მენიუ

SANGU-ს მასწავლებლის მომზადების პროგრამები

ინტერვიუ ზურაბ ბერიასთან

საგანმანათლებლო პროგრამებზე მუშაობა და ამ მხრივ განათლებისათვის ხელშეწყობა წმ. ანდრიას ქართული უნივერსიტეტის პრიორიტეტია. ერთ-ერთი ასეთი წარმატებული პროგრამაა მასწავლებლის მომზადების 60 კრედიტიანი პროგრამა, რომელიც რამდენიმე წელია წარმატებით ხორციელდება. ახლახან შემუშავდა უფრო მასშტაბური მასწავლებლის მომზადების 300 კრედიტიანი ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო პროგრამა რამდენიმე საგნობრივი მიმართულებით. ასევე მზადაა ახალი პროექტებიც.
საგანმანათლებლო პროგრამების შესახებ გვესაუბრება პროგრამის ხელმძღვანელი, პროფესორი ზურაბ ბერია.

მოგესალმებით ბატონო ზურაბ!
მოგესალმებით.

საიდან გაჩნდა ახალი პროგრამის შექმნის იდეა?
5 წლის წინ წმ. ანდრიას ქართულ უნივერსიტეტში მომზადდა მასწავლებლის მომზადების ერთწლიანი 60-კრედიტიანი საგანმანათლებლო პროგრამა, რომელიც გულისხმობს ბაკალავრიატის ან მაგისტრატურის კურსდამთავრებულებისთვის, რომელთაც სურთ მასწავლებლობა და ჩააბარებენ მასწავლებლის გამოცდას შესაბამის საგანში, ზოგადი პედაგოგიკის და საგნობრივი მეთოდიკის სწავლებას, ასევე, სასკოლო პრაქტიკის გავლას. პროგრამამ თავის დროზე წარმატებით გაიარა აკრედიტაცია და წელს უკვე მე-5 მიღება გვქონდა. ეს პროგრამა იმდენად წარმატებული აღმოჩნდა, რომ მომწიფდა აზრი გაკეთებულიყო უფრო მასშტაბური 300-კრედიტიანი პროგრამა. თავად შეგიძლიათ შეაფასოთ 60-კრედიტიანი პროგრამა, თუ დააკვირდებით ჩარიცხულ სტუდენტთა რაოდენობის ზრდას წლების მიხედვით: თუ 2017 წელს 16 სტუდენტი გვყავდა, 2018-წელს გახდა 30, 2019-ში - 70, 2020-ში - 140 და წელს უკვე 200-მდე სტუდენტი გვყავს. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია ჩვენთვის, ეს არის თავად სტუდენტთა და კურსდამთავრებულთა მიერ პროგრამის შეფასება. ამ პროგრამაზე შეიკრა განათლების სპეციალისტთა ძალიან კარგი და უკვე გამოცდილი გუნდი, ამას დაუმატეთ ჩვენი უნივერსიტეტის ისტორიის, ქართული ენისა და ლიტერატურის, ინგლისური ენის მიმართულების საკმაოდ ძლიერი და სახელოვანი აკადემიური პერსონალი და ასევე, თბილისის ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან მოწვეული გეოგრაფთა ძლიერი კოლექტივი. ყველაფერმა ამან შექმნა წინაპირობა, რომ გაკეთებულიყო ახალი 300-კრედიტიანი საგანმანათლებლო პროგრამა რამდენიმე საგნობრივი მიმართულებით.

რას სთავაზობს ახალი პროგრამა სტუდენტებს?
პროგრამის სრული დასახელებაა - მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა და იგი 5-წლიანია. ამ პროგრამის დასრულების შემდეგ სტუდენტს ენიჭება: განათლების მაგისტრის ხარისხი; ერთი ან რამდენიმე საგნობრივი მიმართულებით უფროსი მასწავლებლის სტატუსი, ჩვენი უნივერსიტეტის შემთხვევაში ეს არის: ისტორია-გეოგრაფია-მოქალაქეობის მასწავლებელი ან ქართული ენა და ლიტერატურა-ინგლისური ენა-ქართული, როგორც მეორე ენა, მასწავლებელი.
როგორც ხედავთ, საკმაოდ დიდი არჩევანია. მსურველს, ერთდროულად სამი საგნის მასწავლებელი შეუძლია გახდეს ორიდან რომელიმე ერთი პროგრამის გავლის შემდეგ; ასევე, შეუძლია გააგრძელოს სწავლა დოქტორანტურაში.

რას გულისხმობს 300 კრედიტი, გარდა სავალდებულო საგნებისა, კიდევ რას შეისწავლიან პროგრამის სტუდენტები?
რაც შეეხება სასწავლო კრედიტებს და სასწავლო კურსებს, სტუდენტები 180 კრედიტის ფარგლებში მიიღებენ შესაბამისი საგნობრივი მიმართულებით აკადემიურ ცოდნას (ისტორია-გეოგრაფია-მოქალაქეობა ან ქართული ენა და ლიტერატურა-ინგლისური ენა) არჩევითი და სავალდებულო სასწავლო კურსების საშუალებით, ასევე აიმაღლებენ ინგლისური ენის ცოდნას მინიმუმ B2 დონემდე; დანარჩენი 120 კრედიტი გადანაწილებულია ზოგად პედაგოგიკასა და საგნობრივ მეთოდიკებზე, კვლევისა და პრაქტიკის მიმართულებებზე.

