მენიუ

საქართველოში მეცნიერების საერთაშორისო დღე აღინიშნა

მეცნიერების საერთაშორისო დღის ფარგლებში SANGU-ს პროფესორები სახელობითი პრემიებით და საპატიო სიგელებით დაჯილდოვდნენ

10 ნოემბერს, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში მეცნიერების მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი საზეიმო სხდომა გაიმართა.

2001 წელს UNESCO-ს მიერ დაფუძნებული მეცნიერების მსოფლიო დღე მშვიდობისა და განვითარებისათვის, ყოველწლიურად ნოემბრის თვეში მსოფლიო მასშტაბით აღინიშნება. ეს დღე დაარსდა მეცნიერების მსოფლიო კონფერენციაზე, რომელიც მეცნიერების საერთაშორისო კავშირის მიერ, ასევე UNESCO-ს ეგიდით ჩატარდა ბუდაპეშტში (უნგრეთი) 1999 წელს.

ამ თარიღის დაწესება მიზნად ისახავს საზოგადოებაში მეცნიერების როლის გაძლიერებას, ყოველდღიურ ცხოვრებაში მისი მნიშვნელობის ხაზგასმას და ინოვაციური სამეცნიერო მიღწევების შესახებ მოქალაქეების ინფორმირებას.

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში გამართული საზეიმო ღონისძიება შესავალი სიტყვით გახსნა აკადემიის პრეზიდენტმა, აკადემიკოსმა როინ მეტრეველმა და დამსწრე საზოგადოებას საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის მისალოცი წერილი გააცნო.

ღონისძიების მონაწილეებს ასევე მიესალმა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო, რომელმაც კათოლიკოს პატრიარქ ილია II-ის მისალოცი წერილი წაიკითხა.

„საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტო, ბატონო როინ, და პატივცემულო აკადემიკოსებო!
ოც წელზე მეტი გავიდა მას შემდეგ, რაც UNESCO-ს მიერ ყოველწლიურად 10 ნოემბერს აღინიშნება მეცნიერების საერთაშორისო დღე მშვიდობისა და განვითარებისათვის. საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში უკვე ტრადიციად იქცა ყოველი წლის 10 ნოემბერს საზეიმო ღონისძიების ჩატარება და გამორჩეულ ქართველ მეცნიერთა საქმიანობის აკადემიის სპეციალური სიგელით აღნიშვნა. სახელობითი პრემიების მოსაპოვებლად გამართულ კონკურსებში გამარჯვებულთათვის კი, - შესაბამისი ჯილდოს გადაცემა.
როგორც ცნობილია და არა ერთხელ აღგვინიშნავს, საეკლესიო სწავლებით, რწმენა და ცოდნა, სარწმუნოება და მეცნიერება ერთმანეთს კი არ უპირისპირდება, არამედ, - ავსებს. ჩვენს დროში ამისი ნათელი დადასტურებაა ის მჭიდრო და ნაყოფიერი თანამშრომლობა, რაც არსებობს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქოსა და საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიას შორის. ასევე, მეტად მნიშვნელოვანია ეკლესიის წიაღში დაარსება, აღდგენა და განახლება როგორც სასულიერო, ისე საერო უმაღლესი სასწავლებლებისა და გელათის მეცნიერებათა აკადემიისა. ყოველივე ეს მიზნად ისახავს მეცნიერების და მეცნიერთა საქმიანობის მხარდაჭერას ჩვენის მხრიდან, რადგან ეს ქვეყნის წინსვლისა და წარმატების საწინდარია.
დიდი პატივისცემით ვულოცავ ქართველ მეცნიერებს, სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტებს, უნივერსიტეტებს, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიას მეცნიერების საერთაშორისო დღეს და ვუსურვებ მათ, კვლავაც წარმატებით გააგრძელონ ნაყოფიერი სამეცნიერო საქმიანობა საქართველოსა და მისი მომავალი თაობების საკეთილდღეოდ.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II.”

გამომსვლელთა შორის იყვნენ: საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ნოდარ პაპუკაშვილი, აკადემიკოსები: დავით გურგენიძე, თინათინ სადუნიშვილი და ვლადიმერ პაპავა.

ღონისძიების დასკვნით ნაწილში მოხდა გამოჩენილ მეცნიერთა სახელობითი პრემიებით დაჯილდოება და საპატიო სიგელების გადაცემა.

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდიუმის დადგენილებით, შალვა ნუცუბიძის სახელობის პრემია მიენიჭა − ქართული უნივერსიტეტის რექტორს, ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორს ირაკლი ბრაჭულს და SANGU-ს განათლების ექსპერტს, ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორს ანასტასია ზაქარიაძეს წიგნებისთვის „ანთიმოლოგიური შტუდიები - ტრადიცია და პერსპექტივები“, „ანთიმოზ ივერიელი - თხზულებები“, „ანთიმოზ ივერიელის რჩეული თხზულებების სამენოვანი პარალელური ტექსტების კრებული“.

საპატიო სიგელით კი ფილოლოგიის დარგში სამეცნიერო მიღწევებისთვის დაჯილდოვდა SANGU-ს მოწვეული ლექტორი, ფილოლოგიის აკადემიური დოქტორი საბა მეტრეველი.

გააზიარე

მთარგმნელ-თარჯიმანთა უმაღლესი სკოლა

მეტის ნახვა

სწავლის შეღავათიანი პირობები

აირჩიეთ SANGU პირველ, მეორე ან მესამე ნომრად და ისარგებლეთ ფინანსური მხარდაჭერით
Learn More

მასწავლებლის მომზადების 60 კრედიტიანი პროგრამა

მასწავლებლის მომზადების 60 კრედიტიანი პროგრამა
მეტის ნახვა