მენიუ

SANGU-ს სტიპენდიანტები

ჩემი განწყობა სამი წლის შემდეგ, ისეთივე შთამბეჭდავია, როგორც სამი წლის წინ. SANGU-მ ჩემი მოლოდინი და განწყობა სრულად გაამართლა, ვინმემ რომ მკითხოს, აბიტურიენტი რომ იყო, რომელ უნივერსიტეტს აირჩევდი, ისევ ქართულ უნივერსიტეტზე შევაჩერებდი არჩევანს.

დღევანდელ რუბრიკაში ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და სამართლის სკოლის, ფილოლოგიის საბაკალავრო პროგრამის III კურსის სტუდენტს, ნინო ჯანიაშვილს გაგაცნობთ. ნინო ფილოლოგობაზე ბავშვობიდან ოცნებობდა, გადაწყვეტილების მიღებაში კი დიდი წვლილი მისი ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელს მიუძღვის, რომელმაც სწავლების განსაკუთრებული მეთოდებით, კიდევ უფრო მეტად გაზარდა მასში მშობლიური ენისადმი ინტერესი.

ნინო, მოგესალმები!
მოგესალმებით.

როგორ გაიგე SANGU-ს შესახებ და რატომ აირჩიე სწავლის გასაგრძელებლად?
SANGU-ს შესახებ გავიგე მაშინ, როდესაც ჩემი და მოხვდა ისტორიის საბაკალავრო პროგრამაზე. მისთვის საოცნებო იყო ქართული უნივერსიტეტი. მას შემდეგ, რაც ჩემმა დამ გამიზიარა თავისი ოთხწლიანი გამოცდილება, არაერთხელ ვესტუმრე ქართულ უნივერსიტეტს, ჩემი დის მოწვევით. მაშინ ჯერ კიდევ სკოლის მოსწავლე ვიყავი, დავესწარი ლექციებს, გავიცანი ლექტორები და მეც გამიჩნდა სურვილი, რომ SANGU-ში ჩამებარებინა ჩემთვის სასურველ მიმართულებაზე.

სწორედ იმიტომ, რომ სტუმრობდი უნივერსიტეტს და ლექციებსაც ესწრებოდი, შეგეძლო გამოგეყო პრიორიტეტები, რომლებიც დაგაინტერესებდა. რით მოგხიბლა უნივერსიტეტმა?
ბევრი არ მიფიქრია უნივერსიტეტის შერჩევისას, რადგან ნამდვილად ვიცოდი, რომ არჩევანს ქართულ უნივერსიტეტზე შევაჩერებდი. ჩემთვის პრიორიტეტული იყო და ახლაც არის, თბილი, ოჯახური გარემო, სადაც სტუდენტთა უმეტესობა ერთმანეთს იცნობდა, და ყველაზე მთავარი, ლექტორებთან მექნებოდა მეტად ახლო ურთიერთობა, ზუსტად ვიცოდი, ჩემი დისგანაც, რომ SANGU-ში ეს დამხვდებოდა.

როდესაც SANGU-ს ირჩევდი, ალბათ, გარკვეული მოლოდინები გქონდა, როგორია შენი განწყობა სამი წლის შემდეგ ამ მოლოდინების მიმართ?
აბიტურიენტი როდესაც ვიყავი, ბევრი მოლოდინი მქონდა, მინდოდა მესწავლა ისეთ უნივერსიტეტში, სადაც შევძლებდი ჩემი შესაძლებლობების გამოვლენას, მექნებოდა თბილი ურთიერთობა ლექტორებთან, გარდა ამისა, შევიძენდი მეგობრებს, ჩავერთვებოდი არაერთ მოხალისეობრივ პროექტებში. ჩემი განწყობა სამი წლის შემდეგ, ისეთივე შთამბეჭდავია, როგორც სამი წლის წინ. SANGU-მ ჩემი მოლოდინი და განწყობა სრულად გაამართლა, ვინმემ რომ მკითხოს, აბიტურიენტი რომ იყო, რომელ უნივერსიტეტს აირჩევდი, ისევ ქართულ უნივერსიტეტზე შევაჩერებდი არჩევანს.

ბევრი შრომის შემდეგ სტიპენდიანტიც გახდი, ალბათ, ძალიან ამაყი ხარ?
თავდაუზოგავი შრომით მესამე კურსზე პირველად გავხდი სტიპენდიატი, ჩემთვის ეს, რა თქმა უნდა, მეტად სასიხარულოა. მესამე კურსზე არ ველოდი სტიპენდიატობას, ჩემთვის ეს მოულოდნელი იყო. ძალიან ბედნიერი და მადლიერი ვარ იმისა, რომ სამწლიანი შრომა დამიფასდა და მივიღე ის, რაც პირველი კურსიდანვე მინდოდა. იყო SANGU-ს წარჩინებული, სტიპენდიატი სტუდენტი, ჩემთვის ნიშნავს, რომ სხვა სტუდენტებს მივცე მოტივაცია, თავადაც მიაღწიონ ამ წარმატებას, თავადაც იგრძნონ ის უდიდესი სიხარული და ბედნიერება, რასაც სტიპენდიანტობა ჰქვია.

