მდუმარედ ვზივარ და ვფიქრობ, მე, რიგით ადამიანს, რა შემიძლია განსაკუთრებული ვთქვა პიროვნებაზე, ლეგენდაზე, ეპოქალურ ადამიანზე, რომელსაც მთელი ქვეყანა ფეხზე დაუდგა. ვზივარ და ჩემთვის ვფიქრობ, როგორ? როგორ შეუძლია ადამიანს, ღვთისგან მოვლენილს, ასე შეაყვაროს თავი ვინმეს კი არა, მთელ ქვეყანას?!
ილია II, ჩვენი დროის ეპოქალური სულიერი პიროვნება, წარმოადგენდა გარდამტეხ ძალას არა მხოლოდ საეკლესიო სივრცისთვის, არამედ მთელი ერის სულიერი და მორალური განვითარებისათვის. მისი ცხოვრება იყო უკიდეგანო ნიჭისა და ღვთიური მოწოდების განზოგადება - ნიჭისა, რომელიც ადამიანს არა მხოლოდ საკუთარ თავში აძლიერებს, არამედ მთელ საზოგადოებას განანათლებს.
არსებობენ ადამიანები, რომელთა ცხოვრება დროის საზღვრებს სცდება და მარადისობის ნაწილად იქცევა. ასეთთა შორის იყო სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, ჩვენი პატრიარქი, ილია II - სულიერი მამა, რომლის სიტყვაც, როგორც თავად იტყოდა, მუდამ გვახსენებდა: „სიყვარული არის ერთადერთი ძალა, რომელიც სამყაროს გადაარჩენს.“
მისი მოღვაწეობა არ ყოფილა მხოლოდ ეკლესიის მსახურება - ეს იყო სულიერი გზის გაკვალვა ერისთვის. ეპოქების ქარიშხალში, როდესაც საზოგადოება ხშირად კარგავდა წონასწორობას, მისი ხმა იმედიანად ჩაგვესმოდა: „არ არსებობს ადამიანი სიყვარულის გარეშე, როგორც არ არსებობს სიცოცხლე სუნთქვის გარეშე.“
ეს სიტყვები არ იყო მხოლოდ ქადაგება - ეს იყო ცხოვრების წესი, რომელიც თავად განასახიერა.
მის ხმაში შემჩნეული უჩვეულო სიჩუმე იყო სასწაული, რომელიც მისი პირიდან, როგორც მელოდია, ისე გაისმოდა ყოველი ქადაგებისას.
ილია II იყო მშვიდობის მქადაგებელი იმ დროს, როდესაც დაპირისპირება თითქოს გარდაუვალი ჩანდა. იგი გვასწავლიდა, რომ „ბოროტებას ვერ დაამარცხებ ბოროტებით“ და ამ უბრალო, მაგრამ ღრმა ჭეშმარიტებით ადამიანებს ერთმანეთისკენ აბრუნებდა.
მისი სულიერი ავტორიტეტი არ მოდიოდა ძალაუფლებიდან - ის მოდიოდა სიმდაბლიდან. „სიმდაბლე არის გზა ღვთისკენ,“ - ამბობდა იგი, და თავად იყო ამ გზის ნათელი მაგალითი.
ამიტომაც, წლების განმავლობაში, იგი იქცა არა მხოლოდ ეკლესიის წინამძღოლად, არამედ ერის სინდისად - იმ ხმად, რომელიც რთულ დროსაც კი იმედს არ კარგავდა.
დღეს, როდესაც ვემშვიდობებით მას, განსაკუთრებით მძაფრად გვესმის მისი სიტყვების ძალა: „ადამიანი მაშინ არის ძლიერი, როდესაც მას სიყვარული შეუძლია.“
და ის მართლაც ძლიერი იყო, მან შეძლო და გააერთიანა ქვეყანა, ერი და ბერი. ადამიანების უწყვეტი ნაკადი ყოველდღიურად მიედინებოდა სამების ტაძრისკენ, მან შეძლო და გააერთიანა საქართველო. ქალები, ბავშვები, მოხუცები, ორსულები თუ შშმ პირები იდგნენ საათობით რიგებში და ფეხს არ იცვლიდნენ ქარსა თუ წვიმაში, რომ ჩვენს ძვირფას პატრიარქს ბოლოჯერ გამომშვიდობებოდნენ.
ვიდექი და გულში ვფიქრობდი...
ნეტავ დღეს რამდენი ადამიანია აქ მოსულთა შორის, რომელთაც დიდი ხანია ტაძრის კარი არ შეუღია, თუმცა ამ უდიდესმა და მტკივნეულმა დანაკარგმა აქამდე მოიყვანა. მან, ჩვენმა ძვირფასმა პატრიარქმა ნამდვილად შეძლო და გააერთიანა ჯიუტი ქართველი ერი!
ეს არის მისი მემკვიდრეობა - არა მხოლოდ ტაძრები, არა მხოლოდ ისტორიული გზა, არამედ სულიერი საზრდო, რომელიც მომავალ თაობებსაც გაანათლებს.
ილია II გადაინაცვლა მარადიულ სამყაროში, მაგრამ მისი ნათქვამი სიტყვა, მისი ლოცვა, მისი სულიერი ძალა დარჩა - მარადიულ სინათლედ.
და იქნებ სწორედ ამიტომ, ეს არ არის დასასრული. ეს არის გაგრძელება - მისი სიტყვის, მისი სიყვარულის, მისი რწმენის.
და ბოლოს, როდესაც ბოლო წუთების ათვლა დაიწყო, მისი ტკბილი ხმა ყოველ ჩვენგანს ჩაესმოდა, ვით დედის იავნანა,
მიყვარხარ საქართველო!
მიყვარხარ საქართველო!
მიყვარხარ საქართველო!
ნინო ასანიძე
SANGU-ს კურსდამთავრებული