SANGU-ს სტუდენტების Erasmus+ გამოცდილება პოლონეთში
Erasmus+ ახალგაზრდული გაცვლითი პროექტის ფარგლებში SANGU-ს სტუდენტები პოლონეთში გამართულ პროგრამაში მონაწილეობდნენ, სადაც კულტურულ გაცვლაში, თემატურ ვორქშოფებსა და გუნდურ აქტივობებში ჩაერთნენ.Erasmus+ ახალგაზრდული გაცვლითი პროექტი „Back to Basics: Slow Tech & Rediscovering Hobbies“ 2026 წლის 11-20 სექტემბერს პოლონეთში გაიმართა. პროექტმა ხუთი ქვეყნის ახალგაზრდები გააერთიანა და მათ შესაძლებლობა მისცა, დროებით შეემცირებინათ ტექნოლოგიებზე დამოკიდებულება, მეტი დრო დაეთმოთ შემოქმედებით საქმიანობას, ჰობებს, კულტურულ გაცვლასა და ერთმანეთთან უშუალო ურთიერთობას.
პროექტის ფარგლებში მონაწილეები ჩაერთნენ თემატურ ვორქშოფებში, გუნდურ აქტივობებსა და კულტურულ საღამოებში, გაუზიარეს ერთმანეთს გამოცდილება და უკეთ გაიცნეს სხვადასხვა ქვეყნის კულტურა.
პროექტში მონაწილე SANGU-ს სტუდენტები საკუთარ შთაბეჭდილებებს, გამოცდილებასა და საუკეთესო მოგონებებს გვიზიარებენ.
ლია ტოკლიკიშვილი
![]() | Erasmus+ პროექტი ჩემთვის განსაკუთრებული და ძალიან საინტერესო გამოცდილება აღმოჩნდა. პროექტი დატვირთული იყო მრავალფეროვანი, სახალისო და ამავდროულად ინფორმაციული აქტივობებით, რომლებმაც შესაძლებლობა მოგვცა ბევრი რამ გვესწავლა და ახალი უნარები შეგვეძინა. განსაკუთრებით დასაფასებელი იყო ის, რომ მონაწილეებს გვაძლევდნენ თავისუფლებას, თავად დაგვეგეგმა სხვადასხვა workshop-ი და ice-breaking აქტივობა; ამან არა მხოლოდ ჩვენს შემოქმედებითობას შეუწყო ხელი, არამედ მონაწილეებს შორის კიდევ უფრო ახლო ურთიერთობები და მეგობრობაც განაპირობა. პროექტის ერთ-ერთი გამორჩეული ნაწილი კულტურული საღამო იყო. საქართველოს წარმოჩენის შესაძლებლობა ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი აღმოჩნდა. მონაწილეებს გავაცანით ჩვენი ქვეყნის ისტორია, ღირებულებები, რელიგია. მოვუყევით ქართული დამწერლობის უნიკალურობის შესახებ, გავაცანით ქართული მრავალხმიანობა. სიმბოლურად, მონაწილეთა სახელები ქართულად, ჩვენი სამი დამწერლობის გამოყენებით დავწერე და მათ სამახსოვროდ გადავეცი. ჩვენი კულტურის გაცნობით მიღებულმა შთაბეჭდილებებმა იმდენად დიდი ინტერესი გამოიწვია, რომ პროექტის განმავლობაში მონაწილეები თითქმის ყოველ საღამოს გვთხოვდნენ, მათთვის ახალი ქართული სიტყვა გვესწავლებინა, ქართული სიმღერა გვემღერა ან ქართული ცეკვა გვეცეკვა. განსაკუთრებით სასიამოვნო იყო მათი ნამდვილი ინტერესი საქართველოსა და მისი კულტურის მიმართ. |
ლუკა კიპაროიძე
![]() | პოლონეთში, Erasmus+ პროექტით წასვლა, ჩემთვის ერთ-ერთი ყველაზე სასიამოვნო და დაუვიწყარი გამოცდილება იყო. მიუხედავად იმისა, რომ მსგავსი პროექტი ჩემთვის პირველი არ ყოფილა, ნამდვილად განსაკუთრებულ ადგილს დაიკავებს ჩემს მოგონებებში. გზა ძალიან გრძელი და დამღლელი იყო, მაგრამ საბოლოოდ მივხვდი, რომ თითოეული წუთი ღირდა, პროექტმა ჩემს ყველა მოლოდინს გადააჭარბა. იქ დაგვხვდა საოცრად თბილი და მეგობრული