მენიუ

SANGU - ადგილი სადაც თავს მშვიდად ვგრძნობ

SANGU-ს სტუდენტი, სალომე სისაური.

განვლილ სამ წელს რომ გადავხედავ ხოლმე, გამორჩეულად მახსენდება პირველი კურსი, რადგან ახალი ეტაპი, სტუდენტობა, საინტერესოდ დაიწყო. შემდეგ, პირველი ორი კურსი იყო პანდემია, რომლის დროსაც ახალ რეალობასთან ადაპტირება გამიჭირდა. ამ გამოწვევებმა ახალი უნარები აღმომაჩენინა. თუმცა კი - ცოცხალი ურთიერთობების დეფიციტი ყოველთვის ხელისშემშლელ ფაქტორად მევლინებოდა. რაც შეეხება მესამე კურსს, ის კიდევ უფრო მრავალფეროვანი აღმოჩნდა, ბევრი შესაძლებლობით დატვირთული, რამაც ყველაზე მეტად გამახარა. ეს იყო მივიწყებული და თან ძალიან მონატრებული სიტუაციის დაბრუნება - სასწავლო პროცესის აუდიტორიაში განახლება, სტუდენტების სიმრავლე, სასიამოვნო ხმაური დერეფნებსა თუ ეზოებში.

გასულ 2021 წელს, STUDINFO.GE-თან დაწერილ წერილში, სადაც წინასაახალწლო სურვილებზე ვსაუბრობდი, ნატვრადაც კი ვახსენე სიტუაციის მკვეთრად გაუმჯობესება და დასწრებული ფორმატით სწავლის გაგრძელება. ჩემი სურვილი ნამდვილად განხორციელდა.

არ ვიყავი პირველ კურსელი, არც სხვა საფეხურზე სწავლას ვიწყებდი, მხოლოდ ვაგრძელებდი ბაკალავრის მესამე კურსს, თუმცა განცდა მქონდა, თითქოს კიდევ ახალი ეტაპი იწყებოდა. SANGU-მ მესამე კურსის პირველ სემესტრში ჰიბრიდული სწავლის შესაძლებლობა მოგვცა. ამ ამბის გაგება ისეთი მოულოდნელი და სასიხარულო იყო, გადაწყვეტილების მიღებაზე ბევრი არ მიფიქრია. დიახ, ბედნიერებისგან აფორიაქებულმა, დაბნეულმა და გულაჩქარებულმა მიღებულ შეტყობინებაზე - სწავლის რა ფორმატით გაგრძელებას ვისურვებდი, აუდიტორიებში დაბრუნება და ძველებურად ლექცია-სემინარების გაგრძელების შესაძლებლობა ავირჩიე.

ჰიბრიდული სწავლის დროს ცოტა სტუდენტი დადიოდა უნივერსიტეტში. მცირე რაოდენობის მიუხედავად, მაინც სხვანაირად საინტერესო და დასამახსოვრებელი იყო სასწავლო პროცესი.

მინდოდა გამეკეთებინა ისეთი რამ, რაც სტუდენტებს გაახალისებდა, დააინტერესებდა. ვფიქრობდი, საიდან, როგორ შეიძლებოდა დამეწყო.

მოახლოვდა თვითმმართველობის არჩევნები, სადაც მივიღე მონაწილეობა და განათლებისა და მეცნიერების დეპარტამენტის ხელმძღვანელი გავხდი. დეპარტამენტის, ასევე, ერთ-ერთ ხელმძღვანელთან ერთად დავგეგმე და განვახორციელე საჯარო ლექციები, ტრენინგ-კურსი, კალიგრაფიის კონკურსი, სადაც აქტიურად იყვნენ ჩართულები სხვადასხვა სპეციალობის სტუდენტები.

ჩემთვის სასიამოვნო საჩუქარია რექტორის, ბატონ ირაკლი ბრაჭულის საავტორო წიგნები: "ზეკაცის ჰერმენევტიკა" და "რა არის ფილოსოფია".

SANGU-სა და საქართველოს ეროვნულ გეშტალტ ცენტრს შორის დადებული მემორანდუმის ფარგლებში დავიწყე და დღესაც ვაგრძელებ ინდივიდუალურ თერაპიას, რაც სწავლის განმავლობაში დამეხმარა სირთულეების წარმატებით დაძლევაში. ჩემთვის ეს შესაძლებლობა მნიშვნელოვანი და იმ მოცემულ მომენტში არსებითად საჭირო იყო.

ალბათ, დამეთანხმებით, რომ ყველაფერი პრიორიტეტებთან არის დაკავშირებული. არაერთხელ მითქვამს უარი მეგობრებთან ერთად სასეირნოდ წასვლაზე, რადგან მოსამზადებელი მქონია სასწავლო მასალა. ამ დროს გულისწყვეტის მომენტი არ მიგრძნია, ვინაიდან გაცნობიერებულად ვამჯობინებდი მეცადინეობას და ეს ჩემთვის სასიამოვნო იყო.

