ბატონო ზურაბ, მოგესალმებით.
მოგესალმებით.
SANGU-ში ძალიან წარმატებულად ხორციელდება სწავლა მასწავლებლის მომზადების 60-კრედიტიან პროგრამაზე რომელიც, შეიძლება ითქვას, რომ ერთ-ერთი უკონკურენტოა.
დიახ, ამ პროგრამის შესახებ ხშირად გვეკითხებიან, ბევრს აინტერესებს ინფორმაცია მის შესახებ, უმეტესობას მასზე მოხვედრა უნდა, ზოგს ახლობლისთვის უნდა გარკვევა ან, უბრალოდ, გაგებული აქვთ პროგრამის შესახებ და აინტერესებთ, რამდენად გამოადგებათ. ამ პროგრამის აკრედიტაციისთვის მომზადება რომ დავიწყეთ, ბევრ უნივერსიტეტს უკვე ჰქონდა აკრედიტაცია გავლილი და სწავლაც მიმდინარეობდა. ჩვენ ამ პროგრამით ერთი წლის დაგვიანებით გამოვჩნდით საგანმანათლებლო სივრცეში, თუმცა სწრაფად აღმოვჩნდით ლიდერთა შორის.
მართლაც, შეიძლება ითქვას, რომ პროგრამა წარმატებულია, მიღება ყოველ წელს იმატებს, როგორ შეძელით ამ სტატუსის შენარჩუნება?
ეს რამდენიმე მიზეზით არის განპირობებული; პირველ რიგში, იმით, რომ პროგრამა შეიმუშავეს და მისი ლექტორ-პედაგოგები არიან მასწავლებლის სახლის საგნობრივი ექსპერტ-კონსულტანტები, ასევე ესგ-ს საგნობრივი ექსპერტები, გამოცდილი ტრენერები, სასკოლო და მეთოდური სახელმძღვანელოების ავტორები ან მოკლედ, რომ ვთქვათ, ლიდერები ამ სფეროში; ამიტომ არის, რომ ყველა ის სიახლე, რაც დღეს სკოლებში და მასწავლებელთა პროფესიულ განვითარებაში ინერგება, მაშინვე აისახება ჩვენს პროგრამაში.
სასწავლო გრაფიკი თუ ითვალისწინებს სტუდენტთა მოთხოვნებს?
ჩვენ თავიდანვე შევისწავლეთ ის კონტიგენტი, ვისაც მოუწევდა ჩვენს პროგრამაზე სწავლა, გავეცანით მათ საჭიროებებს, სურვილებს და ავსახეთ პროგრამაში. ეს არის მაქსიმალურად მოქნილი და სტუდენტზე მორგებული სასწავლო გრაფიკი, რაც ძალზე მნიშვნელოვანია მათთვის, რადგან ბევრი უკვე დასაქმებულია, დაოჯახებულია, ასევე ბევრს უწევს სხვა რეგიონიდან სიარული და ამ მხრივაც სჭირდებათ ხელშეწყობა.
რაც შეეხება დაფინანსებას, რამდენია სწავლის საფასური და რამდენად მონაწილეობს უნივერსიტეტი დაფინანსების პროცესში?
ამ მხრივ დიდი მხარდაჭერა გვაქვს უნივერსიტეტის ადმინისტრაციისგან. ამ პროგრამაზე გვაქვს 80 ადგილი სახელმწიფო დაფინანსებით; ხოლო ფასიან ადგილებზე ჩარიცხულებისთვის, სადაც გადასახადი ყველგან 2250 ლარია, უნივერსიტეტი შედის თანადაფინანსებაში და ფარავს თანხის 40%-ს, შესაბამისად, სტუდენტს რჩება მხოლოდ 60% გადასახდელი ანუ 1350 ლარი, რასაც უნივერსიტეტი კიდევ უნაწილებს ოთხ ნაწილად სასწავლო წელზე. უნივერსიტეტის ადმინისტრაცია დაგვეხმარა ყველაზე დეფიციტური - საბუნებისმეტყველო საგნების მიმართულებით სტუდენტების მოზიდვაში. წინა წლებში სულ თითო სტუდენტი გვყავდა ამ საგნებზე, ახლა კი მათი რაოდენობა 20-მდეა, რითაც ასევე ყველასგან გამორჩეულია ჩვენი პროგრამა. ამასთან, ისიც უნდა აღინიშნოს, რომ უნივერსიტეტი არ წყვეტს კავშირს თავის კურსდამთავრებულებთან, ეხმარება დასაქმებაში; ცოტა ხნის წინ შეიქმნა SANGU-ს მასწავლებელთა ჰაბი, რომელშიც გაერთიანდებიან როგორც პროგრამის კურსდამთავრებულები, ასევე პროგრამის ლექტორები, უნივერსიტეტის სხვა წარმომადგენლები; ამ გაერთიანების მიზანია შევინარჩუნოთ კავშირი უნივერსიტეტის მასწავლებლის მომზადების პროგრამის კურსდამთავრებულებთან, რომელთა რიცხვი უკვე 600-ზე მეტია; მათი საშუალებით კი გავაძლიეროთ კავშირი სკოლებთან, რადგან ჩვენი კურსდამთავრებულები საკმაოდ მოთხოვნადი არიან და ბევრ სკოლაში არიან დასაქმებულები; შევთავაზოთ მათ სხვადასხვა ტრენინგი, მასტერ-კლასი, სამუშაო შეხვედრები, კონფერენციები მასწავლებლებისა და მოსწავლეებისთვის. სტუდენტის და ლექტორის არცერთ სურვილს თუ პრობლემას არ ვტოვებთ უყურადღებოდ, ამას სტუდენტებიც და ლექტორებიც ხედავენ და აფასებენ; თვითონაც იმავე განწყობით არიან.
