18 აპრილს, 16:00 საათზე, წმ. ანდრიას ქართულ უნივერსიტეტთან თანამშრომლობით, გამომცემლობა „დიოგენე“ და კავკასიის ლოგოთერაპიისა და ეგზისტენციალური ანალიზის ასოციაცია (CALEA) გიწვევთ ვიქტორ ფრანკლის წიგნის „ვუთხრათ სიცოცხლეს „დიახ“!“ წარდგენაზე, რომელიც ჩატარდება წმ. ანდრიას ქართული უნივერსიტეტის I კორპუსში, IV სართულზე, წმ. მეფე დავით აღმაშენებლის სახელობის საკონფერენციო დარბაზში.
ვიქტორ ფრანკლი ავსტრიელი ფსიქიატრი, ფსიქოთერაპევტი და ლოგოთერაპიის ფუძემდებელია. მან სამი წლის მანძილზე ოთხი საკონცენტრაციო ბანაკის ტყვეობა გამოსცადა. 37 წლის ვიქტორ ფრანკლს იქ მოხვედრისას უკვე დიდი გამოცდილება ჰქონდა ფსიქიატრიასა და ნევროლოგიაში. სწორედ ამ გამოცდილების პრიზმაში ხედავს იგი ბანაკის ყოფას. „ვუთხრათ სიცოცხლეს „დიახ“!“ (1946), წიგნი, რომელიც ბანაკს თავდაღწეულმა ავტორმა ცხრა დღეში დაწერა, „სიცოცხლის მეორე ნაპირიდან“ მომზირალი ადამიანების ფსიქოლოგიას აღწერს.
წიგნი შედის „დიოგენეს“ ახალ სერიაში “NONFICTION”, რომელიც არამხატვრულ ლიტერატურას აერთიანებს, მათ შორის, ფსიქოლოგიურ, ფილოსოფიურ ნაშრომებს.
ღონისძიებას გახსნის „დიოგენეს“ დამფუძნებელი თამარ ლებანიძე, რომელიც მოკლედ წარადგენს წიგნს და ისაუბრებს სერიაზე „NONFICTION”.
ფრანკლისა და მისი მოძღვრების შესახებ ლექციას წაიკითხავს ნინო ბერძნიშვილი - ფსიქოლოგი, ლოგოთერაპევტი, პროფესიონალი ქოუჩი, კავკასიის ლოგოთერაპიისა და ეგზისტენციალური ანალიზის ასოციაციის (CALEA) პრეზიდენტი (საქართველო, სომხეთი, აზერბაიჯანი, უკრაინა).
თარგმნის პროცესისა და ნაშრომის შესახებ მოჰყვება მთარგმნელი მაია ბადრიძე.
ფრანკლსა და მის წიგნზე ისაუბრებს წმ. ანდრიას უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელი, პროფესორი დიმიტრი ნადირაშვილი.
შეხვედრის ბოლოს, სპეციალურად წმ. ანდრიას ქართული უნივერსიტეტის ლექტორებისა და სტუდენტებისათვის, მოეწყობა სერია “NONFICTION”-ის გამოფენა-გაყიდვა, სადაც წიგნები 30%-იანი ფასდაკლებით იქნება წარმოდგენილი.
დასწრება თავისუფალია.