ელენე, მოგესალმები.
მოგესალმებით.
უკვე მეორე წელია SANGU-ს სტუდენტი ხარ, როგორ შეაფასებ განვლილ პერიოდს?
ყოველთვის, როდესაც SANGU-ში ჩემი სტუდენტობის შესახებ მეკითხებიან, ვპასუხობ, რომ ეს იყო ჩემი წინა წლების ერთ-ერთი საუკეთესო არჩევანი. მოგეხსენებათ, არაა მარტივი მუშაობის, განვითარების, ახალი ინფორმაციების მიღების პროცესი, თუმცა, ჩემთვის ყოველივე ეს საყვარელ საქმიანობად იქცა. SANGU-ში განვითარების დიდი მასშტაბია, მთავარია, რომ სტუდენტმა თვითონ მოინდომოს. აქ, მართლაც , ასეა, რომ ,,ყველა ლექტორი სტუდენტის მხარეზეა”, უბრალოდ, ,,არ უნდა გადავდოთ ის, რაც დღესაა გასაკეთებელი”. სწორედ, ეს ორი ფრაზა მოვისმინე უნივერსიტეტში შემოსვლის პირველ დღეს, ეს სიტყვები კარგად დავიმახსოვრე და ვეცადე, რეალობად მექცია. შესაბამისად, არაერთ წარმატებას მივაღწიე განსაკუთრებით მეორე რჩევის შესრულებით.
პროფესიის არჩევაც შენი საუკეთესო არჩევანია? როგორ მიიღე ისტორიის პროგრამაზე ჩაბარების გადაწყვეტილება?
ისტორია ყოველთვის მიზიდავდა და სკოლიდან მოყოლებული ყოველთვის სხვანაირად ვმუშაობდი ამ საგნის საკითხებზე. იყო პერიოდი (სკოლის ასაკი), როდესაც არ მიმაჩნდა, რომ ისტორიულზე ჩაბარება კარგი აზრი იყო, მაგრამ დედა ყოველთვის მეუბნებოდა, რომ კარგი ისტორიკოსი ვიქნებოდი. მომდევნო წლებში, როდესაც მივხვდი, რომ ეს იყო საგანი, რომლის სწავლაც არ მბეზრდება, გადავწყვიტე ისტორიულზე ჩაბარება და ამის ერთ-ერთი საფუძველი სწორედ დედის სიტყვები იყო.
,,იავნანას“ სახელობის სტიპენდიატობა უდიდესი პატივი და პასუხისმგებლობაა, როგორ იაზრებ ამ პასუხისმგებლობას?
რამდენადაც სასიხარულოა, იმდენად საპასუხისმგებლოც არის. ეს არის საჩუქარი, რომლის მისაღებად ბევრი შრომაა საჭირო და, ასევე, არის ვალდებულება, რომ შენი თავის უკეთ განვითარებისთვის მუდმივ ბრძოლაში ჩაება. ამ უკანასკნელს საკმაოდ ბევრ დროს ვუთმობ ჩემს ცხოვრებაში და ,,იავნანას” სახელობის სტიპენდიანტობა მიმაღლებს მოტივაციას, რომ უფრო და უფრო სწორი მიმართულებით ვიარო ჩემი მიზნისკენ.
სწავლას თუ უთავსებ უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებულ აქტივობებში ჩართულობას?
უნივერსიტეტში, გარდა სწავლისა, უამრავ აქტივობაში ვიღებ მონაწილეობას, იქნება ეს ორგანიზებული შეხვედრები, გასვლები თუ სტუდენტური თვითმართველობის მიერ ან მასთან ერთად დაგეგმილი ღონისძიებები.
ამასთან, ვცდილობთ, რამდენიმე თვეში ერთხელ, სტუდენტთა ჯგუფმა კონფერენციები დავგეგმოთ. ამ პერიოდისთვის, ორი კონფერენცია შედგა და წარმატებითაც ჩატარდა, ახლა კი მესამეს ვგეგმავთ.
ამიტომაც უნივერსიტეტი როგორც სწავლაში, ასევე სხვადასხვა უნარების გამომუშავებაში მეხმარება.
პოტენციურად ისტორიის მომავალი მკვლევარი ხარ. ისტორიის სწორად გაგებისა და გააზრებისთვის მნიშვნელოვანია ისტორიული წყაროების ცოდნა, თუ ეცნობი საარქივო მასალებს, მუშაობ პირველწყაროზე და საერთოდ რა მიმართულებით გეგმავ პროფესიული საქმიანობის წარმართვას?
მიმაჩნია, რომ სტუდენტებმა და, როგორც აღნიშნეთ, პოტენციურად ისტორიკოსებმა, აუცილებელია, რომ ამ ასაკიდანვე დაიწყონ პირველწყაროებთან მუშაობა. სემინარების მომზადების დროსაც კი ვცდილობ, რომ პირველწყარო (,,ქართლის ცხოვრება”, პერიოდიკა და ა.შ. ) დავიხმარო, რადგან ზუსტად ეს მაძლევს საშუალებას, რომ ეპოქა, პერიოდი, მისი ღირსების შესაბამისად, სწორად აღვიქვა. ამის დიდი სტიმული მომცა ი. ჯავახიშვილის 150 წლისთავისთვის დაგეგმილმა კვლევამ, სადაც ,,ივერიის” არაერთი ნომრის ანოტირებული ბიბლიოგრაფია დავწერე.
ამჟამინდელი გეგმებით, ვაპირებ მაგისტრისა და დოქტორის ხარისხებისთვის შრომასა და სწავლას, თუმცა მანამდე ბაკალავრიატის წარჩინებულად დახურვასა და პროფესიული კუთხით, მრავალ ახალ გამოცდილებას ველი.
გზავნილი თანატოლებს?
არავინ თქვას, რომ ყოველივე ამის კეთება, მუდმივი შრომა თუ სწავლა მარტივია. თუმცა, ბევრი მათგანი ამაზე უარს ამბობს იმიტომ, რომ ისეთი წარმოდგენა აქვთ, თითქოს ვინც სწავლობს, უნივერსიტეტის მერე პირადი ცხოვრებისთვის დრო არ რჩება, განსაკუთრებით მათ, ვინც მუდმივად ამ რეჟიმშია. პირადი გამოცდილებით გეტყვით, რომ ეს სიმართლე არაა. ხანდახან უფრო მეტი დროც კი მაქვს. ამიტომაც, საჭიროა უბრალოდ მონდომება და დროის მენეჯმენტი. სტუდენტური წლები - პერიოდი, რომელიც უნდა გამოვიყენოთ მაქსიმალურად, რადგან ვეღარ განმეორდება.
მოამზადა ნინო აბრამიშვილმა
ფოტო: ნუგზარ შონია