ჩემი თაობის სტუდენტებისათვის SANGU განსაკუთრებულია, რადგან, ფაქტობრივად, ჩვენ ერთად გავიზარდეთ. უნივერსიტეტი 2008 წელს დაარსდა, მე კი 2012-ში ჩავაბარე და ჩემი ჯგუფი ჩვენი მიმართულების, ტურიზმის ბიზნესის, პირველი ნაკადი იყო. მახსოვს, როდესაც პირველი კურსის შუა პერიოდში სტუდენტურ დღეებზე ვმონაწილეობდით, SANGU-ს მნიშვნელობაც კი არ იცოდა ბევრმა, ჩვენგან იგებდნენ პირველად. თუმცა ოთხი წლის შემდეგ, უნივერსიტეტის დამთავრებისას, უკვე ისეთი ცნობილი იყო, უამრავი ადამიანი მეკითხებოდა SANGU-ში ჩაბარებას ვაპირებ და ამიხსენი როგორი სიტუაციააო. ჩვენ ერთად გავიარეთ საწყისი წლები, ერთად განვვითარდით, გავიზარდეთ, ერთად გავხდით პროფესიონალები და იმაზე უკეთესები, ვიდრე შეხვედრამდე ვიყავით.
თეორიული ცოდნის მიღების პარალელურად, SANGU-მ მომცა ცხოვრებაში ყველაზე მთავარი - ადამიანები, უახლოესი მეგობრები, რომლებიც დღესაც კი, უნივერსიტეტის დამთავრებიდან 5 წლის შემდეგ, ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილები არიან.
ჩემთვის დამატებით ძალიან მნიშვნელოვანი გამოცდილება იყო სტუდენტური თვითმმართველობაც, განსაკუთრებით პრეზიდენტობის ორი წელი - უკეთ გავიცანი უნივერსიტეტის სტრუქტურა, თითოეული ელემენტი, ვმონაწილეობდი ყველა სტუდენტური აქტივობის დაგეგმვა-განხორციელებაში. ამ პროცესში ბევრი მნიშვნელოვანი უნარი განმივითარდა, რომელსაც დღესაც ვიყენებ ყოველდღიურობაში. SANGU ამითაც გამორჩეული იყო - შესაძლებლობა გქონდა, სურვილის შემთხვევაში, გეკეთებინა ყველაფერი, რაც გინდოდა. მაგალითად, თუ სპორტი მოგწონდა, გვქონდა ძალიან კარგი სავარჯიშო დარბაზი. ჩამოყალიბებული იყო ფეხბურთისა და რაგბის გუნდები, რომლებიც რეგულარულად მონაწილეობდნენ სხვადასხვა ჩემპიონატებში. ცეკვის მოყვარულებისათვის ფუნქციონირებდა ანსამბლი, რომელიც საუნივერსიტეტო დონეზე ძალიან გამორჩეული იყო. თუ ფიქრობდი, რომ იყავი აქტიური და შეგეძლო სარგებელი მოგეტანა შენი კურსელებისა და მთლიანად უნივერსიტეტისათვის, შეგეძლო გაწევრიანებულიყავი სტუდენტურ თვითმმართველობაში და დაგეგეგმა და განგეხორციელებინა სასურველი პროექტები.
SANGU-ს პერიოდში ყველაზე მნიშვნელოვანი მოგონება ჩვენი უნივერსიტეტის გუნდის გამარჯვებაა შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრისა და ორგანიზაცია “მოქალაქის” კონკურსში - “სტუდენტები თვითმმართველობისათვის”. აღნიშნულ პროექტში მთელი საქართველოს მასშტაბით 1000-ზე მეტი სტუდენტური გუნდი მონაწილეობდა და საბოლოოდ 10 გამარჯვებული გამოვლინდა, რომელთა შორის მე და ჩემი ჯგუფელებიც ვიყავით. ეს წარმატება ძალიან ემოციური იყო, რადგან წარმოვადგენდით შედარებით “პატარა” უნივერსიტეტს და SANGU-ს ასეთ დონეზე წარმოჩენა ჩვენთვის განსაკუთრებულად საამაყო იყო.
დასასრულს აუცილებლად უნდა ვახსენო ჩემი პროგრამის ხელმძღვანელი, ბატონი ნიკო კვარაცხელია. ორი უნივერსიტეტი დავამთავრე, განსხვავებული ასაკისა და პროფესიის 50-ზე მეტი ლექტორი მყავდა, თუმცა ძალიან იშვიათად მინახავს საკუთარი საქმის ასეთი დიდი პროფესიონალი და ამავე დროს ისეთი უშუალო ადამიანი, როგორიც ბატონი ნიკოა. ვფიქრობ, მე და ჩემს ჯგუფს გაგვიმართლა, რომ ოთხი წლის განმავლობაში ყოველდღიური ურთიერთობა გვქონდა მასთან. ბევრი ვისწავლეთ მისგან და არა მხოლოდ პროფესიული თვალსაზრისით.
დაბადების დღეს გილოცავ, უნივერსიტეტო!
ვაჟა ხეცურიანი
ქართული უნივერსიტეტის კურსდამთავრებული