SANGU-ს სამართლის სკოლის კურსდამთავრებული, მარიამ ქაშიაშვილი, სწავლას გერმანიის ლუდვიგ მაქსიმილიანის უნივერსიტეტის მაგისტრატურაში აგრძელებს. როგორც თვითონ ამბობს, გერმანული სამართლის საფუძვლებს პირველად SANGU-ში გაეცნო, თან იმდენად საფუძვლიანად, რომ დღემდე ახსოვს და მიიჩნევს, რომ აქ მიღებული საბაზისო ცოდნა ძალიან გამოადგა ლუდვიგ მაქსიმილიანის უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელებაში. მისი სამომავლო გეგმები საქართველოს უკავშირდება, ის მიღებული ცოდნის გამოყენებას სამშობლოში გეგმავს.
მარიამ, მოგესალმები!
მოგესალმებით და მადლობას გიხდით ჩემი პატარა წარმატების გაზიარებისთვის. აქვე, გამოვიყენებ შესაძლებლობას და უდიდესი პატივისცემით მოვიკითხავ ჩემს ყოფილ საუკეთესო ლექტორებს და უბრალოდ არაჩვეულებრივ ადამიანებს.
SANGU-ში სამართლის საბაკალავრო პროგრამა დაამთავრე, ახლა კი, გერმანიაში, ლუდვიგ მაქსიმილიანის უნივერსიტეტში აგრძელებ სწავლას...
დიახ, 2020 წლის ივლისში დავამთავრე SANGU-ს სამართლის საბაკალავრო პროგრამა. ახლა რომ ვუფიქრდები მაშინ მხოლოდ ოცნებებში შემეძლო მეფიქრა გერმანიის საუკეთესო უნივერსიტეტის სტუდენტობაზე. მახსოვს ვსწავლობდით გერმანულ სამართალს, მოგვყავდა პრეცედენტები, ქეისები და ვადარებდით ქართული სამართლის სისტემას გერმანულ სამართალს. იმდენად საინტერესო იყო ეს ყველაფერი, მაგრამ აქ ამ ყველაფერს ახლოდან რომ ვეცნობი და უშუალო კავშირი მაქვს უდიდესი სიამოვნება და შესაძლებლობაა სამართლებრივი საკითხების ღრმა შესწავლისთვის.
გვიამბე როგორ წახვედი და როდიდან აგრძელებ სწავლას სამართლის მაგისტრატურაზე?
გერმანიაში, ქალაქ მიუნხენში ჩამოვედი 2 წლის წინ და 2022 წლის სექტემბრამდე დაკავებული ვიყავი სხვადასხვა პროგრამებით, რომელთა საშუალებით შევძელი გერმანული ენის შესწავლა, რადგან ლექცია-სემინარები გერმანულ ენაზეა. ამასთან ერთად მოვახერხე გამევლო სტაჟირება გერმანულ-შვეიცარიულ იურიდიულ კომპანიაში, რათა მიმეღო პრაქტიკული ცოდნა გერმანულ სამართლის სისტემაში. 2022 წლის სექტემბერში ჩავირიცხე ლუდვიგ მაქსიმილიანის უნივერსიტეტში სამართლის სამაგისტრო პროგრამაზე სპეციალიზაციით: გერმანული სამართალი.
რამდენად დაგეხმარა SANGU-ში მიღებული ცოდნა გერმანიაში სწავლის გაგრძელებაში?
გერმანულ უნივერსიტეტებში სწავლის გასაგრძელებლად საჭიროა ქართული დიპლომის აღიარება და აქაურ სისტემებთან გათანაბრება. დიპლომის აღიარების პროცედურა გაგრძელდა, ჩემ შემთხვევაში, 4 თვე და მივიღე პასუხად ის, რომ ჩემი ქართული ბაკალავრის დიპლომი უთანაბრდება გერმანული ბაკალავრის დონეს და შემეძლო უფრო მაღალი საფეხურიდან სწავლის გაგრძელება და ასევე, სამუშაო ბაზარზე გასვლა. ეს ყველაფერი მიუთითებს ჩვენი უნივერსიტეტის კონკურენტუნარიანობაზე და განათლების მაღალ-ევროპულ ხარისხზე.
ამასთან ერთად, ზემოთაც აღვნიშნე, რომ SANGU-ში სწავლისას პროფესიონალი პროფესორების დახმარებით შევძელი გავცნობოდი გერმანული სამართლის საფუძვლებს და მიმეღო პირველადი ცოდნა, რაც იმდენად საფუძვლიანი აღმოჩნდა, რომ 2 წლის შემდეგაც თითოეული სიტყვა მახსოვს ჩვენი საინტერესო ლექციებიდან. ძალიან მეხმარება SANGU-ში მიღებული ცოდნა, ისეთი განცდა მაქვს, რომ ყველაფერს იგივეს ვსწავლობ, მაგრამ გერმანულ ენაზე. კაზუსის ამოხსნის მეთოდიკა თუ სხვა სამართლებრივი თანამედროვე მეთოდები არის იმდენად იდენტური, რომ ძალიან მიადვილებს სწავლას.
როგორია შენი ერთი დღე გერმანიაში?
რთულია ერთი კონკრეტული დღის აღწერა, რადგან ყველა დღე ერთმანეთისგან განსხვავებულია. საერთო ის არის, რომ ყველა დღე ძალიან დატვირთულია და იწყება მზის ამოსვლასთან ერთად.
გარდა სწავლისა რას საქმიანობ?
სწავლასთან ერთად ვმუშაობ ერთ-ერთ საერთაშორისო კომპანიაში („All3DP“) ადმინისტრაციულ-სამართლებრივი დეპარტამენტის განყოფილებაში. ვცხოვრობ ძალიან აქტიური ცხოვრების რიტმით. ყოველთვის ვცდილობ ჩართული ვიყო სხვადასხვა ღონისძიებებში. აქტიურად ვარ დაკავებული სპორტით და შაბათ-კვირას აუცილებლად მაქვს გამოყოფილი დრო მეგობრებისთვის.
როგორია შენი სამომავლო გეგმები?
ჩემი სამომავლო გეგმები, რა თქმა უნდა, უკავშირდება ისევ საქართველოს. ჯერ რთულია რაიმე კონკრეტულზე საუბარი, თუმცა ძალიან მინდა ჩემი აქ მიღებული ცოდნა ჩემ სამშობლოში გამოვიყენო და ჩემი მცირედი წვლილი შევიტანო ქვეყნის უკეთესობისკენ სვლაში. ვინ იცის იქნებ ერთ დღეს SANGU-ში წავიკითხო ლექციები?!
მოამზადა ნინო აბრამიშვილმა