მენიუ

SANGU-ში ახალი სტუდენტური თვითმმართველობა დაკომპლექტდა

ახალმა სტუდენტურმა თვითმმართველობამ SANGU-ში ახალი მუხტი შემოიტანა

2021 წლის 7 დეკემბერს წმ. ანდრიას ქართულ უნივერსიტეტში გაიმართა მერვე მოწვევის სტუდენტური თვითმმართველობის არჩევნები. სტუდენტთა მაღალი აქტივობის შედეგად არჩეულ იქნა სტუდენტური თვითმმართველობის ახალი მმართველი გუნდი, რომელიც აქტიურ საქმიანობას გუნდის დაკომპლექტების დღიდან შეუდგა. მართალია, პანდემიით გამოწვეულმა რეგულაციებმა სტუდენტური ცხოვრება მოსაწყენი და ერთფეროვანი გახადა, მაგრამ ახალმა სტუდენტურმა თვითმმართველობამ SANGU-ში ახალი მუხტი შემოიტანა და უკვე რამდენიმე საინტერესო ღონისძიება განახორციელა.

 

ნიკოლოზ სიდამონიძე, თვითმმართველობის პრეზიდენტი - დიდი პატივია იყო უწმინდესის და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის მიერ დაარსებული უნივერსიტეტის თვითმმართველობის პრეზიდენტი. მინდა, მადლობა ვუთხრა ყველას, ვინც არ დაიზარა და აქტიურად ჩაერთო ხმის მიცემის პროცედურებში. გპირდებით, მაქსიმალურად შევეცდები, რომ გავამართლო ის ნდობა, რომელიც სტუდენტთა უმრავლესობამ გამომიცხადა.

მნიშვნელოვანია, რომ სწავლის პარალელურად სტუდენტებს ჰქონდეთ არაფორმალური განათლების მიღების და განტვირთვის შესაძლებლობა.

დეკემბერში ჩავატარეთ რამდენიმე ღონისძიება, რომელთაც დადებითი შეფასებები მოჰყვა, რაც ძალიან სასიხარულოა. ეს არის დამატებითი მოტივაცია, რათა უფრო მეტი, ბევრად სერიოზული პროექტი დავგეგმოთ და განვახორციელოთ. ჩვენი მიზანია, სტუდენტური ცხოვრება უფრო საინტერესო და სასიამოვნო აქტივობებით დავტვირთოთ. იმედი მაქვს, პანდემია დაგეგმილი ღონისძიებების განხორციელებაში ხელს არ შეგვიშლის.


ვფიქრობ, წარმატებული და დასამახსოვრებელი იქნება ახალი თვითმმართველობის გუნდის საქმიანობა.

 

 

ქეთევან კაცელაშვილი, პირველი ვიცე-პრეზიდენტი - ვამაყობ, რომ არჩევნები ამომრჩეველთა დიდი აქტივობით ჩავატარეთ. პანდემიიდან გამომდინარე, გადავწყვიტეთ არჩევნები ონლაინ ჩაგვეტარებინა. ამ ფორმატით შევეცადეთ, იმ სტუდენტებისთვისაც მიგვეცა ხმის მიცემის შესაძლებლობა, რომელთაც გარკვეული მიზეზების გამო ონლინე სწავლება აირჩიეს.

საკმაოდ მაღალი კონკურენცია იყო ბიზნესის, კომპიუტინგისა და სოციალურ მეცნიერებათა სკოლის წარმომადგენელ კანდიდატებსა და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და სამართლის სკოლის წარმომადგენლებს შორის. საბოლოოდ, დებულების თანახმად, ორივე სკოლიდან ხმათა უმრავლესობით 6-6 მანდატი შევიდა თვითმმართველობაში. არჩევნების მეორე დღეს მოვიწვიეთ კრება და ხმათა უმრავლესობით პრეზიდენტად ავირჩიეთ ნიკოლოზ სიდამონიძე, რომელმაც თავისი უფლებამოსილების ფარგლებში პირველ ვიცე-პრეზიდენტად ამირჩია მე. ამის შემდეგ კი შიდა არჩევნებით მეორე ვიცე- პრეზიდენტად ავირჩიეთ ევა შამხალაშვილი.


ქართული უნივერსიტეტის თვითმმართველობა აერთიანებს 6 დეპარტამენტს, აქედან ერთი არის საქველმოქმედო, რომელიც დავამატეთ ხმათა უმრავლესობით და ეს სასიამოვნო სიახლეა. დეპარტამენტების ხელმძღვანელები ასე განაწილდნენ: განათლებისა და მეცნიერების დეპარტამენტი - ნინო ბაბლიძე და სალომე სისაური; სპორტის დეპარტამენტი - შოთიკო ბითაძე; კულტურის დეპარტამენტი - ანა ქებურია და რუსუდან გონაშვილი; ექსკურსიებისა და ლაშქრობების დეპარტამენტი - გვანცა ტაბაღუა; საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი - მარიამ ქიზინიძე და მარიამ ჩერქეზიშვილი; საქველმოქმედო დეპარტამენტი - მარიამ ყურუა.


მიხარია, რომ SANGU-ს თვითმმართველობის წევრი ვარ. ვეცდები, გუნდთან ერთად ბევრი საინტერესო პროექტი შევთავაზო ჩვენს სტუდენტებს. მადლობა ყველას, ვინც მხარი დამიჭირა და მომცა შესაძლებლობა, რომ შემეტანა ჩემი წვლილი სტუდენტური დღეების გამრავალფეროვნებაში.

