დღევანდელ ინტერვიუში ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და სამართლის სკოლის, ფილოლოგიის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტს, ვიკა დულარიძეს გაგაცნობთ. - “სანამ SANGU-ში ჩაბარებას გადავწყვეტდი, ვეძებდი უნივერსიტეტს, რომელიც არა მხოლოდ აკადემიურ ცოდნას, არამედ ღირებულებებზე დაფუძნებულ გარემოსაც შემომთავაზებდა. სამი წლის შემდეგ თამამად ვამბობ, რომ ჩემი არჩევანი სწორია. SANGU-ში მიღებული განათლება და მხარდაჭერა ჩემთვის არა მხოლოდ პროფესიული, არამედ პიროვნული განვითარების გზაც გახდა.“
ვიკა მოგესალმები!
მოგესალმებით
გვიამბე, როგორ გაიგე SANGU-ს შესახებ და რატომ გადაწყვიტე სწავლის გაგრძელება სწორედ აქ?
SANGU-ს შესახებ პირველად სკოლაში სწავლის დროს შევიტყვე. იმ პერიოდში აქტიურად ვეძებდი უნივერსიტეტს, რომელიც ჩემს ინტერესებს, ღირებულებებსა და მომავალ პროფესიულ გეგმებს დაემთხვეოდა. როდესაც SANGU-ს შესახებ მეტი ინფორმაცია მივიღე - მისი მისია, ხედვა და ის, თუ როგორ ასოცირდება უნივერსიტეტი ეკლესიასთან - დავინტერესდი და უფრო სერიოზულად დავიწყე განხილვა. ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო, უნივერსიტეტი ყოფილიყო ადგილი, სადაც განათლების მიღებასთან ერთად ადამიანური ღირებულებების დაცვა, ეროვნული ფასეულობების პატივისცემა და პიროვნული ზრდაც შესაძლებელი იქნებოდა. სწორედ ამ ყველაფრის ნაზავი ვნახე SANGU-ში. აქ მინდოდა მიმეღო სიღრმისეული ცოდნა და მეპოვა გარემო, რომელიც ხელს შეუწყობდა ჩემს აკადემიურ და სულიერ განვითარებას. სწორედ ამიტომ მივიღე გადაწყვეტილება, გამეგრძელებინა სწავლა SANGU-ში. ეს იყო გაცნობიერებული არჩევანი, რომელსაც არასდროს ვინანებ.
უნივერსიტეტის შერჩევისას რომელი კრიტერიუმები იყო შენთვის მთავარი და როგორ მიიღე საბოლოო გადაწყვეტილება?
უნივერსიტეტის შერჩევისას ჩემთვის მთავარი კრიტერიუმი იყო განათლების ხარისხი და პროგრამის შინაარსი. მინდოდა საფუძვლიანად მესწავლა არჩეული სპეციალობა და მიმეღო ის ცოდნა და უნარები, რომლებიც მომავალში პროფესიონალად ჩამომაყალიბებდა. ასევე დიდ ყურადღებას ვაქცევდი ლექტორთა კადრებს - მაინტერესებდა, ვინ იქნებოდნენ ადამიანები, ვისგანაც სწავლის პროცესში გამოცდილებას და ცოდნას მივიღებდი. არანაკლებ მნიშვნელოვანი იყო სასწავლო გარემო, თანამედროვე, სტუდენტზე ორიენტირებული. საბოლოო გადაწყვეტილება კი მას შემდეგ მივიღე, რაც დეტალურად გავეცანი SANGU-ს მიერ შემოთავაზებულ პროგრამას, დავესწარი ღია კარის დღეს და პირადად შევხვდი ლექტორებსა და აკადემიურ პერსონალს. ამან კიდევ უფრო გამიმყარა რწმენა, რომ ეს უნივერსიტეტი სწორედ ის იყო, რასაც ვეძებდი.
როდესაც არჩევანს SANGU-ზე აჩერებდი, ალბათ გარკვეული მოლოდინები გექნებოდა - როგორ აფასებ ამ მოლოდინების რეალიზებას?
როდესაც SANGU ავირჩიე, მქონდა იმედი, რომ ეს იქნებოდა ის სივრცე, სადაც არამხოლოდ აკადემიური ცოდნის მიღებას შევძლებდი, არამედ პიროვნულადაც განვვითარდებოდი. მოლოდინი მქონდა, რომ დამხვდებოდა თბილი და მეგობრული გარემო. ვფიქრობდი, რომ ეს უნივერსიტეტი ხელს შეუწყობდა ჩემი ინტერესების რეალიზებასა და პროფესიულ განვითარებას, განსაკუთრებით ფილოლოგიის მიმართულებით. სამი წლის შემდეგ თამამად და სრული პასუხისმგებლობით შემიძლია ვთქვა, რომ SANGU-მ ნამდვილად გაამართლა ჩემი ყველა მოლოდინი. გულწრფელად შემიძლია ვთქვა, რომ სამი წლის წინ სწორი არჩევანი გავაკეთე და ეს არის არჩევანი, რომელსაც არასდროს ვინანებ.
