მენიუ

ინტერვიუ პროფესორ დიმიტრი ნადირაშვილთან

SANGU-ში ფსიქოლოგიის საბაკალავრო პროგრამას ფსიქოლოგიის დოქტორი, ევროპაში აკრედიტებული გეშტალტთერაპევტი, პროფესორი დიმიტრი ნადირაშვილი ხელმძღვანელობს

ქართულ უნივერსიტეტში ფსიქოლოგიის საბაკალავრო პროგრამას ფსიქოლოგიის დოქტორი, ევროპაში აკრედიტებული გეშტალტთერაპევტი, პროფესორი დიმიტრი ნადირაშვილი ხელმძღვანელობს.
ის ადრეულ ასაკში დაინტერესდა ფსიქოლოგიით, რომელიც მოგვიანებით პროფესიად აქცია და რომელსაც, უდიდესი პასუხისმგებლობით ემსახურება. იგი ცდილობს ხელი შეუწყოს დარგით დაინტერესებულ პიროვნებებს, განავითარონ თავიანთი უნიკალურობა და ჰუმანური ღირებულებები, რათა შეძლონ და აიღონ პასუხისმგებლობა საკუთარ ცხოვრებაზე, შეიძინონ ის საჭირო უნარ-ჩვევები, რაც ფსიქოლოგიის სფეროში მუშაობისთვის არის აუცილებელი.
რატომ და როგორ აირჩია თავად პროფესია, რას შეისწავლიან SANGU-ს ფსიქოლოგიის პროგრამის სტუდენტები და როგორია მეორე პანდემიური სასწავლო წელი, გვესაუბრება პროფესორი დიმიტრი ნადირაშვილი.

მოგესალმებით ბატონო დიმიტრი!
მოგესალმებით.

ბავშვობა ცნობილი ფსიქოლოგების გარემოცვაში გაატარეთ, როდის დაინტერესდით ამ დარგით და რამდენად განაპირობა თქვენი პროფესიული არჩევანი ოჯახმა?
ფსიქოლოგია ერთ-ერთი ყველაზე ინტელექტუალური და, ამასთან, ბურუსით მოცული პროფესიაა. გაერკვე, როგორაა მოწყობილი ადამიანი და საზოგადოება, ნამდვილად არაა ადვილად გასაგები ბავშვისთვის, მითუმეტეს, შესაყვარებელი. ამიტომ მე, მიუხედავად იმისა, რომ ფსიქოლოგების ოჯახში დავიბადე, ამ პროფესიით სერიოზულად მხოლოდ 16 წლის დავინტერესდი.
ჩემი ამ პროფესიით დაინტერესების მიზეზი იყო, ერთი მხრივ, ის ლიტერატურა ფსიქოლოგიაში, რომლის კითხვაც მერვე კლასში დავიწყე. ამ წიგნებმა ძალიან გამიტაცა და დამაინტერესა. მეორე მხრივ, ამ ინტერესს მიღრმავებდა ახლობელ ადამიანთა წრე, ფსიქოლოგების გარემო. ეს ადამიანები მშობლების მეგობრები და ახლობლები იყვნენ და მონაწილეობდნენ ჩემს ყოველდღიურ ცხოვრებაში. მათ გადმომდეს ის განწყობები, რომელთაც თვითონაც ატარებდნენ. ეს ასე ხდებოდა, მაგალითად, ქალბატონმა მზია გომელაურმა მათხოვა ფროიდის წიგნი - თხუთმეტი ლექცია ფსიქოანალიზში. წაკითხულმა დამაფიქრა და გამაოცა. აღმოვაჩინე, რომ ჩემშიც არის განდევნილი არაცნობიერი. მახსოვს, ბატონი ზურა ბიგვავა ჭიდაობის ხერხებს მასწავლიდა, ხოლო ბატონ თამაზ ნონიაშვილს საიდანღაც ამერიკული ჯინსები მოჰქონდა მამაჩემთან, უყიდეო. ამ ადამიანებთან მეგობრულად ვურთიერთობდი.
თავს ბედნიერად ვთვლი, რომ ფსიქოლოგიის პროფესიას ვფლობ და ყოველდღე ვცდილობ გავიმდიდრო ეს ცოდნა. ის, გარდა იმისა, რომ ინტელექტუალურად მზრდის, ასევე მიადვილებს ცხოვრებას. გაცილებით საინტერესოს ხდის, კერძოდ, პიროვნებათშორის ურთიერთობას, სხვადასხვა ჯგუფებთან ყოფნას. მეხმარება იმაში, რომ მათთან საკუთარი თავი არ ვიგრძნო გაუცხოებულად, მეხმარება ავთენტურად ყოფნაში.