შეტყობინებებზე დაგვიანებული პასუხის გამო განაწყენებული მეგობრებიც მახსენდებიან. მქონია დღეები, ოჯახის წევრებთანაც კი ვერ მისაუბრია ნორმალურად.

დაუსრულებლად შემიძლია ვისაუბრო SANGU-ზე. გარემოზე, სადაც თავს მშვიდად ვგრძნობ. ადამიანებზე, რომელთან ურთიერთობამაც გამზარდა. გეტყვით, რომ ჩემთვის ნებისმიერ პასუხისმგებლობაზე, თუ რაიმე ვალდებულებაზე მეტია ურთიერთობები და აქედან მიღებული ემოციები, შეგრძნებები, მოგონებები. ყველაზე მეტს სწორედ ადამიანებთან ურთიერთობის დროს ვსწავლობ.

ხშირად უკვირდათ ჩემი დამოკიდებულება SANGU-ს მიმართ. კიდევ უფრო მეტად, როცა დილით უგუნებოდ გაღვიძებულს უნივერსიტეტში მისვლისას რადიკალურად მეცვლებოდა ხასიათი.

სასიამოვნო და თან საპასუხისმგებლო იყო საქველმოქმედო ღონისძიების ორგანიზება დიდებასთვის.

წელს სტაჟირება გავიარე საქართველოს ეროვნულ გეშტალტ ინსტიტუტსა და დიმიტრი უზნაძის სახელობის ფსიქოლოგიის სასწავლო-საკონსულტაციო ცენტრში, რაც კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯი იყო.

SANGU-ში მიღებული გამოცდილებები მუდმივად მეხმარება ინტერპერსონალურ ურთიერთობებში.

და მაინც, ვფიქრობ, რომ წარმატებულად დავასრულე მესამე კურსი, რომელიც განვლილ სასწავლო წლებთან შედარებით, ყველაზე დატვირთული იყო.

ცოტა გული მწყდება, როცა ვიაზრებ, რომ ერთ წელში ბაკალავრს ვასრულებ და თან მიხარია, რომ მოვახერხე და ყველა დღიდან მნიშვნელოვანი გასახსენებელი მომენტები დამრჩა.

ამ ყველაფერში ყველაზე მეტად დამეხმარა საკუთარი თავის მხარდაჭერა, რომელსაც ასე - "სალი, შეძლებ"- გამოვხატავდი ხოლმე. მხარდაჭერის ეს ფორმა აბიტურიენტობის დროს დავიწყე. მიზანი ერთი იყო - საკუთარი თავისთვის შემეხსენებინა, რომ აუცილებლად შევძლებდი. იგივე პრინციპით გავაგრძელე სტუდენტობაც. უკვე რამდენი წელია ეს მეთოდები სურვილებისა და მიზნების განხორციელებაში მეხმარება.

მინდა ვისარგებლო შემთხვევით და უწმინდესს მივულოცო ანგელოზის დღე. ვუსურვებ მას ჯანმრთელობას, მხნეობას, უფალმა გააძლიეროს და დაიცვას. ჩვენ კი - მისი ლოცვა-კურთხევა არ მოგვკლებოდეს.

მინდა, გაგიზიაროთ ბავშვობისდროინდელი მოგონება, რაც მასთან მაკავშირებს.

სამების საკათედრო ტაძარში ხშირად დავდიოდი ოჯახის წევრებთან ერთად. განსაკუთრებულად მახსენდება პატრიარქთან შეხვედრა, მისი დალოცვა.  მანამდე თუ მხოლოდ საკურთხეველში ვხედავდი, ერთ დღეს, ტაძრიდან გამობრძანების დროს, როცა ყველა ვცდილობდით მასთან მისვლას და ლოცვა-კურთხევის მიღებას, მე სხვებისგან განსხვავებით, ვერ ვახერხებდი მიახლოებას, მხოლოდ თავდახრილი ვიდექი. გაგვიმართლა და პატრიარქი თავად წამობრძანდა ჩვენი მიმართულებით და მე და ჩემ დას თავზე ხელი დაგვადო და დაგვლოცა.

სალომე სისაური

SANGU-ს სტუდენტი

გააზიარე

მთარგმნელ-თარჯიმანთა უმაღლესი სკოლა

Learn More

სწავლის შეღავათიანი პირობები

აირჩიეთ SANGU პირველ, მეორე ან მესამე ნომრად და ისარგებლეთ ფინანსური მხარდაჭერით
Learn More

მასწავლებლის მომზადების 60 კრედიტიანი პროგრამა

მასწავლებლის მომზადების 60 კრედიტიანი პროგრამა
მეტის ნახვა