მენიუ

SANGU-ს სტიპენდიანტები

მერცია სოლოღაშვილი - სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის, უწმიდესის და უნეტარესის, ილია II-ის სტიპენდიანტი

მომავალ პროფესიაზე ოცნება ბავშვობიდან იწყება, მიზნები კი შემდეგ მოდის, უფრო გვიან, როცა ახალგაზრდა იწყებს ფიქრს იმაზე, თუ როგორ წარმართოს სწორად საკუთარი ცხოვრება. თუ ადამიანი მიზანსწრაფულია, წარმატებასაც აღწევს.

ქართული უნივერსიტეტის წარჩინებული სტუდენტი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის სტიპენდიანტი მერცია სოლოღაშვილი ამბობს, რომ მისი მიზნების განხორციელების მთავარი ეტაპი უნივერსიტეტში დაიწყო და დღემდე გრძელდება, რადგან მას შემდეგ, რაც სტუდენტი გახდა, უამრავი კარი გაეხსნა და დასახულ მიზანთან მიახლოების საშუალება მიეცა. უნივერსიტეტი ხომ ის ადგილია, სადაც ადამიანი ეუფლება არჩეულ პროფესიას და ემზადება მომავალ გამოწვევებთან შესახვედრად.

ახლა უკვე SANGU-ს ბიზნესის კომპიუტინგის და სოციალურ მეცნიერებათა სკოლის სტუდენტი იხსენებს, რომ ბიზნესის ადმინისტრირებით საკმაოდ ადრეულ ასაკში დაინტერესდა, ჯერ კიდევ ბავშვობაში ეუბნებოდა ყველას, რომ „ბიზნესვუმენი“ უნდა გამოსულიყო. არც სკოლის დამამთავრებელ წლებში შეუცვლია აზრი და ჯიუტად მიჰყვებოდა არჩეულ გზას. როდესაც მეათე კლასში იყო, არ ჰქონდა გადაწყვეტილი, რომელ უნივერსიტეტში ჩაებარებინა. სწორედ ამ დროს მისმა დამ, რომელიც SANGU-ს მაგისტრატურის სტუდენტი იყო, ურჩია საქართველოს საპატრიარქოს წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში ჩაბარება. მერციამ მოიძია ინფორმაცია უნივერსიტეტის შესახებ და, როგორც თვითონ ამბობს, საოცარი სიახლოვის გრძნობა დაეუფლა ამ უნივერსიტეტის მიმართ და მიზნად დაისახა, რომ აუცილებლად გამხდარიყო SANGU-ს სტუდენტი. ეროვნული გამოცდებისთვის მომზადებაც SANGU-ს აბიტურიენტთა მოსამზადებელ ცენტრს მიანდო, რამაც კიდევ უფრო მეტად გაუღრმავა არჩეული უნივერსიტეტისადმი სიყვარული.

როდესაც SANGU-ში როგორც სტუდენტი, ისე შემოვიდა, უამრავი ფიქრი უტრიალებდა თავში და საოცარი ენთუზიაზმით მიიჩქაროდა აუდიტორიისკენ ლექციებზე დასასწრებად. სწორედ მაშინ გაიაზრა, თუ რამდენად სიღრმისეულად შეეძლო შეესწავლა არჩეული მიმართულება, რამდენი საინტერესო საგანი შეეძლო აერჩია, როგორ დაეხმარებოდა ეს ყველაფერი დასახული მიზნის მიღწევაში.

იგი პირველივე დღიდან არ იშურებდა ძალისხმევას, ვინაიდან ხასიათით მაქსიმალისტია, სტიპენდიანტობაც ყოველთვის უნდოდა. მეორე კურსზე კი ამასაც მიაღწია და უკვე ორი სემესტრია, სტიპენდიანტის წოდება აქვს. ეს კი ნიშნავს, იყოს სამაგალითო, მოტივაციის მიმცემი თანატოლებისთვის. ამ პასუხისმგებლობას კარგად გრძნობს და აპირებს იტვირთოს იგი უნივერსიტეტის დამთავრებამდე.

მერცია თვლის, რომ ამ ორი წლის განმავლობაში დიდი ცოდნა მიიღო, გაუჩნდა ახალი იდეები, SANGU-ს პროფესორებისგან კი უამრავ რჩევას იღებს ამ იდეათა განსახორციელებლად.

წინა სემესტრში მონაწილეობა მიიღო ბიზნესის, კომპიუტინგისა და სოციალურ მეცნიერებათა სკოლის სტიპენდიანტთა კონფერენციაში. ეს იყო დაუვიწყარი გამოცდილება. მან პროფესორ ნინო დამენიას ხელმძღვანელობით დაამუშავა და მსმენელს წარუდგინა მოხსენება თემაზე - „ნარჩენების გადამუშავების პრობლემები საქართველოში“, რასაც აუდიტორიის მხრიდან დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ამან კიდევ უფრო დიდი მოტივაცია მისცა სტიპენდიანტთა მომავალ კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად.

ამასთან ერთად, სხვა ახალი მიზნებიც აქვს დასახული. იგი თვლის, რომ წარმატებისკენ მიმავალი გზა შორია და სირთულეებით სავსე. დიდი ნებისყოფა და სიყვარულია საჭირო ამ გზაზე. მიზნები არ ელევა, რადგან მისთვის რთულია ერთ ადგილზე გაჩერება. როგორც თვითონ ამბობს, ისწრაფვის მწვერვალისკენ, რომელსაც ბოლო არ უჩანს.

SANGU-ს წარჩინებულ სტუდენტს მომავალ წარმატებებს ვუსურვებთ.

მოამზადა ნინო აბრამიშვილმა

გააზიარე

მთარგმნელ-თარჯიმანთა უმაღლესი სკოლა

მეტის ნახვა

სწავლის შეღავათიანი პირობები

აირჩიეთ SANGU პირველ, მეორე ან მესამე ნომრად და ისარგებლეთ ფინანსური მხარდაჭერით
Learn More

მასწავლებლის მომზადების 60 კრედიტიანი პროგრამა

მასწავლებლის მომზადების 60 კრედიტიანი პროგრამა
მეტის ნახვა