მენიუ

რუბრიკა: SANGU-ს კურსდამთავრებულები

ლიკა ბაბაჯანაშვილი – ჰერეთიდან ჩამოსული ახალგაზრდა, რომელმაც სწავლა სანგუში ფილოლოგიის ფაკულტეტზე წარმატებით დაასრულა.

რუბრიკა - სანგუს კურსდამთავრებულები

ლიკა ბაბაჯანაშვილი – ჰერეთიდან ჩამოსული ახალგაზრდა, რომელმაც სწავლა სანგუში ფილოლოგიის ფაკულტეტზე წარმატებით დაასრულა. ენისა და ლიტერატურისადმი სიყვარული მისთვის არა მხოლოდ პროფესიული არჩევანი, არამედ ცხოვრებისეული მოწოდებაა. სწავლების პერიოდში ლიკა ორჯერ გახდა სტიპენდიანტი, რაც მისი შრომისმოყვარეობისა და მიზანდასახულობის შედეგია. დღეს ის მადლიერებით საუბრობს იმ ცოდნაზე, გამოცდილებასა და თბილ ურთიერთობებზე, რომლებიც SANGU-მ აჩუქა.

– რატომ გადაწყვიტე, რომ სწავლა ფილოლოგიის ფაკულტეტზე SANGU-ში გაგეგრძელებინა?
ყოველთვის მიზიდავდა ენისა და ლიტერატურის სამყარო, ფილოლოგიის შესწავლა ჩემთვის არა მხოლოდ პროფესიული არჩევანია, არამედ ცხოვრებისეული მოწოდებაც.

– რატომ აირჩიე სწორედ SANGU?
SANGU-ს ფილოლოგიის ფაკულტეტი გამოირჩევა მაღალი პროფესიონალიზმით, თანამედროვე მიდგომებითა და მეთოდიკით. ვიცოდი, რომ აქ არა მხოლოდ მაღალი ხარისხის განათლებას მივიღებდი, არამედ მეგობრულ გარემოშიც ვისწავლიდი, ამიტომ ავირჩიე SANGU პირველ ნომრად და, დიახ, ეს იყო ჩემი საუკეთესო არჩევანი.

– როგორ გახსენდება პირველი დღეები SANGU-ში?
პირველი დღეები სავსე იყო ემოციებით, სიახლეებით, მოლოდინებით. პირველ რიგში მოვიხიბლე უნივერსიტეტის გამორჩეული ინტერიერით, ბიბლიოთეკით, საოცარი სტუდენტური გარემოთი და პროფესიონალი ლექტორებით. გავიცანი ბევრი ახალი ადამიანი და მალევე გავიჩინე საუკეთესო მეგობრებიც.

– სწავლის პროცესში რომელი საგანი ან კურსი მოგეწონა ყველაზე მეტად და რატომ?
ასე გამორჩეულად საგნების დასახელება მიჭირს, რადგან ყველა საგანმა დამიტოვა ის ცოდნა და გამოცდილება, რაც მომავალში აუცილებლად გამომადგება. სასწავლო საგნები მხოლოდ თეორიულ ნაწილს არ მოიცავდა, მოითხოვდა ფიქრს, ანალიზს, განსჯის უნარს, საკუთარი აზრის ჩამოყალიბებას და ეს დისკუსიები მაძლევდა სტიმულს, უფრო ღრმად გამეაზრებინა საკითხები.

– რა სირთულეებს წააწყდით სასწავლო პროცესში და როგორ გადალახე ისინი?
რა თქმა უნდა, სირთულეები ყველა სასწავლო წელს ახლდა, მაგრამ SANGU-ს აკადემიური პერსონალი შეძლებისდაგვარად მეხმარებოდა სირთულეების დაძლევაში. მადლობას ვუხდი მათ გვერდში დგომისთვის და მხარდაჭერისთვის.

