18 მაისს, საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში, უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია II-ის აღსაყდრებიდან 45 და დაბადებიდან 90 წლის საიუბილეო თარიღებისადმი მიძღვნილი შემეცნებითი ღონისძიებების ციკლის ფარგლებში, კულტურულ-საგანმანათლებლო საზოგადოება ,,იცანის" ორგანიზებით და საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელშეწყობით მორიგი საღამო გაიმართა. თეატრალიზებული ღონისძიება მარაბდის ბრძოლის გმირებსა და ცხრა ძმა ხერხეულიძეს მიეძღვნა.
ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდნენ: საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე, საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილე, დეკანოზი გურამ ჭარელაშვილი, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე თამარ მახარაშვილი და წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი ირაკლი ბრაჭული. მათ მსგავსი შემეცნებითი ღონისძიებების მნიშვნელობაზე ისაუბრეს.
ღონისძიებას საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურისა და კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრ „იცანის“ წარმომადგენლები, სასულიერო პირები, SANGU-ს პროფესორ-მასწავლებლები, სტუდენტები და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.