სკოლები ახსენეთ, სასწავლო კურსი თუ ითვალისწინებს პრაქტიკას?
სასწავლო პროგრამაში შედის სასკოლო პრაქტიკა, რომელსაც სტუდენტები გადიან საჯარო ან კერძო სკოლებში; ამ მხრივ არჩევანის სრულ თავისუფლებას ვაძლევთ მათ, შევურჩევთ სკოლებს მათი საცხოვრებელი ან სამუშაო ადგილის მიხედვით.
რომელ საგნობრივ მიმართულებებს მოიცავს პროგრამა და ვინ არიან პროგრამის პროფესორები?
პირველ ჯერზე პროგრამა ამზადებდა პედაგოგებს 7 საგნობრივი მიმართულებით; ესენია - ინგლისური ენა (დაწყებითი, საბაზო და საშუალო საფეხური), ქართული ენა და ლიტერატურა (საბაზო და საშუალო საფეხური), ისტორია (საბაზო და საშუალო საფეხური), მათემატიკა (საბაზო და საშუალო საფეხური), ფიზიკა (საბაზო და საშუალო საფეხური), ქიმია (საბაზო და საშუალო საფეხური), ბიოლოგია (საბაზო და საშუალო საფეხური); შარშან გავიარეთ აკრედიტაცია კიდევ 8 საგნობრივი მიმართულებით: ქართული ენა და ლიტერატურა (დაწყებითი), მათემატიკა (დაწყებითი), ბუნებისმეტყველება (დაწყებითი საფეხური), გეოგრაფია (საბაზო და საშუალო საფეხური), სამოქალაქო განათლება (საბაზო და საშუალო საფეხური), ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება, მუსიკა. ასე რომ, ამ ზაფხულში 15 სხვადასხვა საგნის მასწავლებლობის მსურველებს მივიღებთ; კიდევ ვამზადებთ პროგრამის მესამე პაკეტს და ერთი წლის შემდგომ უკვე ყველა საგნის მასწავლებლობის მსურველების მიღებას შევძლებთ ჩვენს პროგრამაზე. ამ პროგრამაზე ასწავლიან როგორც ჩვენი უნივერსიტეტის არჩეული პროფესორები - ნონა პოპიაშვილი, ნინო კობალაძე, მიხეილ ტეფნაძე, დავით ლიპარტელიანი და მათ შორის მეც - ზურაბ ბერია, ასევე მოწვეული ლექტორები - გურამ გოგიშვილი, მაია ინასარიძე, მარინა ჭელიძე, ნათია არაბული, თამარ მალაზონია, ნათია ნიაური, გიორგი გახელაძე, ქეთი ბაცანკალაშვილი, ლიანა კობესაშვილი, გიორგი მოდებაძე.
და ბოლოს, ადმინისტრაციული დეტალების შესახებ რომ გვითხრათ, რა ეტაპები უნდა გაიაროს აპლიკანტმა პროგრამაზე დარეგისტრირებამდე და რა სახისაა შემდგომი გასაუბრება?
პროგრამაზე დარეგისტრირებისთვის აპლიკანტს უნდა ჰქონდეს ჩაბარებული მასწავლებლის კომპეტენციის დამადასტურებელი გამოცდა ანუ მასწავლებლის გამოცდა არანაკლებ 60%-ზე იმ საგანში, რომელზეც აპირებს სწავლას. ამის შემდეგ შეუძლია დარეგისტრირდეს ჩვენს უნივერსიტეტში და გაიაროს ზეპირი გასაუბრება; გასაუბრების შეფასების კრიტერიუმები საჯაროა და დევს უნივერსიტეტის გვერდზე; ზოგიერთ საგანში (ინგლისური, ქართული) ზოგჯერ ზეპირ გასაუბრებას ემატება ესეს წერა, რაზეც წინასწარ ვაცნობებთ აპლიკანტებს; გასაუბრების შედეგების მიხედვით შეირჩევიან ის სტუდენტები, რომლებიც მოიპოვებენ სახელმწიფო გრანტს ანუ ისწავლიან უფასოდ; დანარჩენ აპლიკანტებს ვთავაზობთ სწავლას გადასახადით უნივერსიტეტის 40%-იანი თანადაფინანსებით, რაზეც ზემოთ უკვე ვისაუბრეთ; უნივერსიტეტი, ტრადიციულად, გაზაფხულზევე აცხადებს წინასწარ რეგისტრაციას პროგრამაზე, რის შემდეგ დარეგისტრირებულ აპლიკანტებს ვაწვდით ყველა ინფორმაციას გასაუბრების ვადებზე, საჭირო დოკუმენტების შესახებ, ვუტარებთ წინასაგამოცდო კონსულტაციებს და ა.შ.
დიდი მადლობა, წარმატებებს გისურვებთ.
გმადლობთ.
მოამზადა ნინო აბრამიშვილმა
ფოტო: ნუგზარ შონია