2025 წლის 2 ოქტომბერს საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიისა და „ჰორიზონტი ევროპა“ საქართველოს ეროვნული ოფისის ორგანიზებით გაიხსნა საერთაშორისო კონფერენცია „განათლება და მეცნიერება ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში: ინოვაციები, კვლევები და საერთაშორისო თანამშრომლობა“.
კონფერენციაში მონაწილეობა მიიღო საქართველოს საპატრიარქოს წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა ირაკლი ბრაჭულმა. რექტორმა ისაუბრა უნივერსიტეტთა სტრატეგიულ ხედვებზე და ხელოვნური ინტელექტის განვითარების მნიშვნელობაზე.
დამსწრეებს ასევე სიტყვით მიმართა სანგუს საჯარო მმართველობის სამაგისტრო პროგრამის ხელმძღვანელმა, პროფესორმა პაატა ტურავამ.
კონფერენცია ორდღიანია. 3 ოქტომბერს, სანგუს რექტორის მრჩეველი, ლუკა კურდღელია წარსდგება მოხსენებით თემაზე: „ხელოვნური ინტელექტის დანერგვა წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში: გამოცდილება და გამოწვევები“.
ასეთი ტიპის საერთაშორისო კონფერენციები მნიშვნელოვანი პლატფორმაა უნივერსიტეტებისთვის, მკვლევრებისთვის და პოლიტიკის შემმუშავებლებისთვის. ისინი ხელს უწყობს გამოცდილებისა და ინოვაციური მიდგომების გაცვლას, კვლევისა და განათლების სფეროში ახალი თანამშრომლობების ჩამოყალიბებას და ქვეყნის ინტელექტუალური პოტენციალის გაძლიერებას გლობალურ კონტექსტში.