
2026 წლის 25 აპრილს წმ. ანდრიას ქართულ უნივერსიტეტში გაიმართა მთარგმნელ-თარჯიმანთა უმაღლესი სკოლის დაარსებიდან 15 წლისადმი მიძღვნილი ღონისძიება.
მთარგმნელ-თარჯიმანთა უმაღლესი სკოლა 2011 წლიდან ფუნქციონირებს და ამ დროის განმავლობაში 100-ზე მეტი კურსდამთავრებული პრაქტიკოსი მთარგმნელი და თარჯიმანი მოამზადა.
სკოლას მისი დაარსების დღიდან ხელმძღვანელობს პროფესორი ოთარ მათეშვილი. მისი ხელმძღვანელობით პროგრამა მნიშვნელოვნად განვითარდა და ჩამოყალიბდა როგორც პროფესიონალი მთარგმნელებისა და თარჯიმნების მომზადების მნიშვნელოვანი საგანმანათლებლო პლატფორმა.
ღონისძიებაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო სკოლის დაარსების ისტორიას და მის როლს ქართულ საგანმანათლებლო სივრცეში.
სკოლის წარმატებულ საქმიანობას უზრუნველყოფს მაღალკვალიფიციური და მრავალწლიანი გამოცდილების მქონე აკადემიური პერსონალი, რომელიც მნიშვნელოვან როლს ასრულებს სტუდენტების პროფესიულ განვითარებაში და პროგრამის მაღალი ხარისხის შენარჩუნებაში.