მენიუ

სტაჟირება მე-200 სკოლაში

ინტერვიუ რუსუდან კილაძესთან

მემორანდუმით გათვალისწინებული თანამშრომლობის ფარგლებში SANGU-ს სტუდენტებმა თბილისის მე-200 საჯარო სკოლაში გაიარეს საწარმოო პრაქტიკა. მათთვის დიდი გამოცდილება იყო სასწავლო პროცესში, როგორც საგაკვეთილო, ისე წრეობრივ თუ თერაპიულ სამუშაო პროცესებში ჩართულობა.
კონკრეტულად რა სახის იყო საწარმოო პრაქტიკა და რა შესძინა მან სტუდენტებს, ამის შესახებ ვესაუბრებით პროექტის ორგანიზატორს, SANGU-ს კურსდამთავრებულს, რუსუდან კილაძეს.

მოგესალმები რუსუდან.
მოგესალმებით.

როგორ შეირჩა სტუდენტები პრაქტიკისთვის და რას მოიცავდა მათი ჩართულობა სასწავლო პროცესში?
მე-200 საჯარო სკოლა-პანსიონში სტაჟირება გაიარა თორმეტმა სტუდენტმა. სტუდენტების შერჩევისას გათვალისწინებული იყო მათი აკადემიური მოსწრება, შემდგომში გაიარეს გასაუბრება ადმინისტრაციასთან, ფსიქოლოგთან, ინკლუზიურ განათლებაში ჩართულ სპეციალისტებთან. სტუდენტები სკოლაში დადიოდნენ კვირაში ორი დღე. ესწრებოდნენ საგაკვეთილო პროცესს და ასრულებდნენ პირადი ასისტენტის ფუნქციას. იყვნენ სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მოსწავლეების მხარდამჭერები, ეხმარებოდნენ ადაპტაციაში, სასწავლო პროცესში, საჭიროებისამებრ.

გარდა საგაკვეთილო პროცესისა, როგორც ვიცით, დღის მეორე ნახევარში სტუდენტები ესწრებოდნენ წრეების მუშაობას და თერაპიის ფარგლებში მიმდინარე სამუშაო პროცესებს. რას მოიცავდა ეს პროცესები?
ესენი იყო: სპეციალური მასწავლებლის და ფსიქოლოგის ინდივიდუალური მუშაობა; სამკურნალო ფიზკულტურა; ენისა და მეტყველების თერაპია; ძერწვის ხელოვნება; ,,ვსწავლობთ თამაშით“.
რაც შეეხება თერაპიულ სამუშაო პროცესებს, სტუდენტები ჩართული იყვნენ რამდენიმე სახის სამუშაო პროცესში. მაგალითად, ,,სოციალურ თერაპიაში“, პროცესში, რომელიც ითვალისწინებს ფუნქციური უნარების დასწავლას; ვერბალური და არავერბალური კომუნიკაციის უნარების განვითარებას; საზოგადოებაში ადეკვატური ადაპტაციისათვის საჭირო უნარების და სოციალურად მისაღები ქცევის ჩამოყალიბებას.
სტუდენტები, ასევე, მონაწილეობდნენ თერაპიულ სამუშაო პროცესში სახელწოდებით ,,რთული ქცევა“. ეს გულისხმობს ქცევის მახასიათებლების შეფასებას; პრობლემური ქცევის გამომწვევი მიზეზების იდენტიფიცირებას, ქცევის მიზნის განსაზღვრას, დადებითი განმტკიცების ტექნიკის გამოყენებას.
სტუდენტები გაეცნენ ,,სენსორული თერაპიის“ სამუშაო პროცესსაც. სენსორული ინტეგრაციის თერაპია გამოიყენება სენსორული გადამუშავების სირთულეების მქონე პირებთან. ეხმარება ბავშვს სხვადასხვა სენსორული არხიდან მიღებული სტიმულების გადამუშავებაში, რათა ჰქონდეს ადეკვატური რეაქცია, ადაპტური პასუხი ბუნებრივ გარემოში მიღებულ ყოველდღიურ სტიმულებზე.
სკოლაში გავლილი საწარმოო პრაქტიკით, კერძოდ კი, ამ თერაპიულ სამუშაო პროცესებში ჩართვით სტუდენტებმა დიდი გამოცდილება მიიღეს. ისინი გაეცნენ პრაქტიკული მუშაობის სპეციფიკას, ეს მათ დაეხმარა იმ დეტალების დანახვაში, რომლებიც თეორიული სწავლების პროცესში ნაკლებად ჩანს.

