მენიუ

წიგნის - "ქართული დიპლომატიის ისტორია" წარდგინება

საქართველოს საპატრიარქოს წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში წიგნის - "ქართული დიპლომატიის ისტორია" წარდგინება გაიმართა

21 აპრილს, საქართველოს საპატრიარქოს წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში წიგნის - "ქართული დიპლომატიის ისტორია" წარდგინება გაიმართა. წიგნი გამომცემლობა "არტანუჯმა" საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ვიცე-პრეზიდენტის, SANGU-ს პროფესორის, აკადემიკოს როინ მეტრეველის რედაქტორობით გამოსცა.

ღონისძიება გახსნა SANGU-ს რექტორმა, პროფესორმა ირაკლი ბრაჭულმა; შეხვედრის მონაწილეებსა და სტუმრებს მიესალმა საქართველოს საპატრიარქოს წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის სრულუფლებიანი წარმომადგენელი, ბოდბელი მთავარეპისკოპოსი იაკობი. მეუფე იაკობმა ბატონ როინს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის ლოცვა-კურთხევა და მილოცვა გადასცა, მიულოცა ამ არაჩვეულებრივი წიგნის გამოცემა და მის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

აკადემიკოსმა როინ მეტრეველმა წარმოდგენილი წიგნის შექმნის ისტორიაზე ისაუბრა, რომელშიც სიღრმისეულად არის განხილული ქართული საერთაშორისო პოლიტიკა, საგარეო ურთიერთობები და დიპლომატია უძველესი დროიდან დღემდე. აღსანიშნავია, რომ წიგნი ქართული დიპლომატიის ისტორია ბევრმა უმაღლესმა სასწავლებლებმა უკვე სასწავლო პროცესში შეიტანა და სალექციო პროცესში ინტეგრირდა.

გამომცემლობა "არტანუჯის" დირექტორმა, პროფესორმა ბუბა კუდავამ, თავის გამოსვლაში, დამსწრე საზოგადოებას დეტალური ინფორმაცია მიაწოდა ამ უაღრესად საჭირო გამოცემის შესახებ; წიგნის ღირსებებზე, ქართული დიპლომატიის ისტორიის მეცნიერული შესწავლის თვალსაზრისით გამოცემის მნიშვნელობაზე ისაუბრეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა ჯაბა სამუშიამ, შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის დირექტორმა ერეკლე ასტახიშვილმა, ქართული უნივერსიტეტის პროფესორმა ვახტანგ გურულმა და სოხუმის უნივერსიტეტის პროფესორმა ზურაბ პაპასკირმა.

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტმა გიორგი კვესიტაძემ ბატონ როინს მიულოცა და ძალიან მაღალი შეფასება მისცა გამოცემას. მან დამსწრეთ მოახსენა როგორც მეცნიერებათა აკადემიის, ისე თავისი პირადი დამოკიდებულება ამ არაჩვეულებრივი წიგნისადმი. აღნიშნა, რომ მისთვის განსაკუთრებით სასიამოვნო და მნიშვნელოვანი იყო ,,ქართული მენტალიტეტი ქართული წეს-ადათი ცხოვრებისა, რომელიც გახდა საფუძველი იმ ძველი დიპლომატიისა, რომელიც არსებობდა მანამდე, ვიდრე საერთაშორისო კანონებზე გადავიდოდა".

ღონისძიებას პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი ესწრებოდა. მან ავტორთა ჯგუფს წიგნის გამოცემისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ თანამედროვე პროცესებში და თანამედროვე პოლიტიკაში ჩართული ადამიანები უნდა ეცნობოდნენ და ზედმიწევნით შეისწავლიდნენ, თუ რას წერენ თანამედროვე მეცნიერები. ეს მეცნიერთა ჯგუფის მიერ შედგენილი ნაშრომების პირველი გამოცემა არ არის, თუმცა ასეთი შეკრული, სავსე და ერთად წარმოდგენილი პირველია აღნიშნა მან.
დარბაზში შეკრებილ აუდიტორიას სიტყვით მიმართა საქართველოს პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარემ, გივი მიქანაძემ, რომელმაც მიულოცა ქართველ საზოგადოებას წიგნის გამოცემა და მადლობა გადაუხადა ჩვენი ქვეყნის ღვაწლმოსილ მეცნიერებს იმისთვის, რომ გლობალური თუ ადგილობრივი გამოწვევების ჟამს, მათი დამსახურებით სამეცნიერო საქმიანობა გრძელდება, და ამ წიგნით, მომავალი თაობები შეძლებენ გაეცნონ ისტორიულ ფაქტებს საქართველოს ისტორიისა და ქართული დიპლომატიის განვითარების შესახებ.

წიგნში "ქართული დიპლომატიის ისტორია" გაანალიზებულია უცხოური თუ ქართული წყაროები საქართველოს საერთაშორისო ურთიერთობებისა და დიპლომატის შესახებ; განხილულია დიაოხისა და კოლხას, ეგრისისა და ქართლის, ცალკეული სამეფო-სამთავროების საგარეო ურთიერთობები; ასევე ერთიანი ქართული სახელმწიფოს დიპლომატიური ბრძოლა საერთაშორისო არენაზე აღიარებისა და სრული სუვერენიტეტის მოპოვებისათვის, წარმოდგენილია დიპლომატიური სამსახურისა და ეტიკეტის შექმნის ისტორია. დიდი ადგილი ეთმობა რუსეთთან ურთიერთობის დეტალებს, გეორგიევსკის ტრაქტატს; დამოუკიდებელი საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების განხილვას; საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის საგარეო პოლიტიკას და ბოლოს, გასული საუკუნის 90-იანი წლების საგარეო პოლიტიკას.

ამ საინტერესო გამოცემის წარდგინება ივანე ჯავახიშვილისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში ჩატარდა.

გააზიარე

მთარგმნელ-თარჯიმანთა უმაღლესი სკოლა

მეტის ნახვა

სწავლის შეღავათიანი პირობები

აირჩიეთ SANGU პირველ, მეორე ან მესამე ნომრად და ისარგებლეთ ფინანსური მხარდაჭერით
Learn More

მასწავლებლის მომზადების 60 კრედიტიანი პროგრამა

მასწავლებლის მომზადების 60 კრედიტიანი პროგრამა
მეტის ნახვა