2026 წლის 27 მაისს საქართველოს საპატრიარქოს წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში (სანგუ) თბილისის მეორე საერთაშორისო კიბერუსაფრთხოების კონფერენცია გაიმართა.
ღონისძიება ჩრდილოეთ კენტუკის უნივერსიტეტთან (Northern Kentucky University, USA) პარტნიორობით ჩატარდა და საქართველოში კიბერუსაფრთხოების, ტექნოლოგიებისა და საერთაშორისო აკადემიური თანამშრომლობის მიმართულებით ერთ-ერთ მნიშვნელოვან საერთაშორისო პლატფორმად იქცა.
კონფერენცია გახსნეს სანგუს ვიცე-რექტორმა, პროფესორმა არჩილ ყანჩაველმა და ჩრდილოეთ კენტუკის უნივერსიტეტის ინფორმატიკის კოლეჯის დეკანმა, პროფესორმა კევინ ჯ. კირბიმ. ღონისძიებაში მონაწილეობდნენ ქართველი და უცხოელი ექსპერტები, აკადემიური სფეროს წარმომადგენლები, საჯარო და კერძო სექტორის ლიდერები, მკვლევრები და სტუდენტები.
კონფერენციის ფარგლებში გაიმართა ხუთი თემატური სესია, რომლებიც მიეძღვნა აკადემიურ სფეროსა და კიბერუსაფრთხოებას, ხელოვნური ინტელექტისა და ციფრული უსაფრთხოების საკითხებს, კერძო სექტორის როლს კიბერუსაფრთხოების განვითარებაში, ქალების ჩართულობას კიბერუსაფრთხოების სფეროში, ასევე ღია მიკროფონის ფორმატში წარმოდგენილ კვლევით პრეზენტაციებს.
სესიების ფარგლებში მონაწილეებმა განიხილეს კიბერუსაფრთხოების სფეროში არსებული თანამედროვე გამოწვევები, ხელოვნური ინტელექტის განვითარებასთან დაკავშირებული შესაძლებლობები და რისკები, საერთაშორისო თანამშრომლობის მნიშვნელობა, კიბერუსაფრთხოების განათლების განვითარება და კერძო სექტორის გამოცდილება. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო აკადემიური და პროფესიული თანამშრომლობის გაღრმავებასა და ახალი პარტნიორული შესაძლებლობების შექმნას.
კონფერენცია ასევე წარმოადგენდა სანგუსა და ჩრდილოეთ კენტუკის უნივერსიტეტს შორის მრავალწლიანი წარმატებული თანამშრომლობის კიდევ ერთ მნიშვნელოვან ეტაპს. აღნიშნული პარტნიორობის ფარგლებში უნივერსიტეტები ერთობლივად ახორციელებენ ქართულ-ამერიკულ საგანმანათლებლო პროგრამას კიბერუსაფრთხოების მიმართულებით და აქტიურად თანამშრომლობენ კვლევისა და საერთაშორისო აკადემიური განვითარების საკითხებზე.
თბილისის საერთაშორისო კიბერუსაფრთხოების კონფერენცია სანგუს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საერთაშორისო ინიციატივაა, რომელიც ხელს უწყობს კიბერუსაფრთხოების სფეროში აკადემიური, პროფესიული და საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერებას. კონფერენცია უნივერსიტეტის ინტერნაციონალიზაციის პოლიტიკის მნიშვნელოვანი ნაწილია და კიდევ უფრო აძლიერებს სანგუს საერთაშორისო პოზიციონირებას რეგიონში.
ღონისძიება მომავალშიც ყოველწლიურად გაიმართება და საერთაშორისო პროფესიული დიალოგის, კვლევითი თანამშრომლობისა და გამოცდილების გაზიარების მნიშვნელოვან პლატფორმად დარჩება.