როგორც პროექტის ორგანიზატორი, როგორ შეაფასებთ SANGU-ს სტუდენტების ჩართულობას სამუშაო პროცესებში, რა მიზანი გქონდათ და, როგორ ფიქრობთ, გაამართლა თუ არა თქვენმა მოლოდინმა?
პირველ რიგში, მინდა მადლიერება გამოვხატო მე-200 საჯარო სკოლის ადმინისტრაციის, კოლექტივის, სკოლის დირექტორის, ქალბატონ მარინე უჯმაჯურიძის და ქართული უნივერსიტეტის პროფესორ თეა გოგოტიშვილის მიმართ. ამ ადამიანების მონდომების გარეშე ეს არაჩვეულებრივი საქმე არ გამოვიდოდა. დასაფასებელია სტუდენტების ჩართულობა, ისინი ეხმარებოდნენ მოსწავლეებს და თან სწავლობდნენ, რას ნიშნავს სწორად გაწეული დახმარება და ამ მიმართულებით მუშაობა. ვფიქრობ, აქ მიღებული გამოცდილება სტუდენტებს მნიშვნელოვან დახმარებას გაუწევს კარიერული განვითარებისა და წინსვლის პროცესში.
როგორია სამომავლო გეგმები? როგორც ვიცით, პროექტი მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება.
ვფიქრობ, პროექტის მომავალში გაგრძელება ორივე მხარისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ერთი მხრივ, სტუდენტებისთვის, რომლებიც გადიან ნამდვილად მნიშვნელოვან პრაქტიკას, რაც განვითარებაში ეხმარებათ და, მეორე მხრივ, სკოლისთვის, რომელიც ცოდნას და გამოცდილებას უზიარებს დაინტერესებულ სტუდენტებს. ამასთან, საჯარო სკოლებისთვის ეს არის შესანიშნავი შესაძლებლობა, რომ კარი გაუღონ სკოლებში ახალგაზრდა, მოტივირებულ კადრს, რომელსაც უკვე გავლილი აქვს პრაქტიკული მუშაობა. ეს პროექტი საშუალებას აძლევს სტუდენტებს არ იყვნენ მხოლოდ თეორიულ ცოდნაზე დამოკიდებულები. პრაქტიკის პროცესში მიღებული ცოდნა და გამოცდილება უნიკალურია.

დიდი მადლობა რუსუდან, წარმატებებს გისურვებთ.
გმადლობ.

საწარმოო პრაქტიკაში მონაწილე სტუდენტები ასე აფასებენ თბილისის მე-200 საჯარო სკოლაში მიღებულ ცოდნასა და გამოცდილებას და იქ გატარებულ დღეებს.

ქეთი ბექაური - მქონდა შესაძლებლობა მონაწილეობა მიმეღო პროექტში, სადაც შევძლებდი სკოლის ფსიქოლოგის ასისტირებას. გავიარე პრაქტიკული სამუშაოები და მივიღე გამოცდილება, პრაქტიკული ცოდნა, თუ როგორ უნდა დავხმარებოდი და ვეხმარებოდი კიდეც შშმ-მოსწავლეებს სირთულეების დაძლევასა და საზოგადოებასთან ინტეგრაციაში. ამისთვის მინდა ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო ჩემს უნივერსიტეტსა და თბილისის N200 საჯარო სკოლას. ასევე, მინდა მადლობა გადავუხადო ქალბატონ რუსუდან კილაძეს და მის გუნდს, რომელმაც უშუალოდ დაგვაკავშირა ამ სკოლასთან და მოგვცა საშუალება მიგვეღო გამოცდილება და მოგვესინჯა ჩვენი პირველი შესაძლებლობები. მინდა ვურჩიო სხვა სტუდენტებსაც, მიიღონ მონაწილეობა მსგავს პროექტებში, რადგან ამით ექნებათ შესაძლებლობა, გაიცნონ პროფესიონალი გუნდი და მათთან ერთად გაუმკლავდნენ სირთულეებს, რომლებიც ჩვენს შემდგომ კარიერაში აუცილებლად გამოგვადგება.


ეკატერინე მათითაშვილი - მე-200 სკოლაში სტაჟირების გავლა ძალიან დიდი გამოცდილება იყო. უნივერსიტეტმა და სკოლის ადმინისტრაციამ მომცა საშუალება, რომ ჩემი თეორიული ცოდნა პრაქტიკაში გამომეყენებინა და უფრო მეტი ცოდნა და გამოცდილება შემეძინა. პერსონალური მადლობა მინდა გადავუხადო რუსუდან კილაძეს და მის არაჩვეულებრივ გუნდს, რომლებმაც გამოიჩინეს ინიციატივა და მოგვცეს ძალიან საჭირო ცოდნა-გამოცდილება. ვისურვებდი, რომ უფრო მეტი პრაქტიკის გავლის საშუალება ჰქონდეს ფსიქოლოგიის ფაკულტეტის სტუდენტებს. სკოლა დამეხმარა ახალი უნარების გამოვლენასა და შიშების დაძლევაში, რომლებიც აქამდე მქონდა.

გააზიარე

შეთავაზება SANGU-ს კურსდამთავრებულებს

თუ საბაკალავრო საფეხური SANGU-ში დაამთავრე და ახლა სამაგისტრო პროგრამაზე გეგმავ სწავლის გაგრძელებას, ეს შეთავაზება შენთვისაა
Learn More

სწავლის შეღავათიანი პირობები

აირჩიეთ SANGU პირველ, მეორე ან მესამე ნომრად და ისარგებლეთ ფინანსური მხარდაჭერით
Learn More

მასწავლებლის მომზადების 60 კრედიტიანი პროგრამა

მასწავლებლის მომზადების 60 კრედიტიანი პროგრამა
მეტის ნახვა