2025 წელს ჩეხეთში დაგეგმილ სლავთმცოდნეობის საზაფხულო სკოლაში მონაწილეობის მისაღებად, საქართველოს მოქალაქეებისათვის განსაზღვრულია ორი სტიპენდია.
ერთი სტიპენდია განკუთვნილია ჩარლზის უნივერსიტეტის (პრაღა, 17 ივლისი-14 აგვისტო), ხოლო მეორე-მასარიკის უნივერსიტეტის (ბრნო, 26 ივლისი-23 აგვისტო) საზაფხულო სკოლისთვის. საზაფხულო სკოლა უმთავრესად განკუთვნილია ჩეხური ენით და სლავთმცოდნეობით დაინტერესებული სტუდენტებისთვის და აკადემიური სფეროს წარმომადგენლებისთვის (მასწავლებლები, თარჯიმნები, მკვლევარები). სკოლის ფართო პროფილის გათვალისწინებით, მასში მონაწილეობის უფლება ასევე აქვს, ჩეხური ენით, ლიტერატურით, ისტორიით და კულტურით დაინტერესებულ ყველა სხვა პირს. სასწავლო პროცესი წარიმართება როგორც ჩეხურ, ისე ინგლისურ ენაზე.
სკოლაში მონაწილეობის მისაღებად, განაცხადების მიღება იწარმოებს 2025 წლის 15 მარტიდან და დასრულდება 31 მარტს. საბუთების მიღებას აწარმოებს საქართველოში ჩეხეთის საელჩო (ჩეხური მხარის ცნობით, საელჩო ახლო მომავალში გამოაცხადებს აღნიშნულის შესახებ), ხოლო კანდიდატურების შერჩევის თაობაზე, საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს ჩეხეთის განათლების, ახალგაზრდობის და სპორტის სამინისტრო 2025 წლის აპრილში. სტიპენდია ფარავს: რეგისტრაციის და სწავლის გადასახადს, სასწავლო მასალების, განთავსების და კვების, ასევე კულტურულ ღონისძიებებში მონაწილეობის ხარჯებს. სტიპენდია არ ფარავს: საერთაშორისო მგზავრობის და დაზღვევის ხარჯებს.
დეტალური ინფორმაცია სლავთმცოდნეობის საზაფხულო სკოლის თაობაზე ხელმისაწვდომია ჩეხეთის განათლების სამინისტროს ვებგვერდზე:
https://msmt.gov.cz/eu-and-international-affairs/summer-schools-ofslavonicstudies-2025