მენიუ

SANGU-ში მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის თანამშრომლებისთვის ტრენინგები ჩატარდა

პროექტი მოიცავდა ლექციებს, ტესტებსა და პრაქტიკულ სავარჯიშოებს საოფისე ტექნოლოგიების მიმართულებით

წმ. ანდრიას ქართულმა უნივერსიტეტმა მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის თანამშრომლებისთვის საოფისე ტექნოლოგიების მიმართულებით საგანმანათლებლო პროექტი განახორციელა. პროექტის ფარგლებში ბიზნესის, კომპიუტინგის და სოციალურ მეცნიერებათა სკოლის კომპიუტერული მეცნიერებების მიმართულების პროფესორ-მასწავლებლებმა ჩაატარეს ტრენინგები, რომლებიც მოიცავდა ლექციებს, ტესტებსა და პრაქტიკულ სავარჯიშოებს.


პაატა გოგიშვილი, SANGU-ს ასოცირებული პროფესორი - საგანმანათლებლო პროექტი განკუთვნილი იყო მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის თანამშრომლების საოფისე ტექნოლოგიების უნარ-ჩვევების გამომუშავება-განმტკიცებისთვის. ძალიან დასაფასებელია მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის მხრიდან თავიანთი თანამშრომლებისთვის ზრუნვა. თანამედროვე სამყაროში კომპიუტერული უნარ-ჩვევების ქონა არსებითია ყველა ადამიანისთვის. ამიერიდან ტრენინგში მონაწილე ყველა თანამშრომელი შეძლებს გამოიყენოს მიღებული ცოდნა როგორც სამსახურებრივ, ისე პირად საქმიანობაში. თანამედროვე საოფისე ტექნოლოგიები SANGU-ს ყველა საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამაზე იკითხება, თუმცა ასეთი ტიპის ტრენინგი პირველად ჩავატარეთ, რომელიც ვფიქრობ, წარმატებული აღმოჩნდა. გვაქვს სურვილი, სამომავლოდაც ვუმასპინძლოთ მსმენელებს. ცოდნის გადაცემა ყველა ლექტორისთვის სასიამოვნო პროცესია. მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის თანამშრომლებთან ურთიერთობა კი განსაკუთრებულად დიდი პატივია. დიდ მადლობას ვუხდი სასახლის დირექციას, რომ სწორედ ქართული უნივერსიტეტი შეარჩია ამ საპასუხისმგებლო საქმისთვის.


ლია შენგელია, მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის საგნობრივი მიმართულებების ხელმძღვანელი - წმ. ანდრიას ქართულ უნივერსიტეტსა და მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმია გაფორმებული. ამ მემორანდუმის ფარგლებში ეროვნულმა სასახლემ უნივერსიტეტის კომპიუტერული მეცნიერების პროგრამასთან ერთად რამდენიმე პროექტი განახორციელა. მათ შორის: უფროსკლასელთა გუნდური მათემატიკური შეჯიბრებები, კომპიუტერული მეცნიერების საგანმანათლებლო კვირეულები და სხვა. 2 წლის წინ, როცა COVID-19-ის პანდემია დაიწყო და საქართველოში სრული ლოქდაუნი იყო, SANGU-მ ერთ-ერთმა პირველმა მოახერხა და დროის მოკლე მონაკვეთში შეძლო სწავლის დისტანციურ რეჟიმში გაგრძელება. განსაკუთრებული მადლიერებით მინდა გავიხსენო თქვენი უნივერსიტეტის კომპიუტერული მეცნიერების პროგრამის პროფესორების - კობა გელაშვილის და პაატა გოგიშვილის დამსახურება, რომლებმაც უანგაროდ მოგვაწოდეს Online სასწავლო პლატფორმების zoom-ის და google meet-ის გამოყენების გზამკვლევები, ასევე დამხმარე ვიდეო მასალა. ამ მასალის გამოყენებით ეროვნულმა სასახლემაც უმოკლეს დროში შეძლო სასწავლო პროცესის აღდგენა Online რეჟიმში (გაცილებით ადრე, ვიდრე სკოლები განაახლებდნენ სასწავლო პროცესს). გარდა სასწავლო პროცესისა, ეროვნულ სასახლეში აქტიურად მიმდინარეობს ტექნოლოგიური სიახლეების დანერგვა ადმინისტრირების კუთხით. ჩვენ გადავედით მოსწავლეთა მიღება-რეგისტრაციისა და აღრიცხვიანობის Online ფორმაზე, რაც მოსწავლეებისთვის და მათი მშობლებისთვის საკმაოდ აადვილებს სასახლის წრეებზე დარეგისტრირებას. სწავლების შეუფერხებლად წარმართვისთვის ძალზე მნიშვნელოვანია, იმ თანამშრომლებმა, რომლებიც ჩართული არიან მოსწავლეთა მიღებისა და წრეებზე გადანაწილების პროცესში, დროულად შეძლონ ელექტრონული ფორმით მიწოდებული ინფორმაციის დამუშავება. სწორედ ამიტომ, გადავწყვიტეთ თანამშრომლებისთვის კვალიფიკაციის ამაღლება თანამედროვე საოფისე ტექნოლოგიებში. ამ შემთხვევაშიც, თქვენმა უნივერსიტეტმა შემოგვთავაზა საუკეთესო პირობები და ჩვენს მოთხოვნებზე მორგებული ტრენინგ-კურსი. მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის 20-მა თანამშრომელმა (მიმართულებათა ხელმძღვანელებმა და კოორდინატორებმა) 2 კვირის მანძილზე სასიამოვნო გარემოში, კვალიფიციური ტრენერების დახმარებით გაიარეს სასწავლო კურსი, გაიღრმავეს ცოდნა და დახვეწეს თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენების პრაქტიკული უნარები. დიდი მადლობა ქართულ უნივერსიტეტს. იმედი მაქვს ჩვენი თანამშრომლობა მომავალშიც ნაყოფიერად გაგრძელდება.


