2024 წლის 23 სექტემბერს, საქართველოს საპატრიარქოს წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში კიდევ ერთი ახალი სასწავლო წელი დაიწყო. სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით უნივერსიტეტის ეზოში პირველკურსელებთან ტრადიციული გაცნობითი სახის შეხვედრა გაიმართა.
სტუდენტებს სწავლის დაწყება SANGU-ს რექტორმა, პროფესორმა ირაკლი ბრაჭულმა მიულოცა: „ძვირფასო სტუდენტებო და პირველკურსელებო, გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას, ეს დღე ყოველთვის საზეიმოა, არა მარტო თქვენთვის ვინც პირველად მოხვედით SANGU-ში, არამედ ჩვენთვისაც ისეთივე ამაღელვებელი და საზეიმოა, როგორც თითოეული პირველკურსელისთვის. გილოცავთ ცხოვრების ახალ ეტაპზე გადასვლას და წარმატებულ სასწავლო წელს გისურვებთ“.
პირველკურსელებს ასევე სიტყვით მიმართეს: ბიზნესის, კომპიუტინგის და სოციალურ მეცნიერებათა სკოლის დეკანმა, პროფესორმა ლევან ქისტაურმა და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და სამართლის სკოლის დეკანმა, პროფესორმა პაპუნა გურულმა.
შეხვედრის დასრულების შემდეგ პირველკურსელები პროგრამების ხელმძღვანელებისა და კოორდინატორების დახმარებით, სასწავლო პროცესთან დაკავშირებულ ყველა საჭირო ინფორმაციას გაეცნენ.