4 აპრილს, საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში, უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია II-ის აღსაყდრებიდან 45 და დაბადებიდან 90 წლის საიუბილეო თარიღებისადმი მიძღვნილი შემეცნებითი ღონისძიებების ციკლის ფარგლებში, კულტურულ-საგანმანათლებლო საზოგადოება ,,იცანის" ორგანიზებით და საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელშეწყობით რიგით მეცამეტე საღამო გაიმართა. თეატრალიზებული ღონისძიება მიტროპოლიტ ნაზარ ლეჟავას ცხოვრებასა და მოწამებრივ ღვაწლს მიეძღვნა.
შეხვედრა წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ირაკლი ბრაჭულმა და საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილემ, დეკანოზმა გურამ ჭარელაშვილმა გახსნეს. მათ მსგავსი ღონისძიებების მნიშვნელობაზე ისაუბრეს.
ღონისძიებას საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე, წმიდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი ალექსანდრე გალდავა, სხვა სასულიერო პირები, კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრ „იცანის“ წარმომადგენლები, SANGU-ს პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები დაესწრნენ.