20 ნოემბერს, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ კურორტების განვითარების სააგენტოს ორგანიზებით გაიმართა სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენცია - „საქართველოს კურორტების მდგრადი განვითარება“.
კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს კონკურსის მე-2 ეტაპზე გასულმა საქართველოში აკრედიტირებული უნივერსიტეტების ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტებმა.
საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტიდან კონფერენციაში მონაწილეობა მიიღო წარჩინებულმა სტუდენტმა მედეა გოგილაშვილმა, რომელმაც პროფესორ ნიკო კვარაცხელიას ხელმძღვანელობით წარმოადგინა თეზისი თემაზე: „მდგრადი ტურიზმის კვლევა და განვითარების პერსპექტივები ყაზბეგში“.
უნდა აღინიშნოს, რომ კონფერენციაში მონაწილეობა ორი ეტაპისაგან შედგებოდა. პირველ ეტაპზე, თეზისები იგზავნებოდა სააგენტოში, სადაც სპეციალური ჟიური შეარჩევდა 15 საუკეთესო ნაშრომს, შემდეგ ეტაპზე კი, ჟიურის მიერ შერჩეული თეზისების ავტორები წარდგებოდნენ აუდიტორიის წინაშე.
SANGU-ს სტუდენტი მედეა გოგილაშვილი ღირსეულად წარსდგა ჟიურისა და აუდიტორიის წინაშე, მისმა გამოსვლამ დიდი გამოხმაურება გამოიწვია და იგი დაჯილდოვდა სიგელითა და ფასიანი საჩუქრებით.
ვულოცავთ მედეას და მის ხელმძღვანელს, პროფესორ ნიკო კვარაცხელიას ამ წარმატებას და ვუსურვებთ შემდგომ წინსვლას.