ქართული ფოლკლორის სამეცნიერო კვლევითი ცენტრი საქართველოს საპატრიარქოს წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტის ბაზაზე 2010 წლის დეკემბერში დაარსდა და ჩამოყალიბდა, როგორც უნივერსიტეტის სრულფასოვანი სამეცნიერო-კვლევითი ერთეული.
ცენტრის მიზანია მრავალსაუკუნოვანი ქართული ზეპირსიტყვიერების დღემდე სათანადოდ შეუსწავლელი საკითხების წინ წამოწევა, კვლევა და პოპულარიზაცია; არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ულევი „მარაგიდან“ იმ მხატვრული თავისებურებებისა თუ რწმენითი პლასტების აქცენტირება, რომელთა გათვალისწინების გარეშე შეუძლებელია ქართველთა მსოფლმხედველობის ერთიანი სურათის შემუშავება.
ცენტრის ამოცანები:
- საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ (საინგილო, იმერხევი, ფერეიდანი...) აქამდე უცნობი ხალხური სიტყვიერების ნიმუშთა მოძიება, ჩაწერა, თემატურ-ჟანრობრივი კლასიფიკაცია და შესწავლა.
- შეგროვილი მასალის გამოყენებით მონაცემთა ბაზის შექმნა.
- ქართული ზეპირსიტყვიერების ადგილისა და ფუნქციის განსაზღვრა ინტეგრაციისა და გლობალიზაციის საყოველთაო პროცესების პირობებში.
- ქართული ფოლკლორის ენციკლოპედიური ლექსიკონის მომზადება.
- ეროვნული სიტყვიერების მხატვრულ-შემეცნებითი ღირებულების გაცნობა (შესაძლებლობის ფარგლებში) უცხოელ სპეციალისტთა და დაინტერესებულ პირთათვის.