,,იხარეთ ორსავ სოფელსა შინა" - ასე გვლოცავს მრავალი წელია, ჩვენი პატრიარქი, დღეს კი ამ სიტყვებითვე უსურვებს ჯანმრთელობას და სიხარულს მას SANGU-ს სტუდენტი ლიკა ტოკლიკიშვილი, რომელიც გულწრფელი სიტყვებით გამოხატავს ერის სულიერი მამისადმი სიყვარულს და მოწიწებას.
გინახავთ ღვთის მადლით შემოსილი, გასხივოსნებული ადამიანი? ,,ზეცისა კაცი და ქუეყანისა ანგელოზი“, ღვთის კაცი, მოვლენილი ნათელ წერტილად ამ წუთისოფელში?! ღვთივკურთხეულია ჩვენი მამული, მსოფლიო რუკაზე უჩინარი საქართველო, რომელიც ათასწლეულებია, მოდის და მოდის სიღრმეებიდან… უფლის განუზომელი მოწყალება და უხვად მოფენილი მადლი იგრძნობა საქართველოს ველ-მინდვრებსა და აზურმუხტებულ მთებში... ამბობენ, ღმერთი ყოველთვის ირჩევს შენთვის შესაფერის ადამიანსო, ჰოდა 46 წლის წინ სუდარაგადაფარებული ეკლესია ჩაიბარა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ, რომელმაც იტვირთა ქართველი ერის უმძიმესი ჯვარი. 40 წელზე მეტია საქართველოს დედაბოძად ქცეული პატრიარქი ყველას გულში საქართველოს იმედად ფეთქავს; იმედად, რომელიც უფალმა გვიბოძა ქართველ ერს. მრავალი ათეული წელია უმძიმესი გვირგვინი ადგას თავზე ერის სულიერ მამას და მიიკვლევს გზას გოლგოთისაკენ. ურთულეს გზაზე შეუპოვრად მიილტვის წინ, რათა ამაღლდეს და აღსდგეს საქართველო.
რთულია ვიპოვო სიტყვები, რომ მცირედით მაინც გამოვხატო თქვენდამი სიყვარული და პატივისცემა, ჩვენო უწმინდესო. თქვენ ხართ მოსეს გზის გამგრძელებელი ჩვენს ქვეყანაში, რომელიც მუდამ დგახართ საქართველოს გვერდით. თქვენს თვალებში ღმერთს ვხედავთ, წმინდა და უბიწო სიყვარულს. თქვენში იგრძნობა ხატება და მსგავსება ღვთისა, უკიდეგანო სიკეთე და მადლი უფლისა. თქვენ ხართ ანთებული სანთელი, რომელიც მთელ ქვეყანას სინათლეს და სიყვარულს ჰფენს, საიმედო ბურჯად დგახართ საქართველოს სადარაჯოზე. თქვენ ხომ ღვთის უდიდესი შეწევნით, ღვაწლითა და მუხლჩაუხრელი შრომით აღადგინეთ და გააძლიერეთ ეკლესია საქართველოსი.
2 აგვისტოს მართლმადიდებელი ეკლესია თქვენი მფარველი წმინდანის, დიდებული წინასწარმეტყველის, ილია თეზბიტელის ხსენებას აღნიშნავს. სრულიად საქართველოს საქრისტიანოს იმედო, ღვაწლმოსილო მამათმთავარო, ჩვენო მანუგეშებელო, ქრისტეს გზით მატარებელო, დიდო მეუფევ, ანგელოზის დღეს გილოცავთ. ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შემწეობას, სულიერ სიხარულსა და სიმხნევეს, ჯანმრთელობასა და დღეგრძელობას გისურვებთ.
ღმერთმა ინებოს თქვენი სიცოცხლე მრავალსა წელსა, მრავალჟამიერ თქვენს მეუფებას! „იხარეთ ორსავ სოფელსა შინა“.