პრაქტიკის მიმართულება, ალბათ, სასკოლო პრაქტიკას მოიცავს...
არა მხოლოდ. 40 კრედიტზე მეტია გათვალისწინებული ამ მიმართულებით; კერძოდ, ამაში შედის პრაქტიკული კვლევა, სამაგისტრო ნაშრომის მომზადება, სასკოლო პრაქტიკა.

სტაჟირებისთვის კონკრეტულად რომელიმე სკოლებთან ხომ არ თანამშრომლობთ ან გეგმავთ თანამშრომლობას?
ჩვენ 60-კრედიტიანი პროგრამის ფარგლებში საქართველოს 100-ზე მეტ საჯარო და კერძო სკოლასთან გვაქვს გაფორმებული თანამშრომლობის მემორანდუმი და მადლობა გვინდა ვუთხრათ ყველა მათგანის დირექტორებს და დამრიგებელ-მასწავლებლებს, რომ ჩართული არიან ამ პროცესში და ძალიან გვეხმარებიან. დიდი იმედი გვაქვს, რომ ეს თანამშრომლობა გაგრძელდება 300-კრედიტიანი პროგრამის ფარგლებშიც და ასევე, ჩვენი მხრიდანაც ვფიქრობთ სკოლებისთვის გარკვეული ღონისძიებების შეთავაზებას, რომ ეს თანამშრომლობა უფრო საინტერესო და ორმხრივ სასარგებლო გავხადოთ.

წელს პირველად ჰქონდა მიღება აღნიშნულ სასწავლო პროგრამას, როგორ მიმდინარეობს სწავლება, როგორ ფიქრობთ, რამდენად წარმატებულად დაიწყო მისი ფუნქციონირება?
მოგეხსენებათ, პროგრამის აკრედიტაციის პროცესი საკმაოდ ხანგრძლივი და შრომატევადი პროცესია. ამ პროგრამების აკრედიტაციაზე დადებითი გადაწყვეტილება ზაფხულში მივიღეთ, როდესაც ერთიანი ეროვნული გამოცდები უკვე ჩატარებული იყო, თუმცა მაინც გამოჩნდნენ ორივე პროგრამაზე სწავლის მსურველები, რომლებიც ჩაირიცხნენ და ახლა სასწავლო პროცესი ჩვეულებრივ მიმდინარეობს, რაც შეგვიძლია ვთქვათ, რომ წარმატებული დასაწყისია. მათთვის გარკვეული ღონისძიებები გვაქვს დაგეგმილი, რომ ამ პროგრამაზე სწავლა უფრო მიმზიდველი და საინტერესო გახდეს.

სამომავლო გეგმების შესახებ რას გვეტყვით?
განათლების მიმართულება ჩვენი უნივერსიტეტისთვის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა, დიდია ხელშეწყობა უნივერსიტეტის ადმინისტრაციის მხრიდან და საკმაოდ ამბიციური გეგმებიც გვაქვს. თითქმის მზად გვაქვს და მალე შევიტანთ აკრედიტაციაზე 60-კრედიტიანი პროგრამის ახალ პაკეტს, რომელიც მოიცავს ისეთ საგნობრივ მიმართულებებს, როგორებიცაა: დაწყებითი საფეხურის მათემატიკის, ქართული ენა და ლიტერატურის, ბუნებისმეტყველების მასწავლებელი, კომბინირებული დაწყებითი საფეხურის (1-4) მასწავლებელი, ისტ-ის, მოქალაქეობის, ხელოვნების და მუსიკის მასწავლებელი, მომავალში ამას კიდევ გეოგრაფიის მიმართულება დაემატება. ასევე ვაპირებთ მოვამზადოთ 300-კრედიტიანი საგანმანათლებლო პროგრამები საბუნებისმეტყველო და მათემატიკის მიმართულებებით, რომლებიც ყველაზე დეფიციტური სპეციალობებია ჩვენს ქვეყანაში; ცოტა უფრო შორეულ მომავალში კი განათლების მიმართულებით სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებია გეგმაში.

დიდი მადლობა, წარმატებებს გისურვებთ.
გმადლობთ.


მოამზადა ნინო აბრამიშვილმა

გააზიარე

მთარგმნელ-თარჯიმანთა უმაღლესი სკოლა

Learn More

სწავლის შეღავათიანი პირობები

აირჩიეთ SANGU პირველ, მეორე ან მესამე ნომრად და ისარგებლეთ ფინანსური მხარდაჭერით
Learn More

მასწავლებლის მომზადების 60 კრედიტიანი პროგრამა

მასწავლებლის მომზადების 60 კრედიტიანი პროგრამა
მეტის ნახვა