საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულმა უნივერსიტეტმა თბილისის 140-ე საჯარო სკოლის X კლასის მოსწავლეებს უმასპინძლა.
ისინი ქართულ უნივერსიტეტში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის სრულუფლებიანმა წარმომადგენელმა, ბოდბელმა მთავარეპისკოპოსმა იაკობმა, კანცლერმა თამაზ ვაჩაძემ და საზოგადოებასთან და საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის უფროსმა დავით გორგიაშვილმა მიიღეს. შეხვედრაზე ბოდბელმა მთავარეპისკოპოსმა იაკობმა SANGU-ს და NKU-ს ერთობლივი საერთაშორისო ინგლისურენოვანი სამაგისტრო პროგრამის შესახებ მიაწოდა მათ ინფორმაცია.
შეხვედრის დასრულების შემდეგ მოსწავლეებმა დაათვალიერეს სასწავლო და კომპიუტერული აუდიტორიები, საკონფერენციო და სატრენაჟორო დარბაზები, ბიბლიოთეკა და მათთვის სასურველი მიმართულებებისა თუ სასწავლო პროგრამების შესახებ ინფორმაციას გაეცნენ.
მოსწავლეები შეხვდნენ ბიზნესის, კომპიუტინგის და სოციალურ მეცნიერებათა სკოლის დეკანს, პროფესორ ლევან ქისტაურს, რომელმაც მათ სასწავლო პროგრამები გააცნო; სამართლის პროგრამის კოორდინატორმა ქეთევან ხურცილავამ მოსწავლეებს სამართლის დარბაზში უმასპინძლა და იმ აქტივობებისა და იმიტირებული პროცესების შესახებ მიაწოდა დეტალური ინფორმაცია, რომლებიც ამ დარბაზში დარგის ცნობილი და წამყვანი სპეციალისტების ჩართულობით იმართება; საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და ელექტრონული რესურსების რეგულირების სამსახურის უფროსმა კახა რევაზიშვილმა მათთვის ჩაატარა ლექცია თემაზე - „პიროვნების მაიდენტიფიცირებელი ინფორმაციის დაცვა“; საგამოცდო ცენტრის ხელმძღვანელი ანა ხუციშვილი კი მომავალ სტუდენტებს SANGU-ს საგამოცდო ცენტრის მუშაობის და საგამოცდო პროცესების შესახებ ესაუბრა.
შეხვედრის ფარგლებში მოსწავლეებმა, SANGU-ს ფიზიკის ლაბორატორიაში, უნივერსიტეტის პროფესორის, მალხაზ შატბერაშვილის ხელმძღვანელობით ფიზიკის საინტერესო ექსპერიმენტებში მიიღეს მონაწილეობა.