2025 წლის 7 ივნისს, წმ. ანდრიას ქართულ უნივერსიტეტში გაიმართა საჯარო ლექცია თემაზე: „დამხმარე ტექნოლოგიები – გზა მეტი დამოუკიდებლობისკენ“.
ლექცია წაიკითხა ქალბატონმა მარიამ გელაშვილმა, თანამედროვე ტექნოლოგიების სპეციალისტმა, კომპანია „ქონსორთ ჯორჯიას“ დამფუძნებელმა და SANGU-ს მოწვეულმა ლექტორმა.
მომხსენებელმა დამსწრე საზოგადოებას გააცნო შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის განკუთვნილი კომუნიკაციის დამხმარე ტექნოლოგიები და კომპიუტერულ სისტემებთან წვდომის ინოვაციური გადაწყვეტები. განხილული იყო, თუ როგორ უწყობენ ხელს მსგავსი ტექნოლოგიები იმ პირებს, რომელთაც კომუნიკაციის, გარემოზე ხელმისაწვდომობისა და ციფრულ რესურსებთან ურთიერთობის სირთულე აქვთ.
ლექციაში აღინიშნა, რომ დამხმარე ტექნოლოგიები საერთაშორისო დონეზე აღიარებულია, როგორც ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური საშუალება შშმ პირთა შესაძლებლობების გაძლიერებისთვის, განსაკუთრებით განათლებაში, პროფესიულ ცხოვრებასა და საზოგადოებრივ ჩართულობაში.
ღონისძიება აერთიანებდა თეორიულ ნაწილსა და პრაქტიკულ დემონსტრაციას, მონაწილეებმა ადგილზე იხილეს კონკრეტული ტექნოლოგიური საშუალებები და იმსჯელეს მათი დანერგვის შესაძლებლობებზე ქართულ საგანმანათლებლო სივრცეში არსებული საჭიროებების პასუხად.
ლექცია განკუთვნილი იყო სპეციალური მასწავლებლებისთვის, საგნის პედაგოგებისთვის, მეტყველების თერაპევტებისთვის, მშობლებისთვის, სტუდენტებისთვის და ყველა იმ ადამიანისთვის, ვინც დაინტერესებულია ინკლუზიური განათლების პრაქტიკითა და თანამედროვე ტექნოლოგიური მიდგომებით.