18 მარტს, 12:00 საათზე, საქართველოს საპატრიარქოს წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში, სანგუში, საერთაშორისო სავალუტო ფონდის მუდმივი წარმომადგენელი საქართველოში, ენდრიუ ჯუელი გამართავს საჯარო ლექციას თემაზე: „საერთაშორისო სავალუტო ფონდის როლი და საქმიანობა საქართველოში“.
ენდრიუ ჯუელი 2023 წლის აგვისტოდან არის საერთაშორისო სავალუტო ფონდის, IMF-ის, მუდმივი წარმომადგენელი საქართველოში. მანამდე იგი იგივე პოზიციას იკავებდა ბოსნია და ჰერცეგოვინაში. 2010 წლიდან, ფონდში მუშაობის პერიოდში, კურირებდა დაბალი შემოსავლის მქონე ქვეყნების ვალის მდგრადობის საკითხებს და იყო უფროსი ეკონომისტი ისეთ ქვეყნებში, როგორებიცაა ალჟირი, ბელგია, საფრანგეთი, ლატვია და ირლანდია.
IMF-ში მუშაობამდე, იგი ათი წლის განმავლობაში მუშაობდა ეკონომისტად აშშ-ის ფინანსთა სამინისტროში, მათ შორის იყო პარიზის კლუბში აშშ-ის ხაზინის მომლაპარაკებელი. ასევე, სამი წლის განმავლობაში საქმიანობდა ფინანსურ ანალიტიკოსად ნიუ-იორკის ფედერალურ სარეზერვო ბანკში.
ენდრიუ ჯუელს მიღებული აქვს საერთაშორისო ურთიერთობებისა და ეკონომიკის მაგისტრის ხარისხი ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის საერთაშორისო კვლევების უმაღლეს სკოლაში.
ლექციის ფარგლებში მომხსენებელი ისაუბრებს საერთაშორისო სავალუტო ფონდის როლზე გლობალურ ეკონომიკაში, ორგანიზაციის საქმიანობის სპეციფიკასა და იმ ძირითად მიმართულებებზე, რომლებსაც ფონდი საქართველოში ახორციელებს.
სასაუბრო ენა: ინგლისური
დასწრება: თავისუფალი