რატომ ფილოლოგია, რა ასაკში მიხვდი, რომ ამ მიმართულებით უნდა განგევითარებინა შენი შესაძლებლობები?
ბავშვობიდანვე ვიცოდი, რომ ფილოლოგობა მინდოდა, თუმცა ამ პროფესიის არჩევაში დიდი წვლილი მიუძღვის ჩემი ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელს, თამარს, რომელმაც თავისი მეთოდებით, კიდევ უფრო მეტად გაზარდა ჩვენში ინტერესი მშობლიური ენისადმი. მას შემდეგ კი თავად გადავწყვიტე ქართული ფილოლოგიის მიმართულებით მეტი შემესწავლა და, რაც ყველაზე მთავარია, სხვებისთვისაც შემეყვარებინა ჩვენი მშობლიური ენა.
ჩემში ქართული ენის სიყვარული შეიძლება ითქვას ზენიტშია. „ქებაჲ და დიდებაჲ ქართულისა ენისაჲ“ ტექსტში ვკითხულობთ: „და ესე ენაჲ შემკული და კურთხეული სახელითა უფლისათა, მდაბალი და დაწუნებული მოელის დღესა მას მეორედ მოსვლისა უფლისასა“- ჩემთვის მხოლოდ ამ სიტყვებითაც გამოიხატება უზომო სიყვარული მშობლიური ენისა.

გარდა სწავლისა კიდევ რა პროექტებში ხარ ჩართული?
სწავლის გარდა, არაერთ პროექტში ვიყავი ჩართული. განსაკუთრებით საინტერესო, სახალისო და შემეცნებითი იყო პროექტი “SANGU-ს ელჩები“, სადაც პიროვნულად მეტი ცოდნა შევიძინე. ასევე, ჩემი ინიციატივითა და ორგანიზებით, აპრილის თვეში, გავმართეთ იუმორისტული ღონისძიება სახელწოდებით „SANGU-ს იუმორინა 2024“. ღონისძიებაში წარმოდგენილი იყო სახალისო სკეტჩები, ჩვენთვის განსაკუთრებული ლექტორების პაროდიები, (მათ როლში ყოფნა საოცარი იყო), ნომინაციები და სიმღერები. ვისარგებლებ ამ მომენტით და დიდ მადლობას გადავუხდი, პირველ რიგში, ჩემს მეგობრებს, რომელთა გვერდში დგომის გარეშე ვერ შევძლებდი ასეთი ღონისძიების ჩატარებას, რექტორს, ბატონ ირაკლის, კანცლერს, ბატონ თამაზს და დეკანატის წარმომადგენლებს, ყველასი მადლიერი ვარ ხელშეწყობისა და გვერდში დგომისათვის.

რას ურჩევ მათ, ვისაც სურს იყოს წარმატებული, რეალიზებული ადამიანი?
მათ, ვისაც სურს, რომ იყოს წარმატებული აუცილებლად უნდა ახსოვდეს, რომ თავდაუზოგავი შრომისა და გარჯის გარეშე არ არსებობს წარმატება, ნებისმიერ სფეროში. მათ მინდა ვუთხრა, რომ არასდროს არ დანებდნენ, ყოველთვის იბრძოლონ დასახული მიზნის მისაღწევად. იმისათვის, რომ გახდე წარმატებული და რეალიზებული ადამიანი, არ უნდა დაივიწყო სამი რამ: ღვთის რწმენა, შრომა, გარჯა. საკუთარი თავის რწმენა და თავის არ დაზოგვა.

დიდი მადლობა, წარმატებებს გისურვებთ.
გმადლობთ.

მოამზადა ნინო აბრამიშვილმა
ფოტო: ნუგზარ შონია

გააზიარე

მთარგმნელ-თარჯიმანთა უმაღლესი სკოლა

მეტის ნახვა

სწავლის შეღავათიანი პირობები

აირჩიეთ SANGU პირველ, მეორე ან მესამე ნომრად და ისარგებლეთ ფინანსური მხარდაჭერით
Learn More

მასწავლებლის მომზადების 60 კრედიტიანი პროგრამა

მასწავლებლის მომზადების 60 კრედიტიანი პროგრამა
მეტის ნახვა