ბევრ შრომას და მონდომებას სტიპენდიაც მოჰყვა, რაც ძალიან სასიხარულოა. რას ნიშნავს შენთვის ეს მიღწევა?
სტიპენდიის მიღება ჩემთვის ძალიან დიდი მნიშვნელობის მქონე მიღწევაა. ეს არ არის მხოლოდ მატერიალური მხარდაჭერა - ეს არის სიმბოლო იმისა, რომ შრომასა და მონდომებას მოსდევს წარმატება. ეს წარმატება ჩემთვის პასუხისმგებლობაა, რომ განვაგრძო კიდევ უფრო მიზანმიმართული განვითარება და არასდროს დავკმაყოფილდე უკვე მიღწეულით. სტიპენდია ჩემთვის ერთგვარი თავდაჯერების საფუძველიც გახდა — მან მაჩვენა, რომ იმ გზას, რომელსაც მივყვები, შედეგი მოაქვს. როდესაც იცი, რომ შენს ყოველდღიურ თავდაუზოგავ შრომას აუცილებლად ექნება შედეგი. ეს მიღწევა ჩემთვის წარმოადგენს ვალდებულებას, რომ შევინარჩუნო ის სტანდარტი, რომელმაც ამ წარმატებამდე მომიყვანა.
რატომ აირჩიე ფილოლოგია და როდის გააცნობიერე, რომ ამ სფეროში გსურდა შენი შესაძლებლობების განვითარება?
ფილოლოგიის არჩევანი ჩემთვის სრულიად ბუნებრივი და გულითადი გადაწყვეტილება იყო. ბავშვობიდან განსაკუთრებული სიყვარული მქონდა წიგნების მიმართ - სიტყვებში რაღაც განსაკუთრებულს ვხედავდი, თითქოს ყოველი ტექსტი ჩემთვის ახალი სამყარო იყო. სიამოვნებას მანიჭებდა არა მხოლოდ კითხვით მიღებული ემოციები, არამედ ამ ტექსტების შინაარსზე დაფიქრება, დეტალების გაცოცხლება და იმაზე ფიქრი, რას გვაძლევს სიტყვა ადამიანის არსების გასაგებად. სკოლაში განსაკუთრებულად მიყვარდა ქართული ენა და ლიტერატურა, რამაც კიდევ უფრო გამიღრმავა ფილოლოგიის მიმართ ინტერესი.
გარდა აკადემიური სწავლებისა, კიდევ რა აქტივობებში ან პროექტებში ხარ ჩართული უნივერსიტეტში ან მის ფარგლებს გარეთ?
ჩემთვის უნივერსიტეტი მხოლოდ სწავლა და ლექციებზე დასწრება არ არის - ეს არის ადგილი, სადაც შეგიძლია განავითარო შენი ინტერესები და იპოვო ის, რაც ნამდვილად გხდის მოტივირებულს. მართალია, ძირითადად აკადემიურ პროცესზე ვარ ორიენტირებული, თუმცა ამის მიღმაც ვცდილობ, აქტიურად ჩავერთო ისეთ საქმიანობებში, რაც დაკავშირებულია თვითგანვითარებასა და ცოდნის გაღრმავებასთან. ვმონაწილეობ ჯგუფურ პროექტებში, რაც არამარტო ცოდნის გაღრმავებაში მეხმარება, არამედ თანამშრომლობისა და გუნდურობის უნარებსაც მიორმაგებს.
რას ურჩევდი მათ, ვისაც სურს იყოს წარმატებული, მოტივირებული და რეალიზებული საკუთარ პროფესიასა თუ ცხოვრებაში?
ვურჩევდი, პირველ რიგში, საკუთარ თავს მოუსმინონ. ნამდვილი წარმატება მაშინ მოდის, როცა ადამიანი აკეთებს იმას, რაც უყვარს და რაშიც საკუთარ თავს ხედავს. არ არსებობს მარტივი გზა, ყველგან საჭიროა ძალისხმევა, მაგრამ თუ გზას გულისხმიერად და თავდაჯერებულად მიჰყვები, შედეგი აუცილებლად იქნება. მნიშვნელოვანია, რომ სჯეროდეთ საკუთარი შესაძლებლობების და დააფასონ მცირედი წარმატებები, რადგან დიდი წარმატება ყოველთვის მცირედიდან იწყება. რეალიზაცია არ ნიშნავს მხოლოდ გარეგნულ მიღწევებს — ის შინაგანი კმაყოფილებაა იმით, რაც ხარ და რასაც ქმნი. მთავარია სრული პასუხისმგებლობითა და საკუთარი თავის რწმენით მიყვნენ საკუთარ მიზანს.
დიდი მადლობა, წარმატებებს გისურვებ.
გმადლობთ.
მოამზადა ნინო აბრამიშვილმა
ფოტო - ნუგზარ შონია