 

ევა შამხალაშვილი, მეორე ვიცე-პრეზიდენტი - სტუდენტურმა თვითმმართველობამ წინასაახალწლო პერიოდი ნაყოფიერად გამოიყენა: საინტერესო და პროდუქტიული შეხვედრა გაიმართა თავისუფალი თეატრის მსახიობებთან, 28 დეკემბერს საახალწლო კონცერტი ჩატარდა, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს, როგორც SANGU-ს სტუდენტებმა, ისე მოწვეულმა მუსიკოსებმაც. ამ ღონისძიებას საქველმოქმედო ხასიათი მიეცა და შეგროვილი თანხით დავეხმარეთ ფსიქიატრიულ დაწესებულებაში მყოფ პაციენტებს, რომელთაც გავუზიარეთ ჩვენი განწყობა და რამდენიმე საკონცერტო ნომრით გავუხალისეთ დღე.

თვითმმართველობის თითოეულ წევრს საკმაოდ სერიოზული იდეები გვაქვს, მათ აუცილებლად განვახორციელებთ. ხოლო რაც შეეხება დეპარტამენტებს, ვფიქრობთ, რომ თითოეული მათგანის მუშაობა უფრო მეტად საინტერესო და აქტიური გახდება სტუდენტთა მხრიდან დაინტერესებისა და ჩართულობის შემდგომ.

გვსურს, სისტემატური სახე მივცეთ ინტელექტუალურ პროექტს „რა? სად? როდის?“, რომელშიც აქტიურად მიიღებენ მონაწილეობას SANGU-ს სტუდენტები და, ამასთან ერთად, ჩამოყალიბდება ერთი ძლიერი გუნდი, რომელიც ითამაშებს სხვა უნივერსიტეტთა გუნდების წინააღმდეგ. სპორტის დეპარტამენტის ხელმძღვანელის დახმარებით, ვფიქრობთ, კვლავ გავააქტიუროთ ფეხბურთის, ფრენბურთისა თუ კალათბურთის გუნდები; სტუდენტთა სურვილისამებრ კი, შესაძლოა, ამ ჩამონათვალს სპორტის სხვა სახეობებიც დაემატოს. კულტურის დეპარტამენტი საინტერესო ვიქტორინებსა და შეხვედრებს გეგმავს; გვინდა მოვიზიდოთ SANGU-ს ნიჭიერი სტუდენტები, რომლებიც ხატავენ, წერენ, ქმნიან ხელნაკეთ ნივთებს... მოვაწყოთ მათი ნამუშევრების გამოფენა და გავაცნოთ ისინი საზოგადოებას. განათლების დეპარტამენტი გაზაფხულის სემესტრის დადგომას სულმოუთქმელად ელის, რათა მოაწყოს შეხვედრები ცნობად თუ არაცნობად სახეებთან, რაც სტუდენტებს მისცემს ამ ადამიანთა შემოქმედებისა თუ ნააზრევის ახლოდან გაცნობის შესაძლებლობას. სტუდენტური თვითმმართველობის საქველმოქმედო დეპარტამენტი იზრუნებს იმაზე, რომ ჩატარებული ღონისძიებებით და აქტივობებით დავეხმაროთ მრავალ ადამიანს და მათი ცხოვრების ერთი დღე მაინც შევცვალოთ უკეთესობისკენ. გაზაფხულის სემესტრიდან განახლდება ლაშქრობები და ექსკურსიები, რაღა თქმა უნდა, თუ Covid-19 ამის საშუალებას მოგვცემს. ჩვენს აქტივობებს შეგიძლიათ თვალი ადევნოთ სოციალურ ქსელში, რომელსაც თვითმმართველობის პიარი ხელმძღვანელობს.

ასევე, არ შემიძლია არ აღვნიშნო SANGU-ს ლიტერატურული კლუბი, რომელმაც განაახლა ფუნქციონირება და მე, როგორც ლიტ. კლუბის გვერდის ერთ-ერთი ,,ადმინი“, საინტერესო და სიახლეებით დატვირთულ წელს გპირდებით. დიდი იმედი გვაქვს, რომ ჩვენს პროექტებსა და ღონისძიებებში სტუდენტები აქტიურად ჩაერთვებიან, ახალი იდეებითა და შემართებით დაუბრუნდებიან სტუდენტურ ცხოვრებას და უნივერსიტეტსაც ააჟრიამულებენ. მიუხედავად პანდემიისა, მთავარია, არ დავკარგოთ მონდომება, სიყვარული, შემართება და ეს ყოველივე გადავდოთ სხვებსაც.

გააზიარე

შეთავაზება SANGU-ს კურსდამთავრებულებს

თუ საბაკალავრო საფეხური SANGU-ში დაამთავრე და ახლა სამაგისტრო პროგრამაზე გეგმავ სწავლის გაგრძელებას, ეს შეთავაზება შენთვისაა
Learn More

სწავლის შეღავათიანი პირობები

აირჩიეთ SANGU პირველ, მეორე ან მესამე ნომრად და ისარგებლეთ ფინანსური მხარდაჭერით
Learn More

მასწავლებლის მომზადების 60 კრედიტიანი პროგრამა

მასწავლებლის მომზადების 60 კრედიტიანი პროგრამა
მეტის ნახვა