საქართველოს საპატრიარქოს წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის (SANGU) და ჩრდილოეთ კენტუკის უნივერსიტეტის (NKU) კიბერუსაფრთხოების ერთობლივი სამაგისტრო პროგრამის ფარგლებში, აშშ-ში ჩასულმა სტუდენტებმა მონაწილეობა მიიღეს NKU-ს კამპუსში გამართულ 17-ე ყოველწლიურ კიბერუსაფრთხოების სიმპოზიუმში - #Cyber17. ეს ღონისძიება ერთ-ერთი წამყვანია აშშ-ში კიბერუსაფრთხოების მიმართულებით, სადაც იკრიბებიან ინდუსტრიის წამყვანი ექსპერტები და ინოვატორები, რათა განიხილონ სფეროში არსებული ტენდენციები, ახალი საფრთხეები და საუკეთესო პრაქტიკები.
სიმპოზიუმის ფარგლებში, SANGU-ს სტუდენტები დაესწრნენ სემინარებს, პანელურ დისკუსიებს და პრაქტიკულ ვორქშოფებს. ღონისძიების მთავარი თემები მოიცავდა ხელოვნურ ინტელექტს (AI), მანქანურ სწავლებას, ფიშინგის შეტევებს და მობილურ უსაფრთხოებას. მთავარი სპიკერი იყო ცნობილი კიბერუსაფრთხოების ექსპერტი, ქ-ნი ტერეზა პეიტონი.
SANGU-ს სტუდენტებმა მონაწილეობა მიიღეს სიმპოზიუმის პანელურ დისკუსიაში, სადაც განიხილეს საქართველოს კიბერუსაფრთხოების გარემო, საჯარო და კერძო სექტორის გამოწვევები, საქართველოს ეროვნული CERT-ის (Computer Emergency Response Team) როლი, SOC-ის (Security Operation Center) ფუნქციები ინციდენტებზე რეაგირებისთვის, კიბერუსაფრთხოებაში ქალების როლი და არსებული სტერეოტიპები.
პანელური დისკუსიის შემდეგ გაიმართა კითხვა-პასუხის სესია, სადაც დამსწრეებს საშუალება ჰქონდათ, საქართველოს კიბერუსაფრთხოების სფეროსა და ზოგადად ქვეყნის შესახებ მეტი ინფორმაცია მიეღოთ.
სემინარებისა და პრაქტიკული სამუშაოების გარდა, SANGU-ს სტუდენტები გაეცნენ ამერიკის კულტურას, რაც მათ საერთაშორისო გამოცდილებას ამდიდრებს და უქმნით უნიკალურ შესაძლებლობას, გაიზიარონ მსოფლიო დონის სპეციალისტების საუკეთესო პრაქტიკები.
SANGU-სა და NKU-ს ერთობლივი ორმაგი სამაგისტრო პროგრამა კიბერუსაფრთხოებაში ინოვაციური ნაბიჯია საქართველოსთვის, რომელიც სტუდენტებს აძლევს მსოფლიო დონის განათლების მიღების შესაძლებლობას SANGU-ს სრული დაფინანსებით. ამ პროგრამის წარმატებით დასრულების შემდეგ, სტუდენტებს ენიჭებათ კიბერუსაფრთხოების მაგისტრისა და ინფორმაციის ტექნოლოგიების უსაფრთხოების ორმაგი, ქართული და ამერიკული აკადემიური ხარისხი.