ნიკოლოზ მოგესალმები!
მოგესალმებით!
SANGU-ს სტუდენტებმა თავიანთი არჩევანით გამოგიცხადეს დიდი ნდობა, რომელსაც გამართლება სჭირდება. როგორ იაზრებ ამ პასუხისმგებლობას და რამდენად ხარ მზად ამისთვის?
პირველ რიგში, მინდა მადლობა გადავუხადო თითოეულ სტუდენტს და თვითმართველობის ახალ წევრებს ნდობისა და ხმის მოცემისთვის. დიდი სიყვარული და ნდობა ვიგრძენი მათგან. როგორც თვითმმართველობის ახალ პრეზიდენტს, უდიდესი პასუხისმგებლობა მაკისრია SANGU-ს სტუდენტების წინაშე. თვითმმართველობის გუნდი სტუდენტებს ვპირდებით, რომ ეს წელი იქნება განსხვავებული, უამრავი სიახლითა და სხვადასხვა აქტივობით სავსე. მაქსიმალურად ვეცდებით, მათი ნდობა გავამართლოთ!
როგორ დაკომპლექტდა ახალი მმართველი გუნდი გაგვაცანი არსებული დეპარტამენტები და მათი ახალი ხელმძღვანელები.
მოგეხსენებათ, სტუდენტური თვითმმართველობა დაკომპლექტებულია რამდენიმე დეპარტამენტით. დღესდღეობით აქტიურად ფუნქციონირებს განათლების, ლაშქრობა-ექსკურსიის, სპორტის, განათლების, კულტურისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის (პიარის) დეპარტამენტები. მინდა გაგაცნოთ თვითმმართველობის ახალი გუნდი, რომელიც, ვფიქრობ, ერთ- ერთი საუკეთესო და წარმატებული იქნება SANGU-ს ისტორიაში. პირველი ვიცე-პრეზიდენტი გახლავთ მარიამ ყურუა, რომელსაც SANGU-ს სტუდენტები კარგად იცნობენ. მას აქვს თვითმმართველობაში ყოფნის ორწლიანი გამოცდილება. გამოირჩევა მაღალი პასუხისმგებლობით, აქტიურობით, გუნდურობითა და განსხვავებული, საინტერესო იდეებით. მეორე ვიცე-პრეზიდენტი გახლავთ საბა ჩართოლანი, რომელიც აქტიურადაა ჩართული თვითმმართველობის გუნდში. ლაშქრობა-ექსკურსიის დეპარტამენტის ხელმძღვანელები არიან ალექსანდრე ლაცაბიძე და ჯულია ზედელაშვილი. მათ მიერ ორგანიზებული ლაშქრობები, მერწმუნეთ, საუკეთესო იქნება და არ უნდა გამოტოვოთ. განათლების დეპარტამენტის ხელმძღვანელი არის გურამ ლომიძე, რომელსაც მრავალი საინტერესო შემეცნებითი პროექტი აქვს დაგეგმილი. კულტურის დეპარტამენტის ხელმძღვანელები გახლავან თამთა ბონდარევა და მარიამ მიქავა. მათი გეგმებიც არანაკლებ საინტერესო და მრავალფეროვანია. სპორტის დეპარტამენტის ხელმძღვანელები არიან ლია ტოკლიკიშვილი და ვლადიმერ ბასარია. მოგეხსენებათ, სპორტი დღეს დიდ ადგილს იკავებს ახალგაზრდების ცხოვრებაში. მათი სამომავლო პროექტები კი ბევრ სპორტის მოყვარულს დააინტერესებს. საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის (პიარის) დეპარტამენტის წარმომადგენლები არიან ანა ოლქიაშვილი და თაკო ქავთარაძე. ისინი პირველივე დღიდან აქტიურად არიან ჩართულნი და სრული პასუხისმგებლობით ართმევენ თავს დაკისრებულ მოვალეობას. მინდა აღვნიშნო მათი აქტიური ჩართულობა, მრავალფეროვანი, განსხვავებული აქტივობები, გუნდური მუშაობა და მონდომება, რომ წარმატებული პროექტები შესთავაზონ სტუდენტებს.
თვითმმართველობის წევრი იყავი და შენთვის ნაცნობია მისი მუშაობის სპეციფიკა. რა სიახლეების შეტანას და განხორციელებას გეგმავ შენი მმართველობის პერიოდში?
დიახ, წინა თვითმმართველობის წევრი ვიყავი და მარიამ ყურუასთან ერთად ვხელმძღვანელობდი ლაშქრობა-ექსკურსიის დეპარტამენტს. კარგი გუნდი ვიყავით; ვცდილობდით სტუდენტებისთვის გაგველამაზებინა და დასამახსოვრებელი გაგვეხადა თითოეული პროექტი თუ აქტივობა, რომელსაც მე და მარიამი ვახორციელებდით. SANGU-ს სტუდენტური თვითმმართველობის გუნდი იქნება მუდმივ განვითარებასა და სიახლეებზე ორიენტირებული. მაქსიმალურად ვეცდებით საუკეთესო ღონისძიებები შემოგთავაზოთ. ამისთვის კი, რა თქმა უნდა, სტუდენტთა აქტიურობა და მათი ჩართულობაა საჭირო.
რას ურჩევ მათ, ვინც არ არის ჩართული აქტიურად სტუდენტურ ცხოვრებაში?
რა თქმა უნდა, ვურჩევ, რომ ჩაერთონ ყველა აქტივობაში, რომელთაც უნივერსიტეტი და ჩვენ, თვითმმართველობა, ვთავაზობთ სტუდენტებს. თითოეულ მათგანში ჩართვით სტუდენტები უკეთ გაიცნობენ ერთმანეთს, დააგროვებენ საუკეთესო მოგონებებს, რომელთაც წლების შემდეგ გაიხსენებენ. სტუდენტური თვითმმართველობა ზრუნავს სტუდენტთა შესაძლებლობებისა და ნიჭის გამოვლენაზე, რათა მათი სტუდენტური წლები მრავალფეროვანი, აქტიური, საინტერესო და დასამახსოვრებელი იყოს.
დიდი მადლობა, წარმატებებს გისურვებთ.
გმადლობთ.
მოამზადა ნინო აბრამიშვილმა
ფოტო: ნუგზარ შონია