ხშირად მიფიქრია ამ მომენტზე, თუმცა ვერც კი წარმოვიდგენდი, ასეთი უცნაური შეგრძნება თუ იქნებოდა.
მიხარია და კმაყოფილი ვარ, რომ დასახული მიზნების განხორციელება შევძელი. ბევრი სასიამოვნო და დასამახსოვრებელი დღე დავაგროვე, რომელთაც ძვირფასი მოგონებების სახით ვინახავ და ვუფრთხილდები.
უნივერსიტეტის დამთავრება თითქოს არ მახარებს. უფრო კმაყოფილი ვარ, გონივრული არჩევანის და ყველა შემდგომი ნაბიჯის, რომლებიც ოთხი წლის განმავლობაში გადამიდგამს.
ბევრი დაბრკოლება იყო. ყველაზე რთულ ეტაპად პანდემიის პერიოდი მახსენდება. არაერთხელ მქონია აკადემიური შვებულების აღების მცდელობა, თუმცა მაინც გამიჭირდა სასწავლო პროცესისთვის თავის დანებება და ისევ გაგრძელება ვარჩიე.
იმ რეალობას, რომელიც უსიამოვნო განცდებთან იყო დაკავშირებული, არ გავემიჯნე, რადგან ჩემთვის დიდი გამოწვევა იყო. ვიგრძენი, რომ კიდევ უფრო გავიზარდე, აღმოვაჩინე და განვავითარე სხვა უნარები, რომლებიც შემდგომ ეტაპზე დამეხმარა. შექმნილი სიტუაცია შემოქმედებითად გამოვიყენე და დრო სწორად გავანაწილე: ლექცია-სემინარების პარალელურად მონაწილეობას ვიღებდი სხვადასხვა პროექტებსა თუ შემეცნებით აქტივობებში.
ყოველთვის ვიზიარებ, რომ "მცდელობა ქმედებებს შორის ერთადერთი საუკეთესო გზაა".
მადლიერი ვარ საკუთარი თავის, არაერთი მცდელობისა და გამბედაობისთვის.
მჯერა, რომ არაფერი ხდება შემთხვევით და რაც ხდება, საჭიროა, როგორი სასიამოვნო ან უსიამოვნოც უნდა იყოს.
მთავარია, მაშინვე უარი არ ვთქვათ მოცემულ შესაძლებლობებზე. არამედ დავაკვირდეთ, პროცესს მივყვეთ და ბოლოს - გააზრებულად მივიღოთ გადაწყვეტილება.
აბიტურიენტი ორ მნიშვნელოვან საკითხზე უნდა დაფიქრდეს. პირველი, ეს არის საკუთარი სურვილის გათვალისწინებით პროფესიის არჩევა და მეორე, უმაღლესი სასწავლებლის შერჩევა, სადაც შეძლებს სასურველი მიმართულებით სწავლას და განვითარებას.
ბედნიერებას ვგრძნობ, როცა ვაცნობიერებ, რომ ორივე გადაწყვეტილება სწორად მივიღე, არჩევანი ფსიქოლოგიის სპეციალობაზე შევაჩერე და გადავწყვიტე SANGU-ში ჩაბარება. ყოველთვის მადლიერი ვიქნები ნელი მასწავლებლის, რომელმაც უნივერსიტეტის შესახებ მიამბო და რეკომენდაციაც გაუწია.
სწავლასთან ერთად პარალელურად ვმუშაობდი. ბოლო, მერვე სემესტრი, ამ მხრივ კიდევ უფრო დატვირთული აღმოჩნდა. პასუხისმგებლობაც გაიზარდა. ვინაიდან, დამამთავრებელი სემესტრი იყო, სადიპლომო ნაშრომი დასაწერი მქონდა.
შესაბამისად, რესურსის განაწილებას ვცდილობდი როგორც უნივერსიტეტში, ასევე სამსახურში.
გამიმართლა, რომ ამ დროის განმავლობაში მუდმივად ვგრძნობდი მენეჯერის მხარდაჭერას და ხელშეწყობას.
განსაკუთრებულად მახსენდებიან ის ადამიანები - ოჯახის წევრები, მეგობრები, კურსელები - რომლებიც სადიპლომო ნაშრომზე მუშაობის დროს მამხნევებდნენ და ჩემს დახმარებას ცდილობდნენ.
ჯგუფელებს გვქონდა საინფორმაციო სასწავლო ჯგუფი, სადაც ყველა მზად იყო დახმარებისთვის. წლების განმავლობაში საიმედო ონლაინ სივრცე იყო, სადაც ერთმანეთს ვუზიარებდით კონსპექტებსა თუ სასწავლო პროცესთან დაკავშირებულ და სხვა მნიშვნელოვან საკითხებს.
ჯერ კიდევ ვერ ვაცნობიერებ, რომ ბაკალავრიატი დავასრულე. მგონია, რომ ცოტა ხანში ისევ დავბრუნდები აუდიტორიაში და გავაგრძელებ ჩვეულ რეჟიმში ცხოვრებას.
იმაზე საინტერესო წლები იყო, ვიდრე წარმომედგინა. ხშირად ვფიქრობ და მიკვირს - როგორ მოვასწარი ამდენი, არაერთი დადებითი შეგრძნებით სავსე და ხალისიანი დღე.
ერთდროულად რამდენიმე ემოცია იყრის თავს. ახლაც, წერის პროცესში, თან სიამოვნებას და სიხარულს ვგრძნობ და, ამასთან ერთად, სევდასა და გულისწყვეტას.
ხომ გვაქვს ხოლმე პერიოდები, რამდენიმე უსიამოვნო და გაურკვეველი სიტუაცია ერთდროულად რომ იქმნება, ზუსტად ასეთი ეტაპი მქონდა ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში. ბევრი ცვლილება მოხდა, სხვადასხვა შემოთავაზება მივიღე და ახალი შესაძლებლობაც გაჩნდა. გარკვეულ საკითხებში გადაწყვეტილების მიღება დამჭირდა. ვცდილობდი, არ შევშინებოდი ცვლილებებს და პროცესს მივყოლოდი.
ყოველთვის მჯერა, რომ ნებისმიერი სიახლე თუ გამოწვევა, ახალს გვასწავლის და გვზრდის.
საბოლოოდ, ვთვლი, რომ თავი გავართვი საკმაოდ რთულ პერიოდს.
როგორც როჯერსი იტყოდა, "ცხოვრება თავის საუკეთესო გამოვლინებებში - ესაა მიმდინარე, მუდმივად ცვალებადი პროცესი, რომელშიც არაფერია გაქვავებული, დაფიქსირებული."
სწორედ ამ ცვალებად პროცესში სირთულეებთან ერთად არაერთი ალტერნატივა გვეძლევა.
მთავარია, პროცესს დავაკვირდეთ, ყური ვუგდოთ, შევამჩნიოთ და ჩავეჭიდოთ ჩვენთვის საუკეთესო და სასარგებლო შესაძლებლობას.
ყველას გვაქვს ადგილები, რომლებიც განსაკუთრებულ მომენტებს გვახსენებენ.
SANGU ჩემთვის სწორედ ასეთი ადგილია.
და ბოლოს, ძალიან დიდ მადლობას ვუხდი ყველას, ვინც მამხნევებდა, მოტივაციას მაძლევდა, მხარს მიჭერდა და მაგრძნობინებდა, რომ ყველაფერს შევძლებდი.
დიდ სიყვარულს და მხარდაჭერას ვუცხადებ თითოეულ სტუდენტს, აკადემიურ პერსონალსა და ადმინისტრაციის თანამშრომელს.
SANGU-ს პირველკურსელებს კი საინტერესო დღეებსა და დადებითი შეგრძნებებით სავსე სტუდენტობას ვუსურვებ.
ხშირად გეგრძნოთ სწავლისგან მიღებული სიამოვნება!
ახლო მომავალში SANGU-სთან ურთიერთობას რომ გავაგრძელებ, დარწმუნებული ვარ.
ასე რომ - დროებით.
სალომე სისაური, SANGU-ს კურსდამთავრებული