მენიუ

სტუდენტური იდეებიდან რეალურ პროექტებამდე - ინტერვიუ სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდენტთან

სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდენტი ნიკოლოზ კოკაია საუბრობს სტუდენტური ცხოვრების გამოწვევებზე, განხორციელებულ ინიციატივებზე და სამომავლო გეგმებზე.

სტუდენტური იდეებიდან რეალურ პროექტებამდე - ინტერვიუ სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდენტთან

„ჩვენი მიზანია შევქმნათ გარემო, სადაც თითოეული სტუდენტი იგრძნობს, რომ მისი ხმა მნიშვნელოვანია.“

უნივერსიტეტის ცხოვრებაში სტუდენტური თვითმმართველობა მნიშვნელოვან როლს ასრულებს. ეს არის სივრცე, სადაც სტუდენტებს შეუძლიათ საკუთარი ინტერესების დაცვა, იდეების გაზიარება და უნივერსიტეტის საზოგადოებრივ ცხოვრებაში აქტიურად ჩართვა. თვითმმართველობის პრეზიდენტის პოზიცია განსაკუთრებულ პასუხისმგებლობასა და ლიდერობას მოითხოვს, რადგან ის ერთგვარ ხიდს ქმნის სტუდენტებსა და უნივერსიტეტის ადმინისტრაციას შორის.

ინტერვიუში სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდენტი ნიკოლოზ კოკაია გვიზიარებს საკუთარ გამოცდილებას, საუბრობს სტუდენტური ცხოვრების გამოწვევებზე, განხორციელებულ პროექტებსა და მომავალ გეგმებზე.

სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდენტობა საკმაოდ საპასუხისმგებლო პოზიციაა. რა იყო მთავარი მოტივაცია, რომელმაც ამ გზის არჩევა გადაგაწყვეტინათ?
ჩემი მთავარი მოტივაცია იყო სურვილი, რომ სტუდენტების ხმა რეალურად ყოფილიყო გაგონილი. ყოველთვის ვფიქრობდი, რომ უნივერსიტეტი არ უნდა იყოს მხოლოდ სწავლის ადგილი, ის უნდა იყოს სივრცე, სადაც ახალგაზრდებს შეუძლიათ განვითარება, იდეების რეალიზება და საკუთარი პოტენციალის სრულად გამოვლენა.

ადრე ნაკლებად ვიყავით ჩართული სხვადასხვა სტუდენტურ ღონისძიებებსა და აქტივობებში. სწორედ ამიტომ ერთ-ერთი მთავარი მიზანი იყო ამ პროცესებში აქტიურად ჩართვა, რაც, ვფიქრობ, წარმატებით შევძელით. სწორედ ცვლილებების განხორციელების სურვილმა გადამაწყვეტინა ამ გზის არჩევა.

როგორი იყო თქვენი პირველი დღე პრეზიდენტის სტატუსით, რა ემოცია და პასუხისმგებლობა იგრძენით მაშინ?
პირველი დღე ჩემთვის ძალიან ემოციური და ამავე დროს საპასუხისმგებლო იყო. ერთი მხრივ დიდი სიამაყე ვიგრძენი, რადგან სტუდენტებმა ნდობა გამომიცხადეს, ხოლო მეორე მხრივ გავიაზრე, რომ ეს ნდობა დიდ შრომასა და პასუხისმგებლობას მოითხოვს. სწორედ მაშინ დავისახე მიზანი, რომ ჩემი საქმიანობა რეალური ცვლილებების მომტანი ყოფილიყო.

თქვენი აზრით, დღეს რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემა, რომლის წინაშეც სტუდენტები დგანან უნივერსიტეტში?
ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევა სტუდენტების ინფორმირებულობა და ჩართულობაა უნივერსიტეტის პროცესებსა და აქტივობებში. ხშირად სტუდენტებს აქვთ საინტერესო იდეები, თუმცა არ იციან როგორ და სად უნდა გააჟღერონ ისინი. ამიტომ ჩვენი მიზანია შევქმნათ უფრო გახსნილი პლატფორმა, სადაც თითოეული სტუდენტი იგრძნობს, რომ მისი აზრი მნიშვნელოვანია.

სტუდენტური თვითმმართველობა ხშირად განიხილება როგორც ხიდი ადმინისტრაციასა და სტუდენტებს შორის. როგორ ახერხებთ ამ ბალანსის შენარჩუნებას?
ამ ბალანსის შენარჩუნების მთავარი გზა, ჩემი აზრით, არის მჭიდრო კომუნიკაცია და ნდობა. ჩვენ მუდმივად ვცდილობთ სტუდენტების პრობლემები და იდეები მივიტანოთ ადმინისტრაციამდე, ხოლო ადმინისტრაციის გადაწყვეტილებები სწორად ავუხსნათ სტუდენტებს. სწორედ დიალოგი ქმნის ეფექტურ თანამშრომლობას.

თქვენს გუნდთან ერთად განხორციელებული რომელი ინიციატივა ან პროექტი მიგაჩნიათ ყველაზე მნიშვნელოვან წარმატებად?
ვფიქრობ, ყველა პროექტი გარკვეულწილად მნიშვნელოვანია, თუმცა განსაკუთრებით აღსანიშნავია ის ინიციატივები, რომლებმაც რეალურად გააძლიერა სტუდენტური ცხოვრება. ეს შეიძლება იყოს საგანმანათლებლო შეხვედრები, სტუდენტური აქტივობები, ბანაკები თუ სხვადასხვა სოციალური პროექტები. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო ის ინიციატივები, რომლებმაც სტუდენტებს ახალი გამოცდილება და შესაძლებლობები მისცა.

