10 ნოემბერს, საქართველოს საპატრიარქოს წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტსა და სამართლის მულტიფუნქციური განათლების და ექსპერტიზის ცენტრ „მართლმსაჯულების სახლს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
მემორანდუმს ხელი მოაწერეს SANGU-ს რექტორმა, პროფესორმა ირაკლი ბრაჭულმა და ,,მართლმსაჯულების სახლის” დამფუძნებელმა და ხელმძღვანელმა, ქალბატონმა ეკა ბესელიამ.
მართლმსაჯულების სახლი საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების ფარგლებში სტუდენტებისთვის პრაქტიკის გავლას უზრუნველყოფს. მემორანდუმის მიზანი, რესურსების გაზიარებისა და მაღალი კომპეტენციის მქონე კადრების მომზადების ხელშეწყობის გზით, მხარეთა საერთო ინტერესების სფეროში შემავალ აქტუალურ საკითხებზე თანამშრომლობა და ერთობლივი სასწავლო-საგანმანათლებლო პროექტების განხორციელებაა.
მემორანდუმი ითვალისწინებს მხარეთა ეფექტიან და ურთიერთსარგებლიან თანამშრომლობას სტუდენტთა თეორიული და პრაქტიკული სწავლების ახლებური მეთოდების გამოყენების, სწავლის პარალელურად სამუშაო გამოცდილების შეძენის, კვლევითი საქმიანობისა და პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარების ხელშეწყობით.
თანამშრომლობის ფარგლებში მხარეები განახორციელებენ ერთობლივ სამუშაო შეხვედრებს, სემინარებს, კონფერენციებს და სხვადასხვა სასწავლო-საგანმანათლებლო პროექტებს. კომპეტენციის ფარგლებში, მოხდება ერთობლივი სასწავლო პროგრამების შემუშავებაც.
SANGU-ს და სამართლის მულტიფუნქციური განათლების და ექსპერტიზის ცენტრ „მართლმსაჯულების სახლის“ თანამშრომლობა, სწავლის პარალელურად, ხელს შეუწყობს სტუდენტთა მიერ სამუშაო გამოცდილების შეძენას, მაღალკვალიფიციური და კონკურენტუნარიანი კადრების მომზადებას.
სტუდენტები, რომლებიც „მართლმსაჯულების სახლში“ უკვე გადიან სტაჟირებას გამოცდილებას გვიზიარებენ.
მადონა ბერია - „სტუდენტთა შერჩევა აღნიშნული პრაქტიკისთვის მაღალი GPA-ით განისაზღვრა. პრაქტიკა მოიცავს, გარკვეულწილად თეორიულ ნაწილსაც, რადგან თუ არ აქვს გავლილი შესაბამისი თეორიული საკითხები, შეუძლებელია იცოდე, როგორ მიმდინარეობს დავა და როგორ უნდა წარდგეს სასამართლოში, როგორ უნდა შეადგინო სარჩელი, შესაგებელი ან სხვა ნებისმიერი დოკუმენტი.
მართლმსაჯულების სახლი გვეხმარება საჭირო და აუცილებელი უნარ-ჩვევების გამომუშავებაში, ასევე გვაძლევს შესაძლებლობას, გავიაროთ ფსიქოლოგიური და კომუნიკაციური ნაწილი, რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია იურისტისთვის.
აღნიშნულ ორგანიზაციასთან თანამშრომლობით გავიუმჯობესებ SANGU-ში შეძენილ ცოდნას, შევისწავლი იურიდიულ ტექნიკებს, რაც დამეხმარება, კარგ იურისტად ჩამოყალიბებაში.“
ნიკა გოლოშვილი - „აღნიშნული პრაქტიკისთვის შერჩევა მოხდა გასაუბრების ფორმით, ქალბატონმა ეკა ბესელიამ მოისმინა ჩვენი შეხედულებები, მონდომებები და მოგვცა მასთან თანამშრომლობის შესაძლებლობა. პრაქტიკა მოიცავს იმ უნარ-ჩვევების შეძენასა და გამომუშავებას რაც მნიშვნელოვანია ჩვენი მომავალი პროფესიული საქმიანობისთვის თანამშრომლობით ვფიქრობთ მივიღებთ გამოცდილებას პრაქტიკული კუთხით უნარების დაგროვებაში, რაც თეორიული სწავლების შემდეგ ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია“.