იყო შოთა ნადირაშვილის შთამომავალი, ალბათ, დიდი პატივია და პასუხისმგებლობაც.
აღზრდა ყველაზე მნიშვნელოვანი პროცესია ცხოვრებაში. ამას, როგორც ფსიქოლოგი, ფსიქოთერაპევტი და მშობელი, ახლა უკვე ვაცნობიერებ.
მამაჩემი, აკადემიკოსი შოთა ნადირაშვილი, დიმიტრი უზნაძის დაარსებულ ფსიქოლოგიის ინსტიტუტს ოცდაათ წელზე მეტ ხანს ხელმძღვანელობდა. ამავე დროს, სათავეში ედგა საქართველოს ფსიქოლოგთა საზოგადოებასაც, ხოლო ფსიქოლოგთა მსოფლიო კონფერენციებზე განწყობის ფსიქოლოგიის სექციას თავმჯდომარეობდა. იგი ოთხმოცამდე დისერტანტის ხელმძღვანელი იყო და მათ პროფესიონალად ჩამოყალიბებაში მონაწილეობდა. მას აღებული ჰქონდა პასუხიმგებლობა ფსიქოლოგიის განვითარებაზე საქართველოში და, ჩემი აზრით, ამ რთულ ამოცანას ენთუზიაზმით ართმევდა თავს. ამის და კიდევ კარგი მამობისთვის, ჩემგან დიდ პატივისცემას იმსახურებს. ეს კი ჩემთვის ნიშნავს, როგორც მშობელმა და პედაგოგმა, ხელი შევუწყო ჩემთან ახლო ურთიერთობაში მყოფ პიროვნებებს, რათა მათ განავითარონ თავიანთი უნიკალურობა, ჰუმანური ღირებულებები და შეძლონ და აიღონ პასუხისმგებლობა საკუთარ ცხოვრებაზე. ამ პროცესში ჩართული ვარ, ერთი მხრივ, როგორც უნივერსიტეტის პროფესორი, და მეორე მხრივ, როგორც ფსიქოთერაპევტი გეშტალტ სასწავლო ინსტიტუტში. ვერ ვიტყვი, რომ ეს პასუხისმგებლობა მამძიმებს, პირიქით, ენთუზიაზმს და ხალისს მმატებს.


რას მოიცავს ფსიქოლოგიის პროგრამა, რა ელით პირველკურსელებს, რომლებმაც SANGU-ში აღნიშნული პროგრამა აირჩიეს?
ჩვენი ფსიქოლოგიის პროგრამა უნიკალურია. ის სამ ძირითად ორიენტირზე, სვეტზე დგას. პირველი, ვაძლევთ ბაზისურ ზოგადფსიქოლოგიურ განათლებას, ვასწავლით უამრავ საინტერესო საგანს, რომლებიც ფსიქოლოგიის ანბანია. ასეთებია: ზოგადი ფსიქოლოგია, ფსიქოლოგიის ისტორია, პედაგოგიური და სოციალური ფსიქოლოგია, განვითარების ფსიქოლოგია...
მეორე სვეტია ქართული ფსიქოლოგიის მონაპოვარი და საგანძური - განწყობის ფსიქოლოგიის აღმოჩენები, დიმიტრი უზნაძიდან დაწყებული დღემდე. მნიშვნელოვანია, რომ სტუდენტმა იცოდეს საკუთარი ფესვები, რომლებითაც ნამდვილად შეიძლება იამაყოს...
მესამეა გამოყენებითი ფსიქოლოგია, ის, რაც ფსიქოლოგისთვის ხელობას წარმოადგენს. აქაა ფსიქოთერაპიული მიმართულებები: გეშტალტთერაპია ფსიქოანალიზი. კლიენტზე ორიენტირებული თერაპია, ტრანსაქციული ანალიზი, ინკლუზიური მუშაობა... მოკლედ, საინტერესო და პრაქტიკაში გამოსაყენებელი ფსიქოლოგია, ჩვენი ხელობა, პური ჩვენი არსობისა...
ამ ყველაფერთან ერთად სტუდენტებს ვასწავლით ინგლისურს: პროფესიულ-ფსიქოლოგიურ ტერმინოლოგიას და ენას. ჩვენ ინგლისურენოვან გლობალურ სამყაროში ვცხოვრობთ, ამიტომ თუ გვინდა გადავრჩეთ, ან რაიმე შევცვალოთ პროფესიულ სამყაროში, ინგლისურის ცოდნა აუცილებელია და უფრო კონკრეტულად ინგლისურის პროფესიულად ცოდნა: ფსიქოლოგიური ტერმინები და ცნებები.

პანდემიამ სტუდენტური გარემო და ზოგადად მსოფლიო რადიკალურად შეცვალა, უკვე მეორე წელია SANGU-ში წარმატებულად ხორციელდება დისტანციური სწავლება. როგორ ფიქრობთ, გარდა სასწავლო პროცესის ონლიან რეჟიმში წარმართვისა კიდევ რა გამოწვევების წინაშე დააყენა არსებულმა ვითარებამ სტუდენტობა?
მართლაც, წელიწადზე მეტია უნივერსიტეტში სწავლება დისტანციურად მიმდინარეობს. სტუდენტებს ისე, როგორც ყველა დანარჩენს, მოუწიათ ახალ რეალობაში აღმოჩენა. ეს ადვილი არაა. სტუდენტების საქებრად უნდა ითქვას, რომ მათ ეს ადაპტაცია მოახერხეს. უფრო მეტიც, პროფესორ-მასწავლებლების დახმარებით ამგვარ სწავლის პროცესში დადებითი მხარეებიც ვნახეთ. აღსანიშნავია, რომ ელექტრონული პლატფორმის ათვისებით, კონტაქტის პროცესი ლექცია-სემინარებზე დაიხვეწა. მეორე პლუსია, რომ სტუდენტები და პროფესურა, სახლიდან უნივერსიტეტში მისვლა-მოსვლაში, დროს გზაში არ კარგავს. არიან სტუდენტები, რომლებიც სხვა ქალაქებიდან და სოფლებიდან ერთვებიან.
ამგვარად, გამოწვევები სერიოზულია, მაგრამ სიძნელეები გადავლახეთ და სწავლა-განათლება წარმატებით გრძელდება.

როგორია ამ გამოწვევების დაძლევის გზები?
ჩემთვის პიროვნულად პანდემია პრობლემა აღარაა, ადავპტირდი, როგორც უნივერსიტეტის პროფესორიც. ყოველგვარი სიძნელისთვის მზად ვარ.

პირველკურსელებს უჩვეულო სტუდენტურ გერემოში უწევთ ადაპტირება, როგორია თქვენი, როგორც ფსიქოლოგის, რჩევები ახალ გარემოსთან შესაგუებლად?
ადამიანისთვის, რომელსაც პასუხისმგებლობა, იდეალები და დიდი მიზნები აქვს, გადაულახავი არაფერია. ასეთ სიძნელეებთან კი არა, გულაგში და საკონცენტრაციო ბანაკში ადაპტირდნენ და იქაურ სიძნელეებზე ღირსებით გაიმარჯვეს. სტუდენტები მინდა ყოველმხრივ დავაწყნარო, ჩვენი პროფესურის სახით გვერდში ისეთი ადამიანები ჰყავთ, რომ არა მარტო სიძნელეს გადალახავენ, არამედ სწავლა დიდ სიამოვნებად ექცევათ.

დიდი მადლობა, წარმატებებს გისურვებთ.
გმადლობთ.

მოამზადა ნინო აბრამიშვილმა

გააზიარე

მთარგმნელ-თარჯიმანთა უმაღლესი სკოლა

Learn More

სწავლის შეღავათიანი პირობები

აირჩიეთ SANGU პირველ, მეორე ან მესამე ნომრად და ისარგებლეთ ფინანსური მხარდაჭერით
Learn More

მასწავლებლის მომზადების 60 კრედიტიანი პროგრამა

მასწავლებლის მომზადების 60 კრედიტიანი პროგრამა
მეტის ნახვა