არ ვაპირებ მაგისტრატურაზე სწავლის გაგრძელებას. მაგრამ ჩემი ერთ-ერთი მიზანი, რომელიც დიდი ხანია, სკოლის პერიოდიდან მაქვს და SANGU-ში ჩაბარების შემდეგ კიდევ უფრო განმიმტკიცდა, ვიყო აკადემიურ სფეროში როგორც ლექტორი, აუცილებლად განვახორციელებ და დავბრუნდები SANGU-ში ახალი სტატუსით.

განვლილი წლების განმავლობაში კეთილგანწყობას ვგრძნობდი როგორც სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებლებისგან, ისე ადმინისტრაციის წევრების მხრიდან, რაც სისავსის განცდას მმატებდა.

SANGU-ში შეძენილი ადამიანები დიდი მონაპოვარია ჩემთვის, რისთვისაც ყოველთვის მადლიერი ვიქნები სამყაროსი.

მადლობა დადებითი ემოციებისთვის, რომელიც ყოველთვის მაძლევდა ბიძგს არ გავჩერებულიყავი და გამეგრძელებინა.

დიდი მადლობა თქვენ, სარედაქციო კოლეგიას, ამ შესაძლებლობისთვის, რომ კიდევ ერთხელ, ჩემი რიგით მესამე სტატია ქვეყნდება.

ჩემი გულითადი მხარდაჭერა ყველა აქტიურ სტუდენტსა და მომავალ SANGU-ელს.

 

სალომე სისაური, SANGU-ს სტუდენტი

გააზიარე

მთარგმნელ-თარჯიმანთა უმაღლესი სკოლა

Learn More

სწავლის შეღავათიანი პირობები

აირჩიეთ SANGU პირველ, მეორე ან მესამე ნომრად და ისარგებლეთ ფინანსური მხარდაჭერით
Learn More

მასწავლებლის მომზადების 60 კრედიტიანი პროგრამა

მასწავლებლის მომზადების 60 კრედიტიანი პროგრამა
მეტის ნახვა