გარემო, უამრავი საინტერესო ადამიანი და შესაძლებლობა, გაგვეცნო ერთმანეთის კულტურა, ტრადიციები და ცხოვრების განსხვავებული სტილი. განსაკუთრებით დასამახსოვრებელი იყო კულტურული საღამოები. პირველი კულტურული საღამო ქართველებმა ჩავატარეთ; ყველაზე ბედნიერი მომენტი კი ის იყო, როდესაც მონაწილეები შემოგვიერთდნენ და ქართულ ცეკვებზე ჩვენთან ერთად დაიწყეს ცეკვა. იმ წამს ნამდვილად ვიგრძენი, რამდენად შეუძლია კულტურას ადამიანების ერთმანეთთან დაახლოება, მიუხედავად იმისა, რომ სხვადასხვა ქვეყნიდან და კულტურიდან ვართ. ეს იყო გამოცდილება, რომელმაც არა მხოლოდ ბევრი ახალი რამ მასწავლა, არამედ უფრო თავდაჯერებული და გახსნილი გამხადა. განსაკუთრებით ემოციური იყო ბოლო დღეები; იყო სევდა, ჩახუტება და უამრავი დაპირება, რომ ეს შეხვედრა უკანასკნელი არ იქნებოდა. დავემშვიდობეთ ერთმანეთს ერთი დიდი იმედით, რომ ოდესმე, რომელიმე ქვეყანაში, ისევ შევიკრიბებით და კიდევ ერთხელ გავიხსენებთ იმ დღეებს, რომლებმაც ასე დაგვაახლოვა. |
მარიამ მახვილაძე
![]() | პოლონეთში Erasmus+ პროექტით წასვლამდე შერეული ემოციები მქონდა. ვფიქრობდი, რომ პირველი დღეები შეიძლება ცოტა დაძაბული ყოფილიყო, რადგან ბევრი ახალი ადამიანის გაცნობა და მუდმივად ინგლისურად კომუნიკაცია მომიწევდა. თუმცა, საბოლოოდ, გამოცდილება იმაზე ბევრად უკეთესი აღმოჩნდა, ვიდრე თავიდან წარმომედგინა. პროექტის აქტივობებმა, გუნდურმა მუშაობამ და კულტურულმა გაცვლამ გამოცდილება კიდევ უფრო საინტერესო გახადა. განსაკუთრებით მომეწონა მეგობრული გარემო და ის, რომ ყველას მონაწილეობისკენ მოუწოდებდნენ, თუმცა ზედმეტი ზეწოლა არ იგრძნობოდა. ასევე მინდა აღვნიშნო ჯგუფის ლიდერები, რომლებიც ძალიან ყურადღებიანი და გამგებიანი იყვნენ. თუ ვინმე ფიზიკურად ან ემოციურად თავს კარგად არ გრძნობდა, ამას პატივს სცემდნენ და მონაწილეებს დასვენებისა და საკუთარი თავისთვის დროის გამოყოფის შესაძლებლობას აძლევდნენ. ამან მთელი პროექტის განმავლობაში თავი უფრო კომფორტულად და დაცულად მაგრძნობინა. |
ნატო ბექაური
![]() | Erasmus+ გაცვლით პროგრამაზე თავდაპირველად ცოტა სკეპტიკურად ვიყავი განწყობილი. ვფიქრობდი, რომ შესაძლოა პროგრამა ისეთი არ ყოფილიყო, როგორსაც ველოდი. ასევე, ცოტა მაშინებდა ენის ბარიერი, რადგან ინგლისურად თავისუფლად საუბარი არ შემიძლია და მეშინოდა, რომ სხვა მონაწილეებთან კომუნიკაცია გამიჭირდებოდა. თუმცა, ჩასვლის შემდეგ ჩემი შეხედულება მთლიანად შეიცვალა. ძალიან მალე გავიცანით ერთმანეთი, დავუახლოვდით მონაწილეებს და შევიძინე უცხოელი მეგობრები. განსაკუთრებით მომეწონა ის, რომ სხვადასხვა ქვეყნის კულტურას გავეცანი და მათთან ურთიერთობით ბევრი ახალი რამ ვისწავლე. ამ გამოცდილებამ დამანახა, რომ ენის ბარიერი არც ისეთი დიდი დაბრკოლებაა, როცა ადამიანებთან ურთიერთობის სურვილი გაქვს. პროექტის განმავლობაში ნაკლებ დროს ვატარებდით ტელეფონებსა და ინტერნეტში და უფრო მეტ დროს ვუთმობდით ერთმანეთთან ურთიერთობას, თამაშებს, სხვადასხვა აქტივობასა და ხელნაკეთი ნივთების შექმნას. ეს ყველაფერი ძალიან საინტერესო, სახალისო და სასიამოვნო იყო. განსაკუთრებით მომეწონა მეგობრული გარემო და ის, რომ ყველა მონაწილე აქტიურად იყო ჩართული. |
ნიკა მამეიშვილი
![]() | გამომდინარე იქიდან, რომ ეს არ იყო ჩემი პირველი Erasmus+ პროექტი, ეს იყო ჩემი ცხოვრების წიგნის საუკეთესო თავი; ჩემს ცხოვრებაში დაუვიწყარი 10 დღე. ამ დროის განმავლობაში გავიგე უნგრეთის, უკრაინის, რუმინეთის და პოლონეთის გამორჩეული და ცნობილი სახეები, მათი წესები, ტრადიციები, კულტურა. გარდა ამისა, ძალიან ბევრი და საინტერესო ice-breaker-ი და workshop-ი. უმთავრესი ეპიზოდი ამ 10 დღიდან არიან ის ადამიანები, რომლებმაც ეს ყველაფერი სრულყოფილი, ასეთი სახალისო და დასამახსოვრებელი გახადეს; მადლობა მათ ამისთვის, იმ სითბოსა და სიყვარულისთვის, რაც ამ დღეების განმავლობაში მათ მაგრძნობინეს. განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო ჩემს უნივერსიტეტს და იმ ადამიანებს, ვისაც წვლილი მიუძღვის ჩემი ამ დაუვიწყარი გამოცდილების მიღებაში. განსაკუთრებული მადლობა მათ ამისთვის და მადლობა ჩემს აწ უკვე მეგობრებს, რომლებმაც ეს ყველაფერი ჯადოსნური და დაუვიწყარი გახადეს! |
მედეა გოგილაშვილი
![]() | პოლონეთი ყოველთვის იყო ჩემს მიერ სანახავი სასურველი ქვეყნების სიაში ერთ-ერთი პირველი. როდესაც გავიგე, რომ ამ ქვეყანაში განხორციელებულ პროექტში მონაწილეობის საშუალება მექნებოდა, ძალიან გამიხარდა და წინასწარვე დიდი მოლოდინები ჩამომიყალიბდა. ველოდი, რომ ვნახავდი ულამაზეს გდანსკს, დავაგემოვნებდი გემრიელ პოლონურ სამზარეულოს. გარდა ამისა, საინფორმაციო ბუკლეტის მიხედვით, უკვე შექმნილი მქონდა წარმოდგენა იმ სახლთან დაკავშირებით, სადაც პროექტის მანძილზე უნდა გავჩერებულიყავით. ეს იყო უმშვენიერესი, მყუდრო გარემო, რომელიც აკმაყოფილებდა მონაწილეების ყველა საჭიროებას. ჩემი ყოველგვარი მოლოდინი გამართლდა. მიუხედავად იმისა, რომ მონაწილეები სხვადასხვა ქვეყნებიდან ვიყავით და ერთმანეთს არ ვიცნობდით, ამ პროექტში თავი ისე ვიგრძენი, თითქოს ჩემი ბავშვობის მეგობრებთან ან თუნდაც ოჯახის წევრებთან ერთად ვიყავი. ეს იყო ჩემი ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი Erasmus+ პროექტი, რომელშიც აქამდე მიმიღია მონაწილეობა, სადაც უმაღლეს დონეზე იყო ყველა დეტალი გათვალისწინებული, დაწყებული აქტივობებითა და ლიდერებით და დამთავრებული მონაწილეებით. |
მსგავსი სიახლეები
საინფორმაციო შეხვედრა ქორეოგრაფიულ ანსამბლ „კარიბჭეში“ გაწევრიანების მსურველ სტუდენტებთან
13 ოქტომბერს, 13:45 საათზე, წმ. ანდრიას ქართულ უნივერსიტეტში გაიმართება საინფორმაციო შეხვედრა SANGU-ს ქორეოგრაფიული ანსამბლის „კარიბჭე“ წევრობის მსურველ სტუდენტ...
საჯარო ლექცია: „ციფრული ტრანსფორმაცია და ხელოვნური ინტელექტი"
9 ოქტომბერს, 12:00 საათზე, წმ. ილია მართლის სახელობის საკონფერენციო დარბაზში Universitas Mercatorum-ის ლექტორი მარია მენშიკოვა გამართავს საჯარო ლექციას თემაზე:...