ტრენინგის დასრულების შემდეგ მონაწილეებმა თავიანთი შთაბეჭდილებები გაგვიზიარეს.


უცხო ენების მიმართულების ხელმძღვანელი ცაბუ პატარიძე - პროექტში მონაწილეობა ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რადგან 21-ე საუკუნეში ტექნოლოგიების გარეშე მუშაობა შეუძლებელია. ტრენინგები დაგვეხმარა არსებული ცოდნის განმტკიცებასა და ახლის შეძენაში. მადლობა ჩვენს ტრენერებს, რომლებიც ტრენინგების მსვლელობის დროს მაქსიმალურად ცდილობდნენ, გასაგებად მოეწოდებინათ ჩვენთვის პროექტის ფარგლებში გათვალისწინებული ასათვისებელი მასალა.


გრიგოლ ჩიგოგიძე, სტუდია პიონერფილმის ხელმძღვანელი – კინოსტუდიაში, რა თქმა უნდა, გვიწევს გადაღება-მონტაჟი და ვმუშაობთ შესაბამის პროგრამებში, მაგრამ ტრენინგების მსვლელობის დროს მქონდა შესაძლებლობა ამეთვისებინა დამატებითი პროგრამები. აღფრთოვანებული ვარ აქ არსებული გარემოთი და მატერიალურ-ტექნიკური ბაზით. ვისურვებდი, რომ ჩვენი სასახლეც რეაბილიტაციის შემდგომ იყოს ისეთივე სასიამოვნო, კომფორტული და შესაბამისი ინვენტარით აღჭურვილი, როგორიც ქართულ უნივერსიტეტშია.


კახა ცაბაძე, მუსიკალური მიმართულების ხელმძღვანელი – დიდი მადლობა ბატონ პაატა გოგიშვილს იმ ძალისხმევისთვის, რაც ჩვენთან მუშაობის დროს გასწია. აღფრთოვანებული ვარ აქ არსებული გარემოთი, რომელმაც კიდევ უფრო სასიამოვნო გახადა ჩვენი სამუშაო პროცესი. დიდი მადლობა SANGU-ს და პროექტის განხორციელებაში ჩართულ პროფესურას, აქ შეძენილი ცოდნა დამეხმარება თანამდებობრივ, ყოველდღიურ საქმიანობაში.


SANGU ტრენინგის ყველა მონაწილეს წარმატებებს უსურვებს.

გააზიარე

მთარგმნელ-თარჯიმანთა უმაღლესი სკოლა

Learn More

სწავლის შეღავათიანი პირობები

აირჩიეთ SANGU პირველ, მეორე ან მესამე ნომრად და ისარგებლეთ ფინანსური მხარდაჭერით
Learn More

მასწავლებლის მომზადების 60 კრედიტიანი პროგრამა

მასწავლებლის მომზადების 60 კრედიტიანი პროგრამა
მეტის ნახვა