– ორჯერ იყავი სტიპენდიანტი, ალბათ, ძალიან ამაყი ხარ.
დიახ, ორჯერ ვიყავი სტიპენდიანტი, ეს ჩემთვის მართლაც დიდი მიღწევაა. ამაყი ვარ იმის გამო, რომ ჩემი თავდაუზოგავი შრომით შევძელი და მივაღწიე დასახულ მიზანს. მსურს სხვა სტუდენტებსაც მივცე მოტივაცია, რომ თავადაც იგრძნონ ეს უდიდესი სიხარული.

– როგორ ფიქრობ, რა დაგეხმარა ყველაზე მეტად წარმატების მიღწევაში?
მუდმივი შრომა, მიზანდასახულობა და მონდომება, დაუღალავ შრომას კი აუცილებლად აქვს შედეგი. ჩემი ყველა წარმატების უკან დგას ჩემი ოჯახი, ისინი უდიდეს ძალას და მოტივაციას მაძლევენ.

– შენთვის, როგორც ჰერეთიდან ჩამოსული სტუდენტისთვის, რას ნიშნავს ქართული ენის სწავლება და მისი მომავალი თაობისთვის გადაცემა?
ჰერეთი საქართველოს დროებით დაკარგული კუთხეა და ჩვენთვის – ჰერელი სტუდენტებისთვის – ქართული ენის სიღრმისეული შესწავლა ნიშნავს საკუთარ ფესვებთან დაკავშირებას. როცა ქართულ ენას ვსწავლობ, უფრო მკაფიოდ ვგრძნობ ჩემს იდენტობას, ჩემს ისტორიასა და კულტურას. ქართული ენა არის ის კავშირი, რომელიც ჰერეთს საქართველოსთან აერთიანებს. ამიტომ ჩემი ვალია, შევინარჩუნო ეს ენა – ის მემკვიდრეობა, რომლისთვისაც ჩვენი წინაპრები წლების განმავლობაში იბრძოდნენ – და გადავცე მომავალ თაობას, რათა არ დაიკარგოს ჩვენი ისტორია, ტრადიციები და ქართველობის განცდა.

– რას ურჩევდი სტუდენტებს, რომლებიც ახლა იწყებენ SANGU-ს ფილოლოგიის ფაკულტეტზე სწავლას?
პირველ რიგში, ვულოცავ თითოეულ პირველკურსელს, საინტერესო დღეებსა და დადებითი შეგრძნებებით სავსე სტუდენტობას ვუსურვებ. ეს მათი ცხოვრების მნიშვნელოვანი ეტაპია, მაქსიმალურად უნდა გამოავლინონ თავიანთი შესაძლებლობები, სიღრმისეულად შეისწავლონ ფილოლოგია, რადგან სწორედ ჩვენ გვევალება ქართული ენის ღირსეულად შენახვა და მომავალი თაობისთვის გადაცემა.

– რომელია უნივერსიტეტში გატარებული წლების ყველაზე თბილი მოგონება?
შემიძლია ძალიან ბევრი თბილი მოგონება გავიხსენო, თუმცა გამოვარჩევდი დამამთავრებელ კურსს, რომელიც ძალიან ემოციური იყო – გამომშვიდობება იმ თბილ გარემოსთან, რომელიც ერთ დიდ ოჯახად გვაერთიანებდა, ლექტორებისა და თანაკურსელების გარემოცვაში. ყველას გვაქვს ისეთი ადგილები, რომლებიც განსაკუთრებულ მომენტებს გვახსენებს, SANGU ჩემთვის სწორედ ასეთი ადგილია.

დიდი მადლობა, წარმატებებს გისურვებთ.

მოამზადა ნინო აბრამიშვილმა
ფოტო: ნუგზარ შონია

გააზიარე

მთარგმნელ-თარჯიმანთა უმაღლესი სკოლა

მეტის ნახვა

სწავლის შეღავათიანი პირობები

აირჩიეთ SANGU პირველ, მეორე ან მესამე ნომრად და ისარგებლეთ ფინანსური მხარდაჭერით
Learn More

მასწავლებლის მომზადების 60 კრედიტიანი პროგრამა

მასწავლებლის მომზადების 60 კრედიტიანი პროგრამა
მეტის ნახვა