არის თუ არა ისეთი იდეა ან პროექტი, რომლის განხორციელებაც ჯერ ვერ მოახერხეთ, მაგრამ მომავალში აუცილებლად გსურთ?
დიახ, ყოველთვის არსებობს იდეები, რომელთა სრულად განხორციელება დროის ან რესურსების გამო ვერ ხერხდება. მაგალითად მსურს კიდევ უფრო ფართომასშტაბიანი სტუდენტური პროგრამების შექმნა, რომლებიც სტუდენტებს პროფესიულ განვითარებაში დაეხმარება, როგორიცაა სტაჟირებები, საერთაშორისო პროექტები და გაცვლითი პროგრამები. ამ მიმართულებით უკვე აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა. ჩართული ვართ სხვადასხვა საგრანტო პროექტში და გვაქვს კომუნიკაცია საერთაშორისო დონეზე.

რამდენად აქტიურები არიან სტუდენტები უნივერსიტეტის საზოგადოებრივ ცხოვრებაში და რა გზებით ცდილობთ მათი ჩართულობის გაზრდას?
სტუდენტებში ნამდვილად დიდი პოტენციალია, თუმცა ზოგჯერ საჭიროა სწორი მოტივაცია და შესაბამისი პლატფორმა. სწორედ ამიტომ ვცდილობთ უფრო მეტი აქტივობისა და ინიციატივის ორგანიზებას, სადაც სტუდენტებს შეუძლიათ საკუთარი იდეების გაზიარება და განხორციელება. ჩვენი მიზანია, სტუდენტებმა იგრძნონ, რომ სწორედ ისინი ქმნიან უნივერსიტეტის ცხოვრებას.

თქვენი საქმიანობის განმავლობაში ალბათ არაერთ გამოწვევას შეხვდით. რომელმა სირთულემ შეგძინათ მეტი გამოცდილება?
ყველაზე დიდი გამოცდილება მომცა იმ სიტუაციებმა, როდესაც რთული გადაწყვეტილებების მიღება გახდა საჭირო და სტუდენტების ინტერესების სხვადასხვა რეალობასთან დაბალანსება მოგვიწია. ასევე მნიშვნელოვანი გამოცდილება იყო ფორსმაჟორულ სიტუაციებში სწრაფი გადაწყვეტილებების მიღება. ასეთ დროს სწავლობ პასუხისმგებლობის აღებას, გუნდურ მუშაობას და პრობლემების კონსტრუქციულად გადაწყვეტას.

როგორ ფიქრობთ, რა უნდა შეიცვალოს სტუდენტურ თვითმმართველობაში, რათა ის კიდევ უფრო ეფექტური და შედეგიანი გახდეს?
ვფიქრობ მნიშვნელოვანია მეტი გამჭვირვალობა და სტუდენტებთან აქტიური კომუნიკაცია. ჩვენ ვაძლევთ თითოეულ დაინტერესებულ სტუდენტს შესაძლებლობას ჩაერთოს გუნდში და თავისი იდეებით გააძლიეროს სტრუქტურა. როდესაც თვითმმართველობა გახსნილია და სტუდენტები ხედავენ მის რეალურ საქმიანობას, ნდობაც და ეფექტიანობაც მნიშვნელოვნად იზრდება.

თქვენი პრეზიდენტობის შემდეგ რა მემკვიდრეობა გსურთ დაუტოვოთ სტუდენტურ თვითმმართველობას?
მსურს დავტოვო ძლიერი, აქტიური და სტუდენტებზე ორიენტირებული თვითმმართველობა. გუნდი, რომელიც ყოველთვის მზად იქნება სტუდენტების ინტერესების დაცვასა და მათ განვითარებაზე მუშაობისთვის. ასევე მინდა დავუტოვო იმ ორგანიზაციებთან მჭიდრო თანამშრომლობა, რომლებმაც რეალურად შეძლეს ჩვენი მხარდაჭერა და თვითმმართველობა ახალ ეტაპზე გადაიყვანეს.

რას ურჩევდით იმ სტუდენტებს, რომლებსაც მომავალში ლიდერობა სურთ?
პირველ რიგში არ შეგეშინდეთ პასუხისმგებლობის. ლიდერობა ნიშნავს არა მხოლოდ პოზიციას, არამედ პასუხისმგებლობას ადამიანებისა და იდეების წინაშე. იყავით აქტიურები, მოუსმინეთ სხვებს და მიიღეთ გააზრებული გადაწყვეტილებები.

მოამზადა: ნინო აბრამიშვილი
ფოტო: ნუგზარ შონია

გააზიარე

მთარგმნელ-თარჯიმანთა უმაღლესი სკოლა

მეტის ნახვა

სწავლის შეღავათიანი პირობები

აირჩიეთ SANGU პირველ, მეორე ან მესამე ნომრად და ისარგებლეთ ფინანსური მხარდაჭერით
Learn More

მასწავლებლის მომზადების 60 კრედიტიანი პროგრამა

მასწავლებლის მომზადების 60 კრედიტიანი პროგრამა